ამონაწერი ლილის დღიურიდან - Keep me smile
მე მქვია: ლილი მონიკა დონალდსონი, მაგრამ უბრალოდ, ლილის მეძახიან.
დავიბადე: 1987 წლის 27 ივნისს, ლონდონში.
ვცხოვრობ: ნიუ-იორკში.
ჩემი პარამეტრებია: 83-63-89
სიმაღლე: 1.78 სმ.
ჩემი სააგენტოა: IMG
თვალები: ლურჯი.
თმა: ქერა.
მამა და მე
- მამაჩემი, მეთიუ, ფოტოგრაფია. ჰოდა, როგორც კი სამყაროს აღქმა დავიწყე, პირველი, რაც დავინახე, სათვალიანი, მოღიმარი მამაკაცი იყო, დიდი ფოტოაპარატით ხელში, რომელიც სულ ჩხაკუნით მივლიდა გარს.
ხან პიანინოზე შემომსვამდა, ხან მაგიდაზე ამსვამდა. დედა, ტიფანი სულ ეჩხუბებოდა მამას, ბავშვს თავი დაანებეო, მაგრამ მამა იხტიბარს არ იტეხდა, ამაზე უკეთესს აბა, ვის უნდა გადავუღო სურათებიო. მერე დედა და მამა დაშორდნენ.
მე, დედა და ჩემი პატარა და კამდენში, ლონდონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გადავედით საცხოვრებლად. ამის შემდეგ მამას მხოლოდ უიკ-ენდზე თუ ვნახულობდი. ფოტოაპარატაკიდებული გამომივლიდა და მივყავდი პარკში, კაფეში, ტემზაზე, ნაყინის საჭმელად და სურათების გადასაღებად.
სულ მიმეორებდა, მოდელი გამოხვალო, მაგრამ მე არ მჯეროდა მისი. საშინლად არ მომწონდა საკუთარი თავი და მასწავლებლობა მინდოდა.
კამდენ სქული
- ჩემს სკოლაში მხოლოდ გოგონები სწავლობდნენ. ეს სკოლა 1871 წელს სუფრაჟისტმა ქალმა, ფრენსის მერი ბასმა დააარსა. ჩემს სახლთან ახლოს რომ იყო, იმიტომ მიმიყვანა დედამ იქ.
მამას არ მოსწონდა ჩემი სკოლა, - პოტენციურ შინაბერებად გზრდიან ფრიგიდული მისებიო, - მეხუმრებოდა. მთელ დღეებს სკოლაში ვატარებდი. რა მოდა, რის პოდიუმი, თითოეული ჩვენგანი მასწავლებლობაზე ან მედდობაზე ოცნებობდა.
შაბათ-კვირას კი მეგობრებთან ერთად კამდენის ბაზრობაზე დავეხეტებოდი. ათას ლამაზ რამეს იპოვი იქ - კაბებს, ხის სამკაულებს, ჩანთებს. ჰოდა, იქ მოხდა, რაც მოხდა.
2003 წელი, კამდენის ბაზრობა. მხოლოდ 16 წლის ვარ.
- გოგონა, მოდელობა არ გინდა? - მკითხა ვიღაც სათვალიანმა კაცმა. თავი ავარიდე, უცხოებს არ გამოელაპარაკოთო, კამდენ-სქულში გვასწავლეს.
- სად გარბიხარ, გოგონა, მე არ გეხუმრები.
მოდელობა როგორ არ მინდოდა, მაგრამ მეგონა, უცნობი მეხუმრებოდა. მე ხომ შეუხედავი ვიყავი - აწოწილი და გამხდარი.
- აი, ეს გამომართვი და ხვალ ჩემთან სტუდიაში მოდი. ფოტოგენურობაზე შეგამოწმებ, - მითხრა უცნობმა და ხანგრძლივი ქექვის შემდეგ, უზარმაზარი ჩანთიდან სავიზიტო ბარათი ამოაძვრინა. Bertold B. Select Model Agency/scout. სერიოზულად ჟღერს. წავიდე, არ წავიდე, წავიდე - არ წავიდე...
- წადი, - მითხრა დედამ და წავედი.
