ჯია კარანჯი 70-80-იანი წლების ყველაზე ცნობილი მოდელი იყო. თავისი თაობის ყველაზე ცნობილი ბისექსუალი და სკანდალური სუპერმოდელი შიდსით დაიღუპა. ანჯელინამ შესანიშნავად შეძლო მისი განსახიერება და ამისთვის "ოქროს გლობუსიც" მიიღო.
- იყვირე!
ანჯელინა ჯოლი ყვირის.
- უფრო ხმამაღლა - კარნახობს რეჟისორი, - შეგიძლია ჭურჭელი დალეწო, გადააყირავე მაგიდა...
ანჯელინამ მაგიდა ააყირავა და დეკორაცია ფეხზე დაეცა. გადაღება შეწყდა. ჯოლი ბუზღუნით გაეცალა მოედანს, ექიმები გაედევნენ.
საბედნიეროდ, სერიოზულად არ დაშავებულა და მაიკლ კრისტოფერმა შეძლო გადაეღო ფილმი - "ჯია". ეს სცენა კადრს მიღმა დარჩა, მაგრამ ნამუშევარი სწორედ ასეთი იყო – ხმაურიანი, მყვირალა და ... რა თქმა უნდა, ლამაზი.
ჯია მარია კარანჯივით ლამაზი.
ბავშვობაში ჯია ჩაკეტილი და მორცხვი გოგონა იყო.
- დედის ყურადღება ენატრება - ქირქილებდნენ ახლობლები და "დედიკოს გოგოს" ეძახდნენ. წლების შემდეგ ნამდვილი მეგობრები გულდაწყვეტილი ამბობდნენ - ამის ბრალი იყო ჯიას არეული ცხოვრება. მას რომ უკეთესი ბავშვობა ჰქონოდა, უფრო ხანგრძლივი ახალგაზრდობაც ექნებოდა...
თუმცა, ცამეტი წლის ადამიანიც ხომ ბავშვია. არადა ეს ბავშვი არც ისე ბავშვური თამაშებით ერთობოდა.
ან, იქნებ, თამაში იყო:
სიგარეტის ბოლით გაბუღული ოთახი.
მაგიდაზე უაზროდ დაყრილი სავსე და ცარიელი საფერფლეები.
მაგიდასთან თვალებარეული ჯია ზის და არსაით იყურება. ფეხებთან დაუდევრად გდია თაიგული. ხვალ ეს ყვავილები ერთ... გოგოს უნდა გაუგზავნოს.
ჰო, გოგოს და არა – ბიჭს. ცამეტი წლისა გოგონებით დაინტერესდა.
- ეს არც ისე ძნელი და არც ისე ადვილი იყო – ამბობდა ანჯელინა - ჯიას ჩემსავით არაორდინარული ხასიათი ჰქონდა და არ ერიდებოდა თამამ ექსპერიმენტებს. მიხარია, რომ ამ როლისთვის მე ამირჩიეს, ალბათ, რეჟისორს ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი მსახიობი სჭირდებოდა.
პრესამ ეს სიტყვები სასწრაფოდ აიტაცა და ანჯელინას ამ "უპრეტენზიო" კომენტარს უამრავი პრეტენზიული კომენტარი მოჰყვა. გაბრაზებული მსახიობები ამტკიცებდნენ, ანჯელინა ჰოლივუდის ყველაზე შეუხედავი ქალია და შემთხვევით მოხვდა გადასაღებ მოედანზეო.
სასაცილო იყო, აბა რა!
ჯოლის თავის დაცვა არ გაუგრძელებია. რა გასაკვირია და – არც სჭირდებოდა. წლების მერე ერთ-ერთ ინტერვიუში ღიმილით თქვა:
- ჰოლივუდი ბრძოლის ველია, სადაც ერთმანეთს სილამაზით ებრძვიან. მე უამრავჯერ გავიმარჯე და ჩემს ნათქვამს ახლაც სიამოვნებით გავიმეორებდი.
როგორც ჩანს, ასე ფიქრობდა მაიკლ კრისტოფერიც, როცა მთავარ როლზე სწორედ ის დაამტკიცა. რეჟისორი ხომ ფილმს მსოფლიოს ერთ-ერთ პირველ სუპერმოდელზე იღებდა.
ჯია კარანჯი, რომელიც ქვეყანას 1960 წელს მოევლინა, 70-80-იანი წლების ყველაზე ცნობილი მოდელი იყო. თავისი თაობის ყველაზე ცნობილი ბისექსუალი და სკანდალური სუპერმოდელი შიდსით დაიღუპა.
