ნოემბრის სუსხიან დღეს, ნიუ-იორკის ვიწრო ქუჩაზე, გრძელფეხება, ქერათმიანი, ოდნავ ტანსრული მაღალი გოგონა იდგა და ტაქსის გაჩერებას ლამობდა. შავ შარვალსა და ლეოპარდისსახიან პალტოში გამოწყობილი ლამაზმანი ადვილად იქცევდა გამვლელთა ყურადღებას.
სახელი: ჯემა
გვარი: უორდი
ასაკი: 23 წლის
პროფესია: მოდელი (ყოფილი)
სიმაღლე: 176 სმ
პარამეტრები: 81-60-89
თოჯინასსახიანი ჯემა უორდი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მოდელი იყო მსოფლიოში 2007 წლამდე. მერე წონაში მოიმატა და, თუ მოდის კრიტიკოსებს ვენდობით, მისი დრო დამთავრდა. თუმცა, მას ჯერ კიდევ აქვს შანსი, საპირისპირო დაამტკიცოს.
ნოემბრის სუსხიან დღეს, ნიუ-იორკის ვიწრო ქუჩაზე, გრძელფეხება, ქერათმიანი, ოდნავ ტანსრული მაღალი გოგონა იდგა და ტაქსის გაჩერებას ლამობდა.
შავ შარვალსა და ლეოპარდისსახიან პალტოში გამოწყობილი ლამაზმანი ადვილად იქცევდა გამვლელთა ყურადღებას.
ერთი სიტყვით, რაღაცით განსაკუთრებული მომენტი არ ყოფილა, თუ არ გაითვალისწინებდით იმას, რომ 23 წლის ეს ქერა მზეთუნახავი ჯემა უორდი იყო, სამიოდე წლის წინ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ”ფოტოგრაფირებული” მოდელი.
ჯემა ავსტრალიელია, 1987 წლის 3 ნოემბერს ქალაქ პერტში დაიბადა, გარი და კლერ უორდების ოჯახში. ჯემას მამა ექიმია, დედა - მედდა. ჰყავს უფროსი და, 25 წლის სოფია, ისიც ყოფილი მოდელი და ტყუპი ძმა - ოსკარი და ჰენრი.
მისი პირველი სამოდელო ”ნათლობა” 2003 წელს მოხდა. ავსტრალიის სატელევიზიო შოუ - ”სუპერმოდელების ძიებაში” - ქასტინგს ატარებდა ახალი სახეების აღმოსაჩენად. ავსტრალიის სააგენტოს ”ვივიენ მოდელ მენეჯმენტის” ხელმძღვანელმა, კრის ფოქსმა ათას მომლოდინე გოგონაში სწორედ მასზე შეაჩერა მზერა.
- ვცდილობდი, პერსპექტიული სახე აღმომეჩინა. ათასი მოზარდი მაინც ელოდებოდა შესარჩევ ტურს. უეცრად ჯემა შევამჩნიე. ის აშკარად გამოირჩეოდა სხვებისგან. ძალზე საინტერესო სახე და უცნაურად მეტყველი დიდრონი თვალები ჰქონდა. მივუახლოვდი და პირდაპირ ვკითხე:
- გინდა მონაწილეობა?
- არა, მეგობარს ვგულშემატკივრობ, - აგდებულად მიპასუხა.
- იცი, რომ საოცარი გოგონა ხარ? თუ დამიჯერებ და ქასტინგზე ჩაეწერები, არ წააგებ! - მისი დარწმუნება ვცადე.
კარგა ხანს ვერ დავითანხმე. ძალიან გამაწვალა, მაგრამ ბოლოს ჩემი გავიტანე... და ეს წვალება ღირდა ამად! ჯემა განუმეორებელია! - აღტაცებით იხსენებდა მომავალში კრის ფოქსი ჯემასთან პირველ შეხვედრას.
მართლაც, განუმეორებელი გარეგნობით უორდმა ადვილად შეძლო კონკურსის 20 საუკეთესო მოდელთა შორის მოხვედრა. მაშინ იგი მხოლოდ 15 წლის იყო. ქასტინგის შემდეგ ქერათმიანი გოგონა საიმედო ხელში მოხვდა და აღიარებამაც არ დააყოვნა.
ჯემას პირველი ფოტოები მალევე გამოჩნდა ავსტრალიის ყველაზე მაღალრეიტინგული მოდის ჟურნალის ფურცლებზე. ის საცურაო კოსტიუმში პოზირებდა. ფოტოსესია ასე იყო დასათაურებული: ”ამოუცნობის აღმოჩენა”. თავი უკან ჰქონდა გადაწეული და პირი ოდნავ ღია - ფოტოს გამაოგნებელი ეფექტი ჰქონდა!