პირველად პოდიუმზე
- პოდიუმზე პირველად 2004 წელს გავედი, ოღონდ ვისი ჩვენება იყო, არ მახსოვს. ძალიან მეშინოდა და 1 საათით დავიგვიანე. მერე კი, იმის ნაცვლად, რომ მაკიაჟი გამეკეთებინა, დოინჯშემორტყმულმა წინ და უკან სიარული დავიწყე და ვიზაჟისტს ვეკითხებოდი, ერთი შემომხედე, როგორ დავდივარ-მეთქი.
მან კიდევ ბევრი იცინა ჩემზე და როცა დამინახავს, დღემდე იცინის. ნეტავ, ვისი ჩვენება იყო? თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.
მარიო
- მარიო ტესტინო, ჩემი უსაყვარლესი ფოტოგრაფია. მან გადამიღო პირველად "ვოგის" ყდისთვის და ეს 2004 წელს მოხდა. 2005 წელს კი ბრიტანეთის მოდის აკადემიამ, წლის მოდელის ნომინაციაზე წარმადგინა, მაგრამ.... კარენ ელსონმა გაიმარჯვა.
სულაც არ მწყენია, მერე რა. სამაგიეროდ ამის მერე წავიდააააა... ჩემი ნამდვილი სამოდელო ცხოვრება. LV, Givenchy, Oscar de la Renta, Dior, Burberry და კრისტოფერ ბეილის შემოთავაზება, Burberry-ს სახე გახდიო.
სიხარულით გავგიჟდი. სარეკლამო კამპანიას რიჩმონდში ვიღებდით, ორანჟერეაში და ჩემი პრინციც იქ გავიცანი.
- ვლადიმირს გაუმარჯოს, - მარიომ ფოტოაპარატი ლამის ხელიდან გააგდო და ახალგაზრდა, მწვანეთვალება მამაკაცისკენ
გაემართა.
- რა ბიჭია, ნახე - აფუსფუსდნენ ფოტოსესიაში დაკავებული მოდელები და ღაწვები აეწვათ.
- ვლადიმირ რესტოინ როტფელდი, ჩემი ნათლული, - სიამაყით წარმოგვიდგინა მარიომ სტუმარი.
- ბონჟურ, - თვალი ჩაგვიკრა ვლადმა.
- ჰელოუ, ჰაი, გუდ მორნინგ, მესიე, - წვიმასავით წამოვიდა მისალმებები. მე ხმა არ ამომიღია. ეტყობა, ვლადმა ეს შეამჩნია და გადაღების მერე ორანჟერეადან გამოსულს უკან დამედევნა.
- ლატე დავლიოთ.
პასუხი არ გამიცია.
- კაპუჩინო?
- კოლა?
- ფრეში?
- მარტინი...
სანამდე გააგრძელებს, ნეტა? თავი მომაბეზრა და დავთანხმდი. 5 წუთს დაგითმობ-მეთქი, ვუთხარი და ეს 5 წუთი 2 დაუვიწყარ წლად მექცა.
მისი უდიდებულესობა ვლადიმირ რესტოინ როტფელდი
- ვლადიმირი - მოდის სამყაროს ნამდვილი პრინცი, ფრანგული "ვოგის" რედაქტორის, კარინ როტფილდის შვილი და მარიო ტესტინოს ნათლული. ნიუ-იორკის კინოსკოლა აქვს დამთავრებული, მაგრამ დედის გადამკიდე, დღე და ღამე მოდის სამყაროში ტრიალებს, სადაც ერთ კვადრატულ მეტრზე, ყველაზე მეტი "ბოტოქსიანი" სახე მოდის.
კიდევ, ვლადი ფოტოგამოფენების ორგანიზებით არის დაკავებული და ზოგჯერ მოდელობს კიდევაც. იგი დღის უმეტეს ნაწილს წვეულებებზე ატარებს და ხმაურიანი ცხოვრება მოსწონს. მე კი, პიკნიკი მირჩევნია და ბუნებაში ყოფნა. მანქანაში ყოველთვის მიდევს ნატურალური თაფლი და ობიანი, ცისფერი ყველი.
