ისევ დაიგვიანა გაკვეთილზე. აქოშინებული შევარდა კლასში და ყველაზე უარესისთვის მოემზადა. ეს უარესი კი თმის მოქაჩვა და საგულდაგულოდ დაყენებული "ოქტომბრული" ვარცხნილობის დაშლაა. გადაპრანჭულმა, კაკუნაფეხსაცმლიანმა მასწავლებელმა სათვალე ცხვირზე ჩამოიწია და პოლევშიკოვასკენ გაემართა. ნატაშა შემოტევისთვის მორალურად მოემზადა.
- პოლევშიკოვა, არ იცი, გაკვეთილი რომელ საათზე იწყება? სად ხარ აქამდე ან სად დადიხარ? - მოკლედ, თუ რამე სალანძღავ-დამამცირებელი გამოთქმა ეგულებოდა არსენალში, ყველა გამოიყენა.
- მოდის ჟურნალებს ათვალიერებს საგაზეთო ჯიხურებთან, მასწ, გზადაგზა - ჩაუშვა ვლასოვმა.
- რა დროს შენი მოდაა, - ისევ აკაკანდა მასწავლებელი. მერე კი ნატაშას თმაში წაავლო ხელი და დიდხანს აბზრიალა.
- ეს გაფრთხილება იყო. მომიტანე დღიური, - ამოღერღა ბოლოს და თავისი მაგიდისკენ წავიდა, თან ამდენი წრიული მოძრაობით ზემოთ აცოცებულ სინთეტიკური ქსოვილისგან შეკერილ კაბას იწევდა ქვემოთ. ისეთი სახე ჰქონდა, გეგონება, გამძვინვარებულ ვეფხვთან მოუწია შებრძოლებამო.
მერე კი ჟურნალში მსუქანი "არა", დღიურში კი, ყოფაქცევა - 2 ჩაწერა.
ისე, ნატაშა კარგად სწავლობს. ძალიან კარგადაც კი. უბრალოდ, ძალიან მოსწონს პრიალა ჟურნალების გარეკანზე დაბეჭდილი ლამაზი გოგონების ფოტოების თვალიერება და რა ქნას. თვითონაც უნდა ჟურნალის გარეკანზე მოხვედრა.
ხშირად წარმოიდგენს ხოლმე საკუთარ თავს მათ ადგილას. აი, ამ ოცნებაშია, დრო რომ გადის და გაკვეთილზე თითქმის ყოველდღე აგვიანებს. მერე სკოლაში დედას ან მამას იბარებენ, ნატაშაც თავს იძვრენს, ავტობუსი აგვიანებს და ამიტომაც ვერ მოვდივარ ხოლმე დროზეო.
- "რანო ნადო ვსტავატ", - იმეორებს მასწავლებელი ერთსა და იმავეს აგერ უკვე მერამდენედ და ნატაშაც ყოველთვის ჰპირდება: "პოსტარაიუს".
წელს ნატაშა 14 წლის გახდა. ძალიან გალამაზდა და ტანიც აიყარა. ოღონდ ერთი რამ არ შეცვლილა - ისევ ძველებურად აგვიანებს გაკვეთილზე. ისევ და ისევ მოდური ჟურნალებისკენ გაურბის თვალი.
ახლა ნატაშას დაგვიანებაზე არავინ ტუქსავს. პირველი გაკვეთილი ფიზკულტურა აქვს ან სამხედრო აღზრდა.
იმ დღესაც ჩვეულებრივ დაიგვიანა სკოლაში. არავის დაუსჯია. ბოლო გაკვეთილზე მთელი კლასი გაიპარა და ნატაშას რა გააჩერებდა მარტოს? ოღონდ ასე ადრე სახლში ვერ მივიდოდა, დედა დასჯიდა, ჰოდა, ისიც ბიძაშვილ ანიას ესტუმრა სალაქლაქოდ. ანია სარკის წინ იჯდა და საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.
- თმა მარჯვნივ ჩამოიყარე, ფეხი გაასწორე. ფეხი-მეთქი, ფეხიიიიიიიიიიი. არ გესმის? ხელი როგორ გაქვს? ჰო, აი ასე, საყვარელო. აბა, გაიღიმე ახლა და მზადაა. მე კი არ გამიღიმო, კამერას გაუღიმე.
მერე რა, ჩიტი გამოფრინდება? - ისევ საკუთარ თავს დაუსვა შეკითხვა.
რატომ ხართ მოდელები ასეთი სულელები. ჩიტი არა, არწივი!
ანია ისე შეიჭრა როლში, რომ ოთახში შემოსული ნატაშა ვერც კი შეამჩნია.
