ღამის სუსხისგან გათოშილ ლინდას ლამის ხის ძირში ჩაეძინოს. ამ დროს ამჩნევს, თუ როგორ ტოვებს კონსიერჟი თავის ადგილს. კართან არავინ დგას. ძილბურანში მყოფი ლინდა სასწრაფოდ ფხიზლდება და ჩქარი ნაბიჯებით სასტუმროში შედის.
- ლინდა, ლინდაააა. სად არის ეს გოგო? - მარიცამ თითქმის ყველა ოთახი მოიარა, მაგრამ ლინდა ვერსად იპოვა. ბოლოს სააბაზანოდან ღიღინის ხმა მოესმა და კარი გააღო.
- აჰა, სად ყოფილა ჩემი გოგონა.
მოულოდნელობისგან შეშინებულმა ლინდამ კივილი მორთო. აკივლდა დედაც, ლინდას სახე რომ დაინახა.
- ეს რა გიქნია?
- მაკიაჟი გავიკეთე, - უპასუხა დაბნეულმა ლინდამ და მოთხუპნული სახიდან კოსმეტიკის მოშორებას შეუდგა.
- იცი, სად ვიყავი? - უთხრა დედამ და სარკეში საკუთარი გამოსახულება შეათვალიერა.
- არა.
- სად და სკოლაში, მორიგი საყვედურის მოსასმენად.
- ვისზე, მარკოზე?
- მარკოზე არა, რას ერჩი იმ ბიჭს, სკოლას არ აცდენს, გაკვეთილებსაც ასე თუ ისე სწავლობს, სამაგიეროდ, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, მამას ეხმარება ავტოქარხანაში. შენ კი? არ სწავლობ, გაკვეთილებსაც აცდენ, ნეტა....
- ვიცი, ვიცი, - შეაწყვეტინა ლინდამ. - სწავლა არ მინდა.
გაოგნებულმა მარიცამ პირი დააღო.
- რას დაგიღია პირი, ნუ გეშინია, სახლში არ დაგიჯდები. იცი, დე, რა ვიფიქრე, მონაზონი ვიქნები, მზარეული ან...
- ან? - დაინტერესდა მარიცა, იმ იმედით, იქნებ შვილისგან რამე დამაიმედებელი გავიგოო.
- მოდელი, - წამოიძახა გახარებულმა ლინდამ, ისე, თითქოს ახალი კონტინენტი აღმოეჩინა. დედას ეს აზრი მოეწონა და მას მერე ყველას უბურღავდა ტვინს, ნახეთ, ჩემი გოგო ცნობილი მოდელი თუ არ გახდესო.
ლინდა, იტალიელი ემიგრანტების, ევანგელისტების ნაბოლარა ქალიშვილი იყო. ის ქვეყანას 1965 წლის 10 მაისს მოევლინა კანადის პატარა ქალაქში, რომელსაც სანტა-კაროლინა ერქვა. ეს ქალაქი ძირითადად მუშებით იყო დასახლებული და იმით იყო ღირსშესანიშნავი, რომ ჩანჩქერი ნიაგარა ჩამოედინებოდა.
ლინდას მშობლებიც მუშები იყვნენ, მაგრამ უმცროს ქალიშვილს ანებივრებდნენ. ოღონდ ლინდას არ მოჰკლებოდა რამე, მარიცა მრავალი წელი, ერთი და იმავე, ”სკოტჩით” დაწებებული ფეხსაცმლით დადიოდა.
გოგონაც თავნება გაიზარდა. ახლა კი მარიცამ მიზანი დაისახა, - ლინდა მოდელი უნდა გამხდარიყო. ერთხელ მარიცამ ქარხანაში ყური მოჰკრა, ადგილობრივ უნივერმაღში მოდების კატალოგს უშვებენ და ფოტოსესიისთვის ბავშვებს არჩევენო.
ამის გაგება და მარიცას სახლში გავარდნა ერთი იყო. დაავლო ხელი ლინდას და უნივერმაღისკენ გაიქცა. დირექციასთან დიდი რიგი დახვდა. ლინდამ და მარიცამ ვაჟკაცურად გაუძლეს მას და როგორც იქნა, დირექტორის კაბინეტში აღმოჩნდნენ.