ანჯელინამ შესანიშნავად შეძლო მისი განსახიერება და ამისთვის "ოქროს გლობუსიც" მიიღო.
ჯია კი... ჯია იმ სურათებს, ვიდეოჩანაწერებს და მასზე დაწერილ რამდენიმე წიგნს შერჩა, სადაც ასე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.
ჩვიდმეტი წლის გოგონა ნიუ-იორკში გადაბარგდა და სულ მალე იქცა პოპულარულ მოდელად. მოდის სამყაროს ბევრი ფოტოგრაფის საყვარელი მოდელი იყო, მათ შორის - კრის ფონ ვანგენეიმისა და ფრანჩესკო სკავულოს. ისინი მისი კარგი მეგობრებიც გახდნენ.
ჯია ორი ახლობლის სიკვდილმაც დათრგუნა.
- ეს შოკი იყო ჩემთვის - ამბობდა სუპერმოდელი, - ჯერ ფრანჩესკო, შემდეგ ჩემი აგენტი, ვილჰელმინა კუპერი, ფილტვების ანთებას რომ ვერ გადაურჩა... როგორ ფიქრობთ, ადვილია ამის გადატანა?!
- არ შემიძლია, არა, არა... - იმეორებდა თავზარდაცემული ჯია, როდესაც ფრანჩესკოს ავარიაში დაღუპვის ამბავი გაიგო...
მერე ჩვეულებისამებრ, ნარკოტიკებს მიეძალა.
გეი-კლუბები - გარდატეხის ასაკში, "studio 54" და "მედ ქლაბი" – მოზრდილობისას, უკვე ნიუ-იორკში ცხოვრებისას - ეს მოდელის ჩვეული დასასვენებელი ადგილები იყო.
- "Baby ჯია" - დაწერა ერთმა ჟურნალისტმა და მისი ფრაზა ყველა ჟურნალმა აიტაცა.
მან სხვებს დაასწრო, მოდელების შემდგომი თაობის ვარსკვლავებს, მათ შორის, სინდი კროუფორდს. თუმცა, სინდი მას არც ისე ხშირად ახსენებდა თავის ინტერვიუებში. ჯია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ტიტული "სუპერმოდელი" მოირგო.
- სამოდელო წრეში... უცებ მოვხვდი, - ამბობდა კარანჯი - ცნობილ ადამიანებს შორის უცებ გავხდი პოპულარული. ვიცი, ახლა არც ისე სწორად ვცხოვრობ, მაგრამ ამას ბავშვობიდან მივეჩვიე.
მოდის ბიზნესს აღარ სჭირდებოდა ნარკოტიკებისგან სახეშეცვლილი მოდელი, ამიტომ ვეღარ ჩნდებოდა "ვოგის" და სხვა მოდური ჟურნალების ყდებზე.
ბოლო საჩუქარი მას საყვარელმა ფოტოგრაფმა, სკავულომ გაუკეთა - "კოსმოპოლიტენის" გარეკანისთვის გადაიღო.
გამოფიტულ ჯიას გადაღებებისას პირდაპირ სკამზე ჩაეძინა, თუმცა სკავულო არ გაბრაზებულა.
სტუდიაში ცხელოდა.
გარეთ ზამთარი იდგა და კარანჯის სახესავით გაფითრებული ფანტელები დედამიწას ეწებებოდნენ.
ეს ჯიას ბოლო ფოტოგადაღება იყო.
მისი გარეგნობა რამდენიმე ერის გენეტიკით ჩამოყალიბდა – მამა იტალიელი ჰყავდა, დედას ირლანდიული და უელსური სისხლი ჰქონდა. ჯია იტალიელსაც ჩამოჰგავდა და ინგლისელსაც, თუმცა, მშობლებივით, დაბადებიდან ამერიკაში ცხოვრობდა.
- ფილადელფია ჩემი ასაფრენი მოედანია - ამბობდა კარანჯი - ასე მგონია, აქ ყოველი ქუჩა სათითაოდ მაქვს მოვლილი.
- მან რთული ცხოვრება, რომელიც წილად ხვდა, თვითონ შეიქმნა. ვერავინ დაეხმარა, ან თვითონ არ დაიხმარა არავინ - ამბობდა ჯოლი თერთმეტი წლის წინ, გადაღებების დამთავრების მერე - ბევრი ვიფიქრე მის ცხოვრებაზე, ვეცადე ჩავწვდომოდი, რას ან რატომ აკეთებდა.
