ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ქალს 112-სანტიმეტრიანი ფეხები ჰქონდეს. ყველაზე მეტად ნადიას ფოტოგრაფების წინ პოზირება უყვარს. რამდენჯერ გამხდარა მათი მუზა - რიჩარდ ავედონი, პიტერ ლინდბერგი, ჰელმუტ ნიუტონი, პატრიკ დემარშალიე, მარიო ტესტინო...
სახელი: ნადია
გვარი: აუერმანი
დაბადების თარიღი: 19/03/71
ასაკი: 39
ეროვნება: გერმანელი
სიმაღლე: 1,79
თმა: ქერა
თვალები: ცისფერი
სოციალური სტატუსი: უბრალოდ, ქალი.
- ორი ბივშტექსი და ერთი ყავა.
- გარნირით?
- ერთი კი, მეორე არა.
- ამწუთას მოგართმევთ.
- ერთი აქ მოდით, რა. კიდევ 2 ლუდი მომიტანე.
- მოგიტანთ.
- აუფ, რა ფეხები გაქვს?!
- შეეშვი (დაიცვა ვიღაცამ).
- დაიცა რა.
აუტანელი სამუშაო დღის მერე პერსონალისთვის გამოყოფილ საპირფარეშოში შევიდა და დალაქავებულ სარკეში ჩაიხედა. სახის სწორი ნაკვთები, პატარა ცხვირი და უზარმაზარი ცისფერი თვალები დაინახა.
რაღაც მომენტში საკუთარი გარეგნობა მოეწონა და გაუღიმა კიდეც, მაგრამ მერე მოიწყინა, თვალწინ კაფეში მჯდომი უამრავი მსუქანი მამაკაცი წარმოუდგა, ქონიანი ტუჩებითა და პერანგებზე საჭმლის საზიზღარი ლაქებით.
ისინი მისკენ იწვდიან ბინძურ ხელებს და ცდილობენ, შეეხონ მის სინორჩესა და შთანთქან. ამან ძალიან შეაშინა და სასწრაფოდ სხვა სურათი წარმოიდგინა: ქალაქის ცენტრში დგას, ხელში ნახაზები უჭირავს, თავზე კი მშენებლის ჩაფხუტი ახურავს.
მის გარშემო მუშები ირევიან, რომლებიც ეგვიპტურ პირამიდას აშენებენ თანამედროვე ქალაქში. მუშებს შორის, ის საზიზღარი კაცებიც არიან, ქონიანი ტუჩებითა და დალაქავებული პერანგებით თავს რომ აბეზრებენ ”რაინერის კაფეში”. მძიმე ქვებს მიათრევენ და საკუთარ ოფლში იხრჩობიან.
ნადიას ისინი არ ეცოდება, ან რატომ უნდა შეეცოდოს, ზედმეტი ჭამისა და ლუდის სმისგან თივის ტომრებად ქცეულან. ცოტა ვარჯიში არ აწყენთ. ნადიას ფეხებზე მათ უკვე ჩუმად ოცნება თუ შეუძლიათ. ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის. ნადია ქალაქის მთავარი არქიტექტორია და ქალაქის ცენტრში დიდი პირამიდა უნდა ააგოს. მერე ხალხი იტყვის:
- რა საოცარი ქმნილებაა.
- ვინ ააგო?
- აი... იმან, გრძელი ფეხები რომ აქვს... დაიცა, რა ჰქვია?
არ ვარგა. ისევ ფეხები. აღარ უნდა არქიტექტორობა, ჯობია პოლიტიკოსი გახდეს, მერე ხომ ვერავინ გაუბედავს ვერაფერს, თუ გაუბედავს და, მიუჩენს ადგილს, დაახლოებით ისე, როგორც ამას მისი თანამემამულე ცნობილი მოკლეულვაშებიანი ფიურერი აკეთებდა.
”აინ, ცვაინ, პოლიცაინ, დრაი, ფირ, ბრიგადირ”... აი, ასე მარტივად გადაწყვეტს პრობლემას. რა ჭკუამხიარულია. ეს პოლიტიკოსის საქციელს არ ჰგავს. ამ სიგრძე ფეხების ნაცვლად ჭკუა მოეცა ღმერთს შენთვისო, წამოაყვედრებენ მერე ვიღაცები და ძალიან ეწყინება.
არა, პოლიტიკა მისი საქმე არ არის. მაგრამ რა? ნუთუ სიცოცხლის ბოლომდე ღორმუცელა ბიძების მომსახურება მოუწევს?
- ერთი ბივშტექსი და ორი ყავა. ერთი შაქრით, მეორე - ბეზ.
- ბეზ, - გამოაჯავრა ნადიამ მოდურად ჩაცმულ ზომაზე მეტად გამხდარ ბიჭს და მეორე მაგიდისკენ გაემართა.