მომშივდება თუ არა, იქვე ვიკეთებ ბუტერბროდებს და გეახლებით, ამაზე ჩემი მძღოლი ბევრს იცინის. ვლადიმირიც მივაჩვიე მანქანაში "სადილობას".
ჩემმა პრინცმა მიმატოვა
- ეს ამბავი სულ რამდენიმე თვის წინ მოხდა. ჩემს სახლში ვიყავი ნიუ-იორკში და დილით შოკოლადის ნამცხვრის საჭმელად წავედი კაფეში. გზად საგაზეთო ჯიხურს ჩავუარე და რას ვხედავ: რომელიღაც ყვითელი გაზეთის პირველ გვერდზე სტატია გამოუჭიმავთ: "მოდელი ლილი დონალდსონი ოლიმპიურ ჩემპიონს, მოცურავე მაიკლ ფელპსს ხვდება".
აი, პირველად მაშინ ვიჩხუბეთ მე და ვლადიმირმა და ის ჩემი ცხოვრებიდან გაქრა. ვერაფრით დავაჯერე, რომ საერთოდ არ ვიცნობ იმ უზარმაზარ მოცურავეს. მან ჩემი მოსმენა არც კი მოინდომა. ალბათ მოვბეზრდი, რას გაუგებ, ის ხომ ნამდვილი პრინცივით იქცევა.
ყოველთვის თავნებაა და ამაყი. ახლა მე სრულიად მარტო ვარ ამ უზარმაზარ სამყაროში და ჩემი უზარმაზარი ბინის ფანჯრიდან საღამოობით უზარმაზარ მთვარეს ვუმზერ, უზარმაზარი, სევდიანი თვალებით.
ამ დროს ასტრონავტობა მინდება ხოლმე. გავფრინდები კოსმოსში და იქიდან გადმოვხედავ დედამიწას, რომელიც ალბათ, სულაც არ მომეჩვენება უზარმაზარი.
ვინ ვარ ახლა მე? ლილი. ჰო, კიდევ? კიდევ... სუფთა ტილო, რომელზეც იქმნება დიდი მოდა. მაგრამ თუ მხოლოდ და მხოლოდ ტილოდ დავრჩები, შორს ვერ წავალ. განვითარებისთვის პერფომანსის შექმნაა აუცილებელი. ეჰ, მარტოობამ რომანტიკოსად მაქცია. ძალიან ბევრს ვყბედობ.
P.S. დღეს, სანამ ამ ჩანაწერის გასაკეთებლად მოვიცლიდი, ისეთი რამ შემემთხვა, რომ ცოტა გავხალისდი. ინტერვიუ უნდა მიმეცა ერთი გამოცემისთვის და ჟურნალისტს შეხვედრა ერთ პატარა კაფეში დავუთქვი.
აზრადაც არ მომსვლია გამოვპრანჭულიყავი. სკოლის დროინდელი მაისური და ოდნავ ლანჩაგაცვეთილი "ბალეტკები" ჩავიცვი. მაკიაჟი არ გამიკეთებია, ცოტა სუნამო დავიპკურე მხოლოდ. კაფეში პირველი მივედი და იქვე, კუთხეში დავჯექი.
ცოტა ხანში, დიდჩანთიანი ქალი შემოვიდა და თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო, მერე კი გვერდით ჩამიარა და დარბაზის იმ კუთხისკენ გასწია, სადაც ბოლო მოდაზე გამოპრანჭული გოგონა იჯდა და კოქტეილს წრუპავდა.
გოგონამ გაოცებული სახე მიიღო და მხრები აიჩეჩა. ქალმა კი ჩანთიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და სადღაც დარეკა. ცოტა ხანში, ჩემმა მობილურმა დაიწკრიალა. მე უკვე მოვედი და როდის მოხვალთო, მკითხა ქალმა. წეღან გვერდით ჩამიარეთ და ვერ შემამჩნიეთ-მეთქი, ვუპასუხე. მომიბრუნდა, შემომხედა და დაბნეულმა, - აბა, როგორ გიცნობდი, ძალიან შეცვლილხარო, - მიპასუხა.
ჟურნალი "ბომონდი"
ქეთი ნიკოლავა