ჟიზელ ბიუნდჰენმა დიდი ხანია დაამტკიცა, რომ სილამაზესთან ერთად ჭკუაც არ აკლია.
ახლა კი ისიც დადასტურდა, რომ წარმატებული ბიზნესქალბატონია: 31 წლის ჟიზელი ოფიციალურად გახდა მსოფლიოში პირველი მილიარდერი მოდელი. მანეკენმა დიდძალი ქონება ბიუსტჰალტერებითა და წარმატებულ საქმეებში დაბანდებული ფულით იშოვა.
ფინანსურმა ანალიტიკოსებმა, რომლებმაც მისი კაპიტალი შეაფასეს, დაადასტურეს, რომ ჟიზელის ქონებამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს ფული მოდელმა იშოვა რეკლამებში გადაღებით, ასევე საკუთარი მარკის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საცვლების გამოშვებით.
მას კარგი საქმოსნური ალღოც აღმოაჩნდა და გამომუშავებულ თანხებს მომგებიან პროექტებში აბანდებდა, რითაც თავის ფულს ზრდიდა. ჟიზელის ყოველწლიური შემოსავალი ბიზნესის სხვა ბობოლებთან შედარებით არც ისე დიდია - 45 მლნ დოლარი, თუმცა ბიუნდჰენმა შეძლო, ეს თანხა ჭკვიანურად განეკარგა და თავისი ნაგროვები სახსრები ბიზნესებში ჩადო, რითაც ბოლო 10 წლის განმავლობაში 250 მლნ დოლარი გამოიმუშავა.
ჟიზელის სახელით გამოდის ქალის თეთრეული Gisele Bundchen Brazilian Intimates, რომელიც საკმაოდ წარმატებით იყიდება იაპონიაში, ლათინურ ამერიკასა და ისრაელში - ამან ბიუნდჰენის ქონება კიდევ 40 პროცენტით გაზარდა. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს პლაჟის "შლოპანცები" და სანდლები Ipanema - ყოველწლიურად 25 მლნ წყვილს უშვებენ.
ჟიზელმა ფული ჩადო უძრავ ქონებაშიც: მას ეკუთვნის სასტუმრო ბრაზილიის სამხრეთით, სახლი აშშ-ში და ვილა კოსტა-რიკაში - სწორედ იქ გადაიხადა ქორწილი ფეხბურთელ ტომ ბრედისთან.
პირველი მილიარდის მომპოვებელმა მანეკენმა ვაჟის გაჩენაც მოასწრო: შარშან დეკემბერში მის პატარა ბენჯამენს სამი წელი შეუსრულდა. როგორც ამბობენ, ჟიზელი სამაგალითო დედაა, თვითონ ასეირნებს ბავშვს და საბავშვო ბაღშიც თავად დაჰყავს.
როგორც ექსპერტები ამბობენ, შემოსავლების დონით ჟიზელ ბიუნდჰენს უკვე მიუახლოვდა 26 წლის ებრაელი მოდელი ბარ რაფაელი, რომელსაც აქვს შანსი, მეორე მილიარდერი მოდელი გახდეს. საინტერესოა, რომ ჟიზელიც და ბარიც ჰოლივუდის მსახიობ ლეონარდო დი კაპრიოს ყოფილი საცოლეები არიან. იქნებ სწორედ ლეო აღმოჩნდა მათთვის წარმატების თილისმა?
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)