- გრძელფეხება, ერთი ლუდიც, რა.
- თუ შეიძლება, მოდით ჩემთან.
- რა გნებავთ, ბლოკნოტი შემდეგ გვერდზე გადაშალა და შეკვეთის ჩასაწერად მოემზადა.
- მოგწონთ აქ მუშაობა?
- ნორმალურად მიხდიან, მე მყოფნის, - დაიბნა ნადია.
- მოდელობაზე არ გიფიქრიათ?
- რა?
- თქვენი ფეხების პატრონს....
- ეს უკვე ვიცი, მითხარით, რა მოგართვათ?!
- მე არ გეხუმრებით, ნუთუ არავის უთქვამს თქვენთვის, რომ თქვენი ადგილი პოდიუმზეა?!
ცოტა დაფიქრდა. გაახსენდა, ცოტა ხნის წინ უფროს დას რომ შესჩივლა, სკოლა კი დავამთავრე, მაგრამ დღემდე ვერ მოვიფიქრე, რა ხელობას დავეუფლოო. დასაც ბევრი არ უფიქრია და სამოდელო სააგენტოში მიდიო, ურჩია - თანაც ბევრ ფულს გადაგიხდიანო.
ახლა ეს სათვალიანი, უცნაურად ჩაცმული ქალიც იმავეს ეუბნება. არა, ფეხები, მართლაც ძალიან გრძელი აქვს - ”რაინერის” კაფესთვის შეუფერებელი. მეორე დღეს სამუშაოდ აღარ წასულა. ამის ნაცვლად წინა საღამოს გაცნობილ აგენტს შეხვდა.
მან ნადია სარეკლამო სააგენტოში მიიყვანა, სადაც სამოგზაურო კატალოგისთვის პოლაროიდით სურათები გადაუღეს და ცოტაოდენი ფულიც მისცეს, ყოველ შემთხვევაში იმაზე მეტი, ვიდრე ”რაინერ კაფეში” უხდიდნენ ბივშტექსებისა და ლუდის ტარებაში.
მერე კი პროტეჟეს წარმატებით გათამამებულმა აგენტმა ნადია პარიზში წაიყვანა. ნადიას პარიზი მოსწონს, განსაკუთრებით - ეიფელი. როგორც ყველა ტურისტი, მასზე ამსვლელთა რიგს უერთდება და უამრავ ფოტოს იღებს, მაგრამ ერთი რამ არ მოსწონს, - ბერლინთან შედარებით პარიზში ბინის ქირა ძვირია.
ნადია ხელმომჭირნე გოგოა. ბერლინმა და ”რაინერის” კაფემ ფულის ყაირათიანად ხარჯვა ასწავლა. თავიდან აგენტმა ნადია ერთ პატარა სააგენტოში მიიყვანა. სააგენტოს ”კარინსი” ჰქვია. ”კარინსში” ნადიაზე ამბობენ, სიმპათიურია, მაგრამ დიდი არაფერიო. საოცარია, რომ მის ფეხებს აქ ვერავინ ამჩნევს. მოეჩვენა, რომ ”რაინერის” კაფე მოენატრა და იქ მოსადილე მამაკაცთა უხამსი კომენტარებიც.
ისინი ხომ ამჩნევდნენ მის აშოლტილ ფეხებს. მერე საკუთარი თავის შერცხვა, ეს რამ მაფიქრებინაო და ატირდა. ისე, ბერლინი მართლა მოენატრა - დედა, მამა და და.
მიუხედავად იმისა, რომ ნადიას მშობლები მისი დაბადებიდან ორ წელიწადში დაშორდნენ ერთმანეთს, მაინც ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. განებივრებული იყო.
შეიძლება, ამიტომაც მოუნდა თავისუფლებისთვის გაესინჯა გემო და სკოლის დამთავრების შემდეგ მშობლებს გამოუცხადა, ცალკე გადავდივარ საცხოვრებლადო.
ერთი წელი კაფეში ვიმუშავებ, იქნებ ამ დროის მანძილზე მომავალზე თავში რამე კარგი იდეა მომივიდესო. მშობლებიც არ შეწინააღმდეგებიან. თავის ნებაზე მიუშვეს. ახლა რა ქნას? ისევ ბერლინში ხომ არ დაბრუნდება? მაგას ჯობია, საკუთარ გარეგნობაში შეცვალოს რამე.
მაინც რა? ცხვირი? არა, თვალის ჭრილი, ნიკაპი, არა. მაშინ რა? ნადიამ პატარა ოთახში ჩამოკიდებულ ძველისძველ სარკეში ჩაიხედა და გადაწყვიტა, თმა შეეღება ქერად.