- ბავშვი მოგიყვანეთ კატალოგისთვის, - ღიმილად დაიღვარა მარიცა, თან ლინდას შუბლზე ჩამოშლილ თმას უსწორებდა. დირექტორმა აათვალიერ-ჩაათვალიერა ლინდა და გაოცებულმა ჰკითხა:
- რამდენი წლის ხარ, შვილო?
- 13-ის ვხდები.
ამის გაგონებაზე მარიცამ შვილს ხელზე ისე მწარედ უჩქმიტა, რომ გოგონამ წამოიკივლა. მიხვდა ლინდა, უფრო დაბალი რიცხვი უნდა დაესახელებინა, მაგრამ განა ეს უშველიდა საქმეს? 13 წლის იყო, მაგრამ საცაა სიმაღლით 170 სმ-ს მიუახლოვდებოდა. ფეხის ზომა კი... 42 ჰქონდა.
დირექტორი ფეხზე წამოდგა, ლინდა შეათვალიერა, მერე დეკოლტეშიც ჩახედა და მარიცას შეაპარა, ახალგაზრდა გოგონებისთვის განკუთვნილი საცვლების რეკლამისთვის ხომ არ გადაგვეღო თქვენი ქალიშვილიო.
მარიცას ცოტა კი ეხამუშა შემოთავაზება, მაგრამ უცებ გაახსენდა, რომ ლინდა ”დოხტური” ვერასდროს გამოვიდოდა და დათანხმდა.
ცოტა ხანში ლინდამ ქალთა სამოსის რეკლამირებაც დაიწყო და სკოლას საერთოდ მიანება თავი. ახლა ის ფოტომოდელი იყო და საკუთარი ფული ჰქონდა, რასაც ძირითადად თოჯინებში ხარჯავდა. ის ხომ ჯერ კიდევ 14 წლის იყო.
ერთ დღეს კი კაროლინას ერთფეროვანი ცხოვრება, ახალმა ამბავმა დაარღვია. გესმის, მარიცა, ”მის ნიაგარას” კონკურსს ატარებენ. თვით პარიზიდან ჩამოდიან ჩვენს ქალაქში ჟიურის წევრები და მოწონებული გოგონა თავისთან მიჰყავთ სააგენტოში.
მარიცა მიხვდა, რომ ეს ლინდას ერთადერთი შანსი იყო და მისი ხელიდან გაშვება უსამართლობა იქნებოდა.
შესარჩევ ტურზე ლინდა პირველი მივიდა, მაგრამ მას არც კი შეხედეს, ისე გააბრძანეს გარეთ.
არასამოდელო გარეგნობა გაქვსო, - აუხსნეს მოკლედ და კარი ცხვირწინ მიუჯახუნეს. დაღონდა ლინდა, არ გინდა ახლა დედასთან დაბრუნება? არა, მაინც ვერ გავიგე რას მიწუნებენ, ტანადი ვარ, თვალადი.
აი, პოდიუმზე რომ დადიან, ისე სიარულიც შემიძლია, - ლინდამ დოინჯი შემოირტყა და ცხელ ასფალტზე მედიდურად გაიარ-გამოიარა. მერე მიხვდა, რომ საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და დაღონებული იქვე ტროტუარზე ჩამოჯდა. ლურჯი თვალები ცრემლებით აევსო და პირველად ინატრა, ძალიან შეუხედავი ყოფილიყო. არა, შინ ვერ დაბრუნდება, დედას რა უთხრას.
ამ დროს მის თავში გენიალური აზრი გაჩნდა, ოღონდ ამისთვის დაღამებას უნდა დაელოდოს.
ჩამობნელდა. ლინდა ტროტუარიდან ფეხს არ იცვლის. დაიღალა და მოშივდა, მაგრამ მოითმინეო, ამხნევებს საკუთარ თავს და დროდადრო თვალებიდან ცრემლები ჩამოსდის. როგორც იქნა, კარი გაიღო და პარიზული დელეგაცია ქალაქის ერთადერთი სასტუმროსკენ გაემართა.
ლინდაც უკან გაჰყვა მათ. სტუმრები სასტუმროში შევიდნენ, ლინდა კი სასტუმროს გვერდზე მდგარ ხეს ამოეფარა.
რამენაირად უნდა შეეღწია შენობაში. იქიდან მერე ადვილად იპოვიდა პარიზელი სტუმრის ნომერს.
