ქალი წერილს ხსნის, რეზინი თითებზე ეკვრის და ამიტომაც ბრაზობს. "მე პარიზში წავედი, დაგირეკავთ, როგორც კი მოვეწყობი"... ჰელენა, - წერია წერილში.
შუახნის ქალი მზის მკრთალი შუქით განათებული ოთახის კარს აღებს და შვილის ოთახში შედის. ოთახში არავინაა და არაფერი, კედელზე დაკიდებული "მის მსოფლიოს" მოოქრული გვირგვინისა და წერილის გარდა, რომელიც ბებიის დროინდელ უზარმაზარ სარკეზე საღეჭი რეზინით მიუკრავთ.
* * *
- სად არის? - ჰკითხა იმავე საღამოს ვახშამზე მამაკაცმა ქალს.
- წავიდა.
- კი მაგრამ, სად?
- პარიზში წავიდა.
- პარიზში რა უნდა?
- პარისის ძიებაშია, - მიუგო ქალმა ირონიულად.
ყველაფერი კი გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო, როდესაც პერუელი სტუდენტი გოგონა დანიაში ჩავიდა და რომ არა ახალგაზრდა, გვარად კრისტენსენი, ალბათ ისევ პერუში დაბრუნდებოდა, რადგან სკანდინავიის ცივ ჰაერს ვერ შეეგუა.
* * *
1968 წლის შობა თენდებოდა. ბედნიერი დანიელები ქუჩებში ერთმანეთს დღესასწაულს ულოცავდნენ და სადღაც მიიჩქაროდნენ. მათ შორის კი ერთი, განსაკუთრებით ჩქარობდა. ხელში ყვავილების თაიგული ეჭირა და ხალხის ნაკადს საპირისპირო მხრიდან მიაპობდა.
კაცმა ქუჩა წესის დარღვევით გადაკვეთა და სწრაფი ნაბიჯებით საავადმყოფოს შენობაში შევიდა. სულ რაღაც წამებში სამშობიარო ბლოკში აღმოჩნდა და სიჩქარისგან, ოთახიდან გამოსულ ექიმს დაეჯახა.
- მისტერ კრისტენსენ!
- დიახ.
- გილოცავთ, თქვენს მეუღლეს გოგონა შეეძინა, - ახარა ლოყებღაჟღაჟა ექიმმა. ამ სიტყვებმა კაცი იმდენად დააბნია, რომ
რამდენიმე გაურკვეველი მოძრაობა გააკეთა და თაიგული... ექიმს მიაჩეჩა.
- ეს თაიგული მე? - გაუკვირდა ექიმს.
- არა უშავს, მეუღლეს მიართვით და გაუხარდება, - გადაიკისკისეს იქვე მოფუსფუსე ახალგაზრდა ექთანებმა.
ტროელი ელენეს სილამაზით შთაგონებულმა მშობლებმა ახალშობილს ჰელენა დაარქვეს. პატარა არაფრით ჩამოუვარდებოდა თავის მითოლოგიურ სეხნიას - ყველას ხიბლავდა საოცრად ლამაზი, მწვანე თვალებით და მუქი ხვეული თმით...
...3 წლის ჰელენა გულუხვად ჩუქნის უკბილო ღიმილს ფოტოკამერებს და პატარა ფაშფაშა კაბებსაც მორჩილად ირგებს. 9 წლისა უკვე პოდიუმზე დადის, მაგრამ სულაც არ უნდა მოდელობა. ეს დედის ახირებაა, დარწმუნებულია, რომ მის შვილს დიდი წარმატება ელის.
- დე, შეიძლება მუსიკოსი გამოვიდე, როდესაც გავიზრდები ან კიდევ ფოტოგრაფი? ჰო, მართლა, ფოტოაპარატს როდის მიყიდით შენ და მამა?
აგერ უკვე რამდენი ხანია, ჰელენა ფოტოაპარატის ყიდვას სთხოვს მშობლებს, თავის პატარა მოდელ მეგობრებს უნდა გადაუღოს სურათები, მაგრამ უშედეგოდ. დედა და მამა სურვილს არ უსრულებენ, დედას ეშინია, რომ ახალი გატაცების გამო, ჰელენა სამოდელო სტუდიაში სიარულს თავს დაანებებს.
არა, მისი გოგონა ვარსკვლავი უნდა გახდეს!
რამდენიმე წლის შემდეგ, ჰელენას ცხოვრებაში სრულიად წარმოუდგენელი რამ ხდება. 18 წლისას "მის დანიად" აირჩევენ. ეს ამბავი განსაკუთრებით დედას უხარია, მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ შვილს სულ სხვა გეგმა აქვს.
რამდენიმე თვეში, ჰელენა "მის დანიის" გვირგვინს თავისი პატარა და ბნელი ოთახის კედელზე დაკიდებს და იქვე, ელექტრომაღაზიაში ფოტოაპარატს იყიდის... დედას კი ძალიან მოკლე, გამოსამშვიდობებელ წერილს დაუტოვებს.