- ნუთუ ეს ის ნადიაა? ის აწოწილი გერმანელი? შეხედეთ ერთი, როგორ გასიმპათიურებულა.
- ნადია, ხვალ ჩვენებაა, არ დაიგვიანო.
- ხვალ? არ მცალია, ”ელიტში” გადავდივარ.
- კი, მაგრამ ჩვენ...
- ნახვამდის.
- ტუჩსაცხი დაგავიწყდა.
- თქვენთვის მიჩუქნია.
- თავხედი!
- ყველაფრისთვის მადლობა.
1991 წელია. ნადია ახლა ”ელიტის” მოდელია და პარიზის ცენტრში ცხოვრობს ეიფელის წინ. მას ნებისმიერ დროს შეუძლია გამოვიდეს აივანზე და ხედით დატკბეს.
მოკლედ შეჭრილ ქერა თმას ქარი უთამაშებს. აშოლტილან ალვის ფეხები, რომელთაც ძლივს ფარავს აბრეშუმის თხელი ქსოვილი.
ტანი, რა ტანი, ქალი, რა ქალი. გამვლელები, თავისთვის, თავშეკავებულად ტკბებიან ნადიათი. ნადია კი სულ იღიმის, დღეს ვერსაჩესთან ელოდებიან, ხვალ ვალენტინოსთან. ჩემი დიტრიხი ხარო, ეუბნება ეს უკანასკნელი ნადიას და მასაც უხარია, ზეგ ბენეტონის ფოტოსესია აქვს.
მის ფეხებს ათლეტ პოლ ვოლტერისას ადარებენ, სახეს - ყინულის დედოფლისას, საცოდავი კაი რომ მოაჯადოვა. მერე გინესის რეკორდსმენსაც გახდიან გრძელი ფეხების გამო.
ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ქალს 112-სანტიმეტრიანი ფეხები ჰქონდეს. ყველაზე მეტად ნადიას ფოტოგრაფების წინ პოზირება უყვარს. რამდენჯერ გამხდარა მათი მუზა - რიჩარდ ავედონი, პიტერ ლინდბერგი, ჰელმუტ ნიუტონი, პატრიკ დემარშალიე, მარიო ტესტინო...
ბევრნი არიან და ყველა მას ეტრფის. ავედონმა სულ ახლახან ნადიას უცნაურ პროექტში მონაწილეობა შესთავაზა: სურათების სერიაა ქვრივზე, ”მისტერ და მისის კომფორტი” ჰქვია. მთავარი გმირი ქალია, რომელიც გარდაცვლილ მეუღლეზე დარდმა ნეკროფილად აქცია და მის ფიტულთან ცხოვრობს.
”კოცნა ჩონჩხთან”, ”სექსი ჩონჩხთან”, ”რომანტიკული სადილი ჩონჩხთან” - რას გაუგებ ამ ფოტოგრაფებს, არაესთეტიკურზე ესთეტიკურიაო - გიმტკიცებენ.
ან იქნებ ნადიაშია რაღაც ნეკროფილის? აბა რა გითხრათ, ისე ნადიას სიყვარულში დიდად არ უმართლებს. სამოდელო კარიერის პიკი როდესაც ჰქონდა, მოდელ ალექს ლუნდქვისტთან დადიოდა, მაგრამ მერე მოჰბეზრდა ალექსი.
1997 წელს ვინმე ოლაფ ბიორნი გაიცნო და მისგან გოგონა კოსიმა გააჩინა, ოლაფსაც დაშორდა, საკუთარი სურვილით.
ერთ დღეს ნადიამ პატარა კოსიმას მოჰკიდა ხელი და მშობლებს ესტუმრა ბერლინში.
მისი ვიზიტი გერმანულ ტელეარხებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და უმალ მიიწვეს შოუებში. ერთ-ერთ ასეთ შოუში ნადიამ გერმანელი საპნის ოპერის მსახიობი, ვოლფრამ გრანდეჟკა გაიცნო. უფრო სწორად, თვითონ გაეცნო გრანდეჟკა ნადიას.
ვითომ შემთხვევით გადაეყარა სიგარეტის მოსაწევ ოთახში (თუმცა სიგარეტს არ ეწეოდა). ჩვენი შეხვედრა ბედისწერააო და უამრავი კომპლიმენტით მოთაფლა მოდელი. მერე ”ტანო ტატანოც” წაუკითხა და მისი გული საბოლოოდ დაიპყრო. 1999 წელს წყვილმა იქორწინა და ნადიამ ბიჭი, ნიკოლასი გააჩინა. გრანდეჟკას გაშორდა - ”საპნის ოპერას”დაემსგავსა მათი ცხოვრება, გრანდეჟკას კი ”ტანო ტატანო” მოუძველდა.
ჟურნალი ”ბომონდი”
ქეთი ნიკოლავა