11 საათი გახდა, მერე - 12. ღამის სუსხისგან გათოშილ ლინდას ლამის ხის ძირში ჩაეძინოს. ამ დროს ამჩნევს, თუ როგორ ტოვებს კონსიერჟი თავის ადგილს. კართან არავინ დგას. ძილბურანში მყოფი ლინდა სასწრაფოდ ფხიზლდება და ჩქარი ნაბიჯებით სასტუმროში შედის.
ფოიეში არავინაა. ყველანი სადღაც გამქრალან. სასტუმრო პატარაა, ამიტომაც ადვილია სასურველი ოთახის მიგნება. რას არ მისცემდა ახლა, ოღონდ აქ არ იდგეს. ლინდამ თვალები დახუჭა და კარზე დააკაკუნა.
- ვინ არის? - სასტუმროს ნომრიდან ახალგაღვიძებული ადამიანის ხმა გაისმა.
- პირსახოცები მოვიტანე, - არ დაიბნა ლინდა.
- კართან დატოვე.
- ვერა, ჩემი მოვალეობაა, ისინი თავის ადგილზე დავკიდო.
კაცი ბუზღუნით წამოდგა და კარი გააღო. მან აზრზე მოსვლა ვერ მოახერხა, რომ ლინდა უკვე ოთახში იყო.
- გამარჯობა, ვერ მიცანით? თუმცა რას მიცნობთ, თქვენ ხომ ზედაც არ შემოგიხედავთ ჩემთვის.
- მოიცა, შენ აქ ვინ შემოგიშვა?
- რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შემომიშვა. იცოდეთ, თუ პარიზში არ წამიყვანთ თქვენს სააგენტოში, ხვალ ყველა გაიგებს, რომ გამაუპატიურეთ.
კაცს ფერი ეცვალა და შეეცადა ანერვიულებული გოგონა დაეწყნარებინა, მაგრამ ლინდა არ ცხრებოდა:
- აბა, კარგად შემომხედეთ, რა არ მოგწონთ ჩემში, მე ნამდვილი მოდელივით სიარულიც კი შემიძლია, შემომხედეთ, გთხოვთ. ლინდამ ტანსაცმლის გახდა დაიწყო, რათა მისთვის თავისი უნაკლო სხეული ეჩვენებინა.
- კარგი, კარგი, დაწყნარდი.
- არა, არსადაც არ წავალ, თუ კონტრაქტს არ გამიფორმებთ. გამოიძახეთ პოლიცია, ტანსაცმელს შემოვიხევ და ყველა ძალადობაში დაგდებთ ბრალს. დილით ლინდა სასტუმროდან ამაყი გამოვიდა. გულში ნანატრი ”ელიტის” კონტრაქტი ჰქონდა ჩაკრული.
”ლინდა, ნახე, რა ლამაზი ფეხსაცმელია, ცნობილი მოდელი რომ გახდები და ბევრი ფული გექნება, აუცილებლად იყიდი. დედას ძალიან მოსწონს ვერცხლისფერი ფეხსაცმელები, მაგრამ ისინი 200 დოლარი ღირს” - ფიქრობს. ლინდას დიდად არ უმართლებს პარიზში.
მისი არასტანდარტული გარეგნობა არავის მოსწონს. ზედმეტად მსუქანი ხარო, ეუბნებიან. ერთადერთი იმედი თმაა, რომელიც წელამდე სწვდება.
შამპუნის რეკლამაში უნდა სცადოს ბედი, მაგრამ იქაც არ გაუმართლებს. კასტინგზე მისულ ლინდას ჩაეძინება და ვიღაც თმას ძირში მოაჭრის, აქაოდა, კონკურენტს ჩამოვიშორებო. ახლა როგორ მოიქცეს? მისი ბოლო იმედიც ჩაქრა.
არადა, რა გზა გამოიარა, აქამდე რომ მოეღწია. ატირებული ლინდა კუთხეში მიიყუჟა, რომ არავის შეემჩნია, მაგრამ ის მაინც შეამჩნიეს.
- დაიცა, შემომხედე ერთი.
ლინდამ უცნობს ახედა.
- რა სწორი ნაკვთები გაქვს და რა ლამაზი თვალები. აბა, გამომყევი.