პარიზი
- გამარჯობა, მე ჰელენა ვარ, ფოტოგრაფი ხომ არ გჭირდებათ?
- ფოტოგრაფი? არა, მაგრამ შენ კი გადაგიღებდა კაცი ერთ-ორ სურათს... და ასე, დაუსრულებლად. ბოლოს ჰელენა დათმობს. მაინც სანამდე უნდა იაროს ასე კარდაკარ უშედეგოდ? ფოტოაპარატს დროებით უჯრაში ჩაკეტავს და ერთი-ორი ფოტოს გადაღებაზე თანხმდება.
მან ჯერ არ იცის, რომ ეს დროებით, 20 წელი გაგრძელდება.
შემდეგ ჰელენას ცხოვრებაში მოვლენები კინოფილმის დაუსრულებელი კადრებივითაა: ერთ ფოტოს მეორე ცვლის, მეორეს - მესამე და ასე შემდეგ. 1990 წელს, ჰელენა პირველად გაივლის ნამდვილ პოდიუმზე, რომელიც ძალიან განსხვავდება იმ პირველისგან, რომელზეც 9 წლისა დააბიჯებდა.
მერე სიყვარულიც ეწვევა - კრის აიზეკის კლიპში გადაიღებენ, სადაც ჰავაის სანაპიროზე სრულიად შიშველი ესიყვარულება მომღერალს. მაგრამ ეს არ იყო ხანგრძლივი სიყვარული. ჰელენას ერთი უცნაურობა სჭირს.
არ შეუძლია მამაკაცთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. თავისი შვილის მამასთან და ერთადერთ ოფიციალურ მეუღლესთან, მოდელ ნორმან რიდიუსთანაც 5 წელი სხვადასხვა აპარტამენტში იცხოვრა.
ნორმანი ვერ შეეგუა ასეთ ვითარებას და 2003 წელს დაშორდა ჰელენას. ერთადერთი, ვისაც ჰელენასთან ცხოვრების უფლება აქვს, მისი 9 წლის შვილი მინგუს რიდიუსია.
1994 წელი. "ვიქტორიას საიდუმლოს" ფოტოსესია. ფოტოკამერის წინ 5 ანგელოზი პოზირებს: სტეფანი სეიმური, არენ მიულდერი, ტიარა ბენკსი, დანიელა პეასტოვა და ჰელენა. ბრენდის სახე ჰელენა ხდება და ეს მხოლოდ დასაწყისია.
წინ უამრავი სარეკლამო რგოლი, ჩვენება და თაყვანისმცემლების არმია ელოდება, და კიდევ ერთი რამ - 20 წლის წინ, უჯრაში "დროებით" შენახული ფოტოაპარატი.
"სექსისა და ყველის სიმფონია"
"სექსი ყველივითაა, ყველი კი, სექსივით. თვალები უნდა დახუჭო და ნეტარებას მიეცე", - ამბობს ჰელენა და დანიური ყველის მოზრდილ ნაჭერს აგემოვნებს. 1999 წელს ის მაღალ მოდას ჩამოშორდა, რათა დარჩენილი ცხოვრება სექსისთვის, ეგზოტიკური კერძებისთვის და...
ყველისთვის დაეთმო. უყვარს გველის მწვადი, ზვიგენის სტეიკი და გარეული ცხოველების ხორცისგან მომზადებული კერძები. თვითონაც კარგი მზარეულია. ახლაც ხელში ფოტოაპარატი მოუმარჯვებია და იმაზე ფიქრობს, რა ჭამოს.
ფოტოაპარატი კი ისევ ის აქვს, პარიზის დასაპყრობად წამოსულმა ელექტრონიკის მაღაზიაში რომ შეიძინა. "ცოტა ძველმოდურია, მაგრამ კარგად იღებს" - ამბობს ჰელენა და ობიექტივს ასწორებს.
ახლა მას უკვე როგორც ფოტოგრაფს, ისე იცნობენ. ახლახან Carlsberg Export-ის მესვეურებმა გადააღებინეს ლუდის რეკლამა. დავალებას თავი კარგად გაართვა და ბედნიერია.
ახლა ერთი იდეა უტრიალებს თავში - ძველ მეგობრებს, კლაუდიას, ნაომის და ევას უნდა გადაუღოს ფოტოები, ოღონდ ძვირფასი კაბების ნაცვლად, ძველი ჯინსი უნდა ჩააცვას. 20 წლის შემდეგ ფოტოსესიას ალბათ ასეთი სახელწოდება ექნება: "ოქროს ეპოქის სუპერმოდელები".
P.S
- თქვენი პროფესია, - ჰკითხა ერთხელ ჟურნალისტმა ჰელენას.
- ტანსაცმლის საკიდარი, - სხარტად უპასუხა და გაიცინა.
ჟურნალისტი პასუხმა გააოცა.
- რა იყო, არ მოგეწონათ პასუხი? - ეს სიმართლეა. ნუ მოგერიდებათ და ყველაფერი ისე დაწერეთ, როგორც გითხარით.
ჟურნალი "ბომონდი"
ქეთი ნიკოლავა