- შენ რა, გაგიჟდი? - სიცილი ვერ შეიკავა ნატაშამ.
- გავგიჟდი, არა?
ანია ნელ-ნელა გონს მოვიდა.
- დახედე ერთი ამ გაზეთს, - იატაკზე "პერმსკიე ნოვოსტი" ეგდო. წინა გვერდზე კი საგანგებოდ, შემდეგი განცხადება გამოეჭიმათ:
"მოგწონს საკუთარი გარეგნობა? გინდა, მომავალში სხვაც დატკბეს შენით? 13-დან 17-წლამდე ხარ? ტანადი, თვალადი და ა.შ. (ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი რამ ჰქონდათ ჩამოთვლილი), მაშინ ეს განცხადება შენთვისაა. სამოდელო სააგენტო Why not, New Models Today -ს კონკურსში მონაწილეობისთვის გიწვევს".
- რატომაც არა, - გაუბრწყინდა თვალები ნატაშას.
- რა, რატომაც არა. - ვერ მიხვდა ანია.
- წავედით.
- სად?
- კონკურსზე.
- შენ რა, ხუმრობ?
- არა.
სწორადაც მოიქცა, რომ წავიდა. მოეწონათ, გაიმარჯვა და პერმიდან მოსკოვში გადაბარგდა, მოსკოვიდან მილანში.
- პოლევაშჩ...ჩჩ კოვ.... - ენა დაებათ პარიზში.
- Pole, - მოუჭრა ნატაშამ მოკლედ. - My name is Natasha Pole.
ნატაშა სამოდელო ბიზნესში მაშინ გამოჩნდა, როდესაც ბრაზილიელი მოდელების ბუმი დასრულდა და ჯერი რუსებზე მიდგა. გაუმართლა. პირველი კონტრაქტი Alberta Feretti-სთან გააფორმა და პირველი ჰონორარით კომპიუტერი იყიდა, ცოტა ხანში კი ბინა ნიუ-იორკში.
- აბა, აწი რაში გჭირდება შენ სწავლა, - დედამ გარეცხილი ჭურჭელი ხმაურით ჩააგდო საშრობში და დიდ ქვაბს მიადგა. - ატესტატიც არ აგიღია და ამაზე ალბათ, არც ფიქრობ.
- ვფიქრობ. ხვალვე მივალ სკოლაში და აღდგენას ვთხოვ.
- გამაცინე რა, მერე პარიზიდან პერმში ივლი გაკვეთილებზე?
- ვივლი.
მართლაც ასე მოიქცა. ფოტოსესიებს შორის შუალედებში პერმში ჩადიოდა და სკოლისკენ გარბოდა. იქ გაუგეს. ერთიანად იბარებდნენ გაკვეთილებს ნატაშასგან. დედაც სულ კუდში დასდევდა, სანამ 18 წელი არ შეუსრულდა.
- კარგია ცნობილი შვილის ყოლა, - ამაყობს დედა ნატაშათი მეზობელ ქალებთან.
- შენი ნატაშა, ალბათ ზღაპარში ცხოვრობს, არა? - თვალს უკრავენ ერთმანეთს ქალები და კითხვას კითხვაზე აყრიან.
ნატაშას დედა თავმდაბალი ქალია, არ უყვარს ჭორაობა, მაგრამ ეს აბეზარი მეზობლები პაპარაცებივით ხვდებიან სადარბაზოსა და გასტრონომში და გასაქანს არ აძლევენ.
- აბა, რა გითხრათ. ჩემი ნატაშა უბრალო გოგოა. სულ მუშაობს. მასთან რომ ვიყავი ჩასული, მთელ დღეებს თითქმის მარტო ვატარებდი, არ ეცალა ჩემთვის. ღამით გვიან მოდიოდა და იძინებდა.
- უყურე ერთი, ერთობა ალბათ მთელი დღეები და ამას ეუბნება, ვმუშაობო.
- აბა, რას ეტყვის დედას.
- თაყვანისმცემელიც ბევრი ეყოლება.
- აბა, აბა. My name is Natasha Poly
ნატაშა კი მართლა ძალიან ბევრს მუშაობს და ცოტას ერთობა. კარგი რეპუტაცია აქვს. თაყვანისმცემელიც ბევრი ჰყავს, ოღონდ მათზე არავისთან საუბრობს. ახლა მისი გული დაკავებულია. ერთი ჩვეულებრივი, ევროპელი ბიჭია.
შესაძლოა ვიკონტია ან ბარონი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ოლიგარქი, როგორც ამას მისი პერმელი ჭორიკანა მეზობლები ამტიცებენ.
ჟურნალი "ბომონდი"
ქეთი ნიკოლავა