ლინდა უცნობს დაემორჩილა. სხვა რა გზა ჰქონდა, ისევ სანტა-მონიკაში დაბრუნებას ერჩივნა, მიწა გასკდომოდა ფეხქვეშ. უცნობი სტილისტი აღმოჩნდა, რომელმაც ელვის სისწრაფით გაუსწორა თმა გოგონას და შეუღება კიდევაც. ამის მერე მოხდა საოცრება - ლინდა.... ტაფების რეკლამაში გადაიღეს.
დასაწყისისთვის არა უშავს. ისე ცოტა ფული აქვს, ის ვერცხლისფერი ფეხსაცმელი უნდა, უყიდოს დედას.
- ამ ფეხსაცმლის ყიდვა მინდა.
გამყიდველმა ალმაცერად გადახედა უბრალოდ ჩაცმულ გოგონას და, ძვირი ღირს ეს ფეხსაცმელიო, - უპასუხა. აი, მაშინ კი გაიღვიძა ლინდაში სიამაყემ, ფეხსაცმელი აიღო და გამყიდველს მიახალა, - გეამაყებოდეთ, რომ მე შემოვდგი თქვენს მაღაზიაში ფეხი.
მერე ფეხსაცმელები ჩანთაში ჩადო და მაღაზიიდან თავაწეული გავიდა. პატარა საქმე კი არ არის, გოგო ტაფების რეკლამაში გადაიღეს.
გააფთრებული გამყიდველი ლინდას გაეკიდა და თან პოლიცია, პოლიციას გაიძახოდა მთელი ქუჩის გასაგონად.
- ეს თანხა გეყოფა? - აქოშინებული გამყიდველი უცნობმა მამაკაცმა გააჩერა და კუპიურები მიაწოდა. გახარებული გამყიდველი აზრზე ვერ მოვიდა, რა მოხდა და კარგა ხანს მიშტერებოდა ფულს.
გადაიხადა თანხა თუ არა, უცნობი ლინდას გაეკიდა და გაეცნო:
- ჯერალდ მარი, სააგენტო ”ელიტის” დირექტორი.
მადამ ლინდა მარი თუ ლინდა ევანგელისტა? ეს ბოლო ჯობია.
”სულ არ ვაპირებ მთელი ცხოვრების ჯერალდთან გატარებას, თან ბოლო დროს ტვინს მიბურღავს, ბავშვი მინდა, ბავშვი მინდაო. მაგ ჭკუაზე ვერ ახლა, ტანი გავიფუჭო. მე უკვე ყველა მიცნობს. 10.000 დოლარზე ნაკლებად საწოლიდანაც არ ავდგები. პოდიუმზე გავლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მარტოც არ ვიქნები, ჯორჯს გავყვები ცოლად”.
ლინდას ძალიან მოსწონდა ჯორჯ მაიკლი. მის კლიპში გადაიღეს და მათ შორის რომანი გაჩაღდა. ლინდა ყოველდღე ხვდებოდა ”ბერძენ აპოლონს”.
ისინი სიყვარულით ტკბებოდნენ და მომავალზე ოცნებობდნენ. მალე ლინდა ჯერალდს გაშორდა და ახალი ქორწინებისთვის მზადებას შეუდგა, მაგრამ ბოლო წუთას ჯორჯმა გადაიფიქრა. ახლა მივხვდი, თურმე ქალები არ მაინტერესებსო.
იქნებ, ლინდას აუტანელმა კაპრიზებმა ააღებინა ჯორჯს ტრადიციული ორიენტაციისგან ხელი?
ლინდას კი ძალიან დასწყდა გული, მაგრამ რას იზამდა, მისი კარიერა მწვერვალისკენ მიიწევდა და რა დროს მამაკაცები იყო, თუმცა ერთი ”ნამდვილი” კაცი არ აწყენდა. ასეთი საფრანგეთის ნაკრების მეკარე ფაბიენ ბარტეზი აღმოჩნდა. ლინდას ფაბიენისგან შვილი უნდოდა, მაგრამ მეექვსე თვეში მუცელი მოეშალა.
ფაბიენი აწყნარებდა, არა უშავს, მომავალში მთელი ფეხბურთის გუდი გვეყოლებაო, მაგრამ ლინდას რაღაც გული გაუცივდა მის მიმართ და დაშორდა.
თუმცა, 41 წლის ასაკში ლინდამ მაინც მოახერხა დედობა. ბიჭი გააჩინა, მაგრამ არავის ეუბნება, ვისგან.
ჟურნალი ”ბომონდი”
ქეთი ნიკოლავა