ცამეტი წლის გოგონები აღმოსავლეთ ევროპიდან, რომლებიც სამოდელო ბიზნესში აპირებენ ბედის ცდას, ხშირად ექსპლუატაციის მსხვერპლნი ხდებიან.
ნოვოსიბირსკში ჩატარებულ კასტინგზე "სკაუტები" მოდელებს არჩევენ იაპონური ბაზრისთვის, სადაც კლიენტებს უყვართ გამხდრები და ახალგაზრდები. მათ ყურადღებას ერთ-ერთი იქცევს, მოსაწყენ-გულგრილი სახით, რაც იზიდავს თურმე მოდელიერებს აღმოსავლეთ ევროპის გოგონებში. გოგონა ნოვოსიბირსკის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, ნადია ვალი ჰქვია და 13 წლისაა.
მსგავსი კასტინგები რუსეთში ყოველთვე ტარდება. "სკაუტებისა" და სამოდელო სააგენტოებისთვის ეს არის შანსი, კონკურენტებზე ადრე აარჩიონ გოგონები, გოგონებისთვის კი - ფულის შოვნისა და უბადრუკი პერსპექტივისგან გაქცევის იშვიათი შესაძლებლობა.
მოდელებს ჩვეულებრივ მოზარდ ასაკში არჩევენ: მიიჩნევა, რომ ჯობია ადრე დაიწყონ, რადგან მათი "მუშაობის ვადები" არც ისე დიდია. თუმცა სამოდელო ინდუსტრიაში არ არის ნორმატიულად დარეგულირებული წესები. ზოგიერთი სააგენტო ცდილობს მოზარდ გოგონებზე სათანადოდ იზრუნოს, სხვები კი გაცილებით ნაკლებ ზრუნვას იჩენენ. ბევრი მოდელი კანონის თვალსაზრისით ბავშვია, გარდა ამისა, ღარიბი ოჯახებიდან.
მშობლებს იმედი აქვთ, რომ მათ ყურადღებას მიაქცევენ, თუმცა სიმართლე ის არის, რომ ხშირად ისინი მარტო ცხოვრობენ: გამოუცდელები, ადვილად რომ ექცევიან გავლენისა და შთაბეჭდილებების ქვეშ და სასოწარკვეთილნი მიისწრაფვიან ფულისა და პოპულარობის შოვნისკენ. ამ გზაზე კი ყოველთვის როდი აღწევენ სასურველ მიზანს.
უფრო ხშირად სავალალო შედეგებამდე მიდიან - ანორექსიიდან ნარკომანობამდე, დეპრესიებამდე და თვითმკვლელობამდეც კი, რისი არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
შარშან ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს თავმჯდომარემ და დიზაინერმა კოლეგებს მოუწოდა, უარი თქვან მოდური ჩვენებებისთვის 16 წელზე უმცროსი გოგონების დაქირავებაზე. თუმცა როგორც 26 წლის მოდელი რაშელ ბლე აღიარებს, სააგენტოების მოთხოვნით, მოდელები ხშირად მალავენ საკუთარ ჭეშმარიტ ასაკს. მისი აზრით, მინიმალური ასაკი 18 წლის დონეზე უნდა დადგინდეს. "ამ ზღვარს თუ დააწესებენ, მაინც "გაძვრებიან" 15 და 16 წლის გოგონები, მაგრამ 13 და 14 წლისები ხომ ვერ მოხვდებიან ამ ბიზნესში?"
რაშელი ფიგურირებს დოკუმენტურ ფილმში "გოგონა მოდელი", რომელიც სწორედ აღნიშნულ პრობლემას ეხება. 13 წლის ნადია ვალი მართლა აღმოჩნდა იაპონიაში. მისმა მშობლებმა ნათესავებისგან ისესხეს ბილეთის ფული, რადგან ნადიას ავანსის სახით 8 ათას დოლარს შეჰპირდნენ.
მშობლებმა უკვე წარმოიდგინეს მისი ვარსკვლავური მომავალი - ირინა შეიკი და ნატალია ვოდიანოვა ხომ სწორედ ასე, პროვინციული ქალაქებიდან გამოსული რუსი გოგონები არიან, რომლებმაც თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწიეს. ისინი კერპებად იქცნენ პატარა რუსი გოგონებისთვის.