ალბათ, უნდოდა ბევრი რამ მოესწრო, ენახა, გაესინჯა... და, რაც მთავარია – ის მეტისმეტად პატარა იყო ამხელა წარმატებისათვის. მსგავს სტრესს დღესაც ვერ უძლებს ბევრი ახალგამომცხვარი მსახიობი. საბედნიეროდ, მე მათ სიაში არ მოვხვდი – ენამჭევრობდა ანჯელინა.
ეს პოდიუმია. ჯიას საყვარელი ადგილი. თავს აქ ძალიან კარგად გრძნობდა.
ერთი, ორი, ერთი ორი...
"ცოტა ნაბიჯი გაასწორე, ჯია! აი, ასე".
"ჯია, დღეს დაგირეკეს, შენი გადაღება უნდათ..".
"ჯია, მოიხედე, აქეთ, ცოტა თავი დასწიე, გამიღიმე..".
უცებ გაეღვიძა, შეშფოთებული წამოჯდა საწოლზე. უსიამოვნო შეგრძნებამ გააღვიძა. არა, ყველაფერი რიგზეა. რატომ უნდა შფოთავდეს?!
გოგონა ადგა და შიშველი ფეხებით გაიარა ცივ იატაკზე. მეორე ოთახში შუქი აანთო და სავარძელში გადაწვა. მაგიდაზე, ისე, როგორც წლების წინათ, ახლაც უწესრიგოდ ეყარა საფერფლეები. ზოგი – სავსე, ზოგი – ცარიელი.
ჯიას სიგარეტი არ აუღია და ცარიელი თვალებით გახედა სივრცეს გამჭვირვალე ფანჯრებს მიღმა. რატომ არ ასვენებს შეგრძნება, რომ მალე რაღაც უნდა დამთავრდეს?!
მთავარ ექიმს ძალიან გაუჭირდა მისთვის დიაგნოზი ეთქვა, მაგრამ ჯია გამჭოლი მზერით უყურებდა.
მას დიაგნოზი აინტერესებდა. გაიგო კიდეც - აივ-ინფექცია.
მაშინ შიდსის ვირუსი ახალი აღმოჩენილი იყო. როგორც ბევრგან, ჯიამ აქაც "მოინდომა პირველობა".
შემოდგომა გადიოდა. ჯია საავადმყოფოში იწვა და მძაფრი სურვილი ჰქონდა, კიდევ ერთხელ, უკანასკნელად შეხვედროდა ახალ წელს.
ახლა აღარ აკლდა დედის ყურადღება - იგი დღედაღამ შვილის საწოლთან იჯდა, თუმცა აღარ შეეძლო მისი გადარჩენა. საჩუქრად სუსტ ღიმილს და ხანდახან, წუხილისაგან აბრიალებულ მზერას იღებდა.
ჯია გახდა. გაიცრიცა. კოკაინისა და ჰეროინისაგან გონებაამღვრეულს კიდევ შეეძლო ხუმრობა.
– ახლა საუკეთესო წონა მაქვს, რაც კი ოდესმე მქონია - გაიცინა და ჩურჩულით დააყოლა - გამიყვანეთ პოდიუმზე...
ერთხელ ისიც წამოსცდა, რომ შვილს ნატრობდა, შვილს, რომლის გაჩენაც არასოდეს დაუპირებია.
მოდის სამყარომ მიატოვა. ვიღაცებს მაინც ახსოვდათ, საავადმყოფოსთან იდგნენ და გამუდმებით მოითხოვდნენ მის ნახვას, მაგრამ ქალბატონი კარანჯი მათ შენობაში არ უშვებდა, ალბათ, ასე უნდოდა მის შვილს.
გარეთ შემოდგომა იდგა.
ქარი ფანჯრებს ყვითელი ფოთლებით ეფერებოდა.
ეს ბოლო დღე იყო. სუპერმოდელი ისევ საავადმყოფოში იწვა. თეთრი პალატა და ფერადი ყვავილები თეთრ ლარნაკში – დედის საჩუქარი; ეს ის ყვავილები იყო, რომელიც მას ასე უყვარდა.
დედა საწოლთან იჯდა. შვილს ჩამოჰგავდა დიდი თვალებით, მასავით პაწაწინა ხალი ჰქონდა მარცხენა ყურს უკან.
ჯია აბორგდა. ბოლო წუთებში მის გვერდით მხოლოდ დედა იყო.
ის თავის გოგონას გადაეხვია და ატირდა. ცრემლები ჯიას, სადღაც, ყელთან ეცემოდა, მაგრამ ის ვეღარაფერს გრძნობდა.
ახალგაზრდა იყო.
სულ რაღაც, ოცდაექვსი წლის.
ჟურნალი "ბომონდი"
თამუნა თოდუა