მოდელი სალომე ღვინიაშვილი ხშირად არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში. სამი შვილის დედა ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება და საქართველოში ერთ-ერთ გემოვნებიან ქალბატონად არის აღიარებული.
2011 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით კი, ის რამდენიმე ათასმა ინტერნეტმომხმარებელმა ყველაზე სექსუალური ქალების ათეულში დაასახელა: "არ ვიცოდი, სექსუალურ ქალად თუ დამასახელეს. ეს ყველა ქალისთვის სასიამოვნოა. გემოვნებიანი ქალბატონების სიაში მოსახვედრად სპეციალურად არაფერს ვაკეთებ. უბრალოდ, მიყვარს კარგად ჩაცმა და თვალს ვადევნებ მოდის სიახლეებს".
- ჩაცმის როგორ სტილს ამჯობინებთ?
- ყოველდღიურად უფრო თავისუფალი სტილის სამოსი მაცვია. მიყვარს როგორც სპორტული, ისე კლასიკური სამოსი. თუმცა ყოველთვის ის მაცვია, რაც მომწონს და რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ.
- რომელ ბრენდებს ანიჭებთ უპირატესობას?
- განსაკუთრებით მომწონს ალექსანდრ მაქქუინი. მიმაჩნია, რომ ამ დიზაინერმა მოდაში რევოლუცია მოახდინა.
- აქსესუარებს რა დატვირთვა აქვს თქვენთვის?
- მომწონს სათვალე, საყურეები და ჩანთები. საღამოს კლატჩს ვამჯობინებ, მაგრამ ჩემთვის კლასიკაა "შანელის" ჩანთა.
- ქართველ დიზაინერებზე რა აზრის ხართ?
- ბევრია კარგი დიზაინერი, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ ხარისხს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ, რადგან მომხმარებლისთვის ეს მხარეა პრიორიტეტული. მირჩევნია უფრო ძვირი გადავიხადო ხარისხიან მაისურში, რომელიც რამდენიმე წელს გამიძლებს, ვიდრე შედარებით იაფი - სამოსში, რომელიც ორ თვეში გაფუჭდება.
ქართველი დიზაინერებიდან გამოვარჩევ ავთანდილს, რომელიც ყოველთვის ხარისხიან სამოსს ქმნის. ასევე, ძალიან მომწონს თამუნა ინგოროყვას, "ანუკი და ბიჭოლას" და აკა ნანიტაშვილის ნამუშევრები.
- ქართული მოდის კვირეულებს როგორ შეაფასებთ?
- ქართული მოდის კვირეულებს ყოველთვის ვადევნებ თვალს, ვესწრები და ადრე გამოვდიოდი კიდეც, მაგრამ ბევრი ისეთი დიზაინერი იყო ამ ჩვენებებზე, რომელიც არ უნდა ყოფილიყო.
- პროფესიით დიზაინერი ხართ. ხომ არ აპირებთ, საკუთარი კოლექცია წარუდგინოთ საზოგადოებას?
- როგორც დიზაინერს, ჯერჯერობით რამე გეგმა არ მაქვს. მთლიანად ჩართული ვარ პროექტ "ტოპ გოგოში", რომელიც სატელევიზიო ეთერში გავა.
- სამი შვილის დედა როგორ ახერხებთ ყოველთვის ფორმაში ყოფნას?
- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, ვუვლი თავს, ვიკვებები ჯანსაღად, ვვარჯიშობ; არ ვიკეთებ ბოტოქსს.
- პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგი ხართ?
- თუ საჭიროა, ადამიანმა უნდა გაიკეთოს ოპერაცია, მაგრამ ზოგს ზედმეტი მოსდის.
- ვის მიიჩნევთ საქართველოში ყველაზე გემოვნებიან ქალად?
- ჩემთვის გამორჩეული იყო და არის მაკა ასათიანი. აგრეთვე, გემოვნებიან ქალებად მიმაჩნია თეონა თავართქილაძე და ანუკი არეშიძე. საზოგადოდ, გემოვნებიანი ერი ვართ.
- უგემოვნო ადამიანად ვის მიიჩნევ?
- არ მომწონს, როცა ყურადღების მიქცევის მიზნით ვულგარულად აცვიათ. ბევრჯერ დამინახავს ასეთი ადამიანი კლუბში ან სხვაგან და მითქვამს, ნახეთ, რა აცვია-მეთქი, მაგრამ ვერ დავასახელებ. გემოვნება ან გაქვს, ან არა. თუმცა ამის სწავლა და დახვეწაც შეიძლება, რასაც ნიჭი სჭირდება.
- თქვენს მაჯაზე გულის ფორმის ტატუ რისი სიმბოლოა?
- ეს ტატუ ძალიან მომწონს. ჩემს გულისცემასთან ახლოსაა და ზურას (სალომეს მეუღლე - ფეხბურთელი ზურა ხიზანიშვილი - თ.ბ.) ეძღვნება.
- მეუღლე რამის ჩაცმას ხომ არ გიკრძალავთ?
- ზურა არ ერევა ჩემი შემოსვის პროცესში, მაგრამ მას აზრს ყოველთვის ვეკითხები. მიმაჩნია, რომ ვულგარულად და გამომწვევად არასოდეს ვიცვამ.
- წელს მოდურია მყვირალა მაკიაჟი. თქვენთვის მისაღებია მკვეთრი ტონები?
- გააჩნია, რა მაცვია. მე ვერასდროს მნახავთ წითელი პომადით და ფრჩხილის ლაქით, რადგან ზურას არ მოსწონს.
- თმას როგორ უვლით?
- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ვიბან ხარისხიანი შამპუნით, ვიკეთებ ნიღბებს.
- თბილისელი გოგონების უმეტესობა თქვენნაირად იხვევს თმას. ეს არ გაღიზიანებთ?
- პირიქით, ძალიან სასიამოვნოა. ესე იგი, მათ მოვწონვარ და სურთ, დამემსგავსონ.
- რომელ პარფიუმერულ ბრენდებს ანიჭებთ უპირატესობას?
- ბოლო ორი წელია, ინგლისური ფირმის "დოკტორ ჰოშკას" სახის მოვლის საშუალებებს ვიყენებ. ეს ბრიტანელი ექიმია, რომელმაც სახის კანის მოვლის ხარისხიან საშუალებათა ხაზი ჩამოაყალიბა.
- ექსპერიმენტები თუ გიყვართ?
- მიყვარს. თუ რამე მომეწონა, არ ვიფიქრებ, ეს რომ ჩავიცვა, ხალხი რას იტყვის-მეთქი.
- სად იძენთ სამოსს?
- ხშირად მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში გამგზავრება და სადაც ვარ, სამოსს იქ ვიძენ. ახლა თბილისში ვცხოვრობ და ინტერნეტით ვიწერ სამოსს.
- ბედნიერებისთვის ბევრი ფულია საჭირო?
- ფული, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მთავარია, ქალებმა თავი არ დაიტვირთონ უაზრო პრობლემებზე ფიქრით და ხშირად გაიღიმონ. ღიმილი ყველაზე კარგი წამალია.
თამარ ბოჭორიშვილი
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)