მაგრამ ინგლისურ ენაზე გაფორმებულ კონტრაქტში ვერც ნადიამ და ვერც მისმა მშობლებმა ვერაფერი გაიგეს და ვერც ის დაადგინეს, რომ თურმე თავდაპირველად შეპირებული თანხიდან ყველა ხარჯი და გადასახადი იქნებოდა გამოთვლილი. გარდა ამისა, კონტრაქტში წერია, რომ ნადიას წელზე, თეძოებსა და მკერდზე სანტიმეტრის მომატების უფლებაც კი არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტრაქტს გაუწყვეტენ.
არ აქვს უფლება იცურაოს და გაირუჯოს. სააგენტო იტოვებს უფლებას, ნებისმიერ მომენტში შეცვალოს კონტრაქტის პირობები ან გააუქმოს იგი.
რაშელ ბლეს აზრით, რომელსაც მისმა სამოდელო სააგენტომ 18 წლის ასაკში ლიპოსაქციის გაკეთება მოსთხოვა, მოზარდი მოდელების სამუშაო ბავშვის შრომის ექსპლუატაციაა. მათ მხოლოდ მაშინ უხდიან ფულს, როცა ავანსს გამოიმუშავებენ. განსაკუთრებით უჭირთ საკუთარი ანაზღაურების გაკონტროლება, ბევრ შემთხვევაში არც ენა იციან და მათი მოტყუება იოლზე იოლია.
აღმოსავლეთ ევროპიდან ჩამოსული გოგონების მასობრივი ნაკადი კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას: "ეს გოგონები ღარიბები არიან, შესაბამისად, იაფები. მათთან ნაკლები პრობლემა აქვთ დამქირავებლებს. რასაც ეუბნებიან, ყველაფრის სჯერათ და ყველაფერს აკეთებენ. თუ უარს იტყვიან, გვერდზე მოისვრიან. მათთან იოლია მუშაობა, ასი დოლარითაც კი კმაყოფილდებიან და საკუთარი თავის ფასი არ იციან".
ისინი ბავშვები არიან, არც საჭმლის მომზადება იციან, არაფერი. ან დიეტებისგან არიან მშივრები, ან იმისგან, რომ მომზადება არ იციან და ჯანმრთელობას ისპობენ. ასეთი გოგონები პირად საუბრებში სექსუალურ ძალადობაზეც საუბრობენ, იმაზე, რომ ხშირად მუქარით აიძულებენ გულახდილი ფოტოების გადაღებას. ზოგიერთი სააგენტო მათ ურჩევს კიდეც, რომ ღამის კლუბებში იარონ კლიენტების საძიებლად. "მინახავს, ტუალეტებში კოკაინს როგორ ყნოსავდნენ 13-14 წლის მოდელი გოგონები", - ამბობს რაშელი.
თუ ამერიკაში ან ევროპაში მეტისმეტად ნორჩი მოდელების გამოჩენა ვინმეს აღაშფოთებს, ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში მსგავსი შეზღუდვები არ არსებობს. სარა ზიფი, რომელიც 14 წლიდან მოდელად მუშაობს, აღიარებს, რომ არასრულწლოვანი მოდელების გამოყენება მრავალი პრობლემის მიზეზია. ბევრი მოდელი მეტისმეტად ნორჩ ასაკში იწყებს კარიერას, როცა მათი სხეული ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია.
სამი წლის შემდეგ სხეული ეცვლებათ, მათზე ზეწოლას ახდენენ, უწინდელი წონისა და იმიჯის შენარჩუნებას სთხოვენ. "ამ ბავშვებს დიდებივით ექცევიან, მაგრამ 13 წლის ბავშვი არ არის მზად ამგვარი გამოცდილებისთვის, - ამბობს სარა, რომლის აზრითაც სამოდელო ბიზნესი საკონტრაქტო მონობის ფორმაა. - სამოდელო ბიზნესში ჩუმი შეთქმულებაა: სააგენტოების მფლობელები არ ამხელენ ჭეშმარიტ ასაკს, მოდელები უარს არ ამბობენ ამაზე, კლიენტები არ კითხულობენ, ფოტოგრაფები კი ამით სარგებლობენ და გოგონებს შიშვლად გადაღებას აიძულებენ".
ნადია ვალს იაპონიაში არ გაუმართლა: სახლი მოენატრა, მარტო იყო და სამუშაოც ვერ იშოვა. ერთხელაც კონტრაქტი გაუწყვიტეს და შინ დაბრუნდა, ისე, რომ სააგენტოსი 2 ათასი დოლარი ვალად დარჩა. თუმცა მოდელად გახდომის ოცნებაზე უარი არ უთქვამს და ახლა ჩინეთსა და კორეაში ცდის ბედს.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)