რამდენიმე თვის შემდეგ ”ვივიენ მოდელ მენეჯმენტის” სამოდელო სააგენტოს უფროსმა სუზი დევერიჯმა უორდს მონაწილეობა მიაღებინა ავსტრალიის მოდის კვირეულზე, სადაც გოგონამ დიზაინერ ლაიზა ჰოს კოლექცია წარადგინა.
კვირეულის დამთავრების შემდეგ უორდი კვლავ გადაიღეს ჟურნალისთვის. ამჯერად აქცენტი მის უჩვეულო სახის ნაკვთებზე გადაიტანეს. კადრებზე გამოკვეთილი იყო ჯემას თვალები და ქერა თმის კულულები.
ჟურნალი და ფოტოები გამოსვლისთანავე გადაგზავნეს ამერიკაში, მანჰეტენის სამოდელო სააგენტო IMG-ში. სააგენტოს მენეჯერი დევიდ კენინემი რამდენიმე დღე დამუნჯებული აკვირდებოდა მოდელის სახეს.
- ჯანდაბას! ვინ იცნობს ამ გოგონას? რა ჰქვია? აუცილებლად უნდა ვიპოვო იგი! - ყვირილით აღმოხდა ბოლოს განცვიფრებულ დევიდს.
მენეჯერმა სასწრაფოდ გაგზავნა ავსტრალიაში მოთხოვნა უცნობ მოდელზე და დამატებით მოითხოვა მისი ფოტოები.
მოთხოვნა დააკმაყოფილეს. ეჭვი არ იყო - ახალ სახეს ნამდვილი ფურორის მოხდენა შეეძლო მოდის ბიზნესში. ამ პერიოდში კენინემი Prada-ს ჩვენების ორგანიზებით იყო დაკავებული.
მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა რასელ მარშთან, Prada-ს სახლის მენეჯერთან, რომელიც ჩვენებებისთვის მოდელებს არჩევდა. იმ დროს ჯემა არასრულწლოვანი იყო და აუცილებელი გახდა მშობლების თანხმობა. უორდების ოჯახი ხვდებოდა, რომ ამისთანა შანსი მეორედ არ მიეცემოდა და მაშინვე დათანხმდნენ შემოთავაზებას.
და აი, ჯემა უორდი ნიუ-იორკის დასაპყრობად გაემგზავრა. მარში გაოგნებული იყო ავსტრალიელი მოდელის სხეულის პროპორციებით. ”არ შეიძლება, ამ გოგონამ არ მიიღოს მონაწილეობა ჩვენს ჩვენებებში! - აღელვებული ამბობდა მენეჯერი,
- იგი არაჩვეულებრივად შეესატყვისება Prada-ს მოთხოვნებს: უნიკალურობა, სიძლიერე და ინდივიდუალურობა. პირველი ნახვისას არამიწიერი არსება მეგონა, სხვა სამყაროდან მოსული.
ზედმეტად სუსტია და ამავდროულად, ძალიან ძლიერი. მისი ერთობ უცნაური გამოხედვა მკვეთრად წარმოაჩენს Prada-ს ესთეტიკურ მხარეს, რაც თავისთავად, სრულიად უნიკალურია!”
თუმცა, პირველ რიგში, ჯემა მუჩია პრადას უნდა ენახა, რომ მისი კანდიდატურა დაემტკიცებინა, რის გამოც მილანში მოუწია გამგზავრებამ. დიზაინერმა უორდის სახის დანახვისას თავი ვერ შეიკავა და წამოიძახა.
- მზეთუნახავი!
ჯემას გაუმართლა. Prada-ს მოდის სახლზე ხომ მფრინავი ფრაზა დადის: ”თუ გსურთ, გაიგოთ, როგორი იქნება მომდევნო სეზონი, არ უნდა გამოტოვოთ Prada-ს ჩვენება!”
ეს ჩვენება სტარტი გახდა ახალგაზრდა მოდელისთვის. 2004 წლიდან ჯემას წინადადება წინადადებაზე მოსდიოდა. Yves Saint Laurent, Hermes, Louis Vuitton, Dior, Burberry, Versace, Jill Stuart, Jil Sander, Lagerfeld, Valentino და Balenciaga - ყველა დაინტერესებული იყო მისით და ყველა წამყვანი მოდის სახლის დეფილეს ამშვენებდა.
ნიუ-იორკის 50-ზე მეტ ჩვენებაში მონაწილეობდა, როგორც წესი, ხსნიდა და ხურავდა დეფილეებს. მისი ასაკის გოგონასთვის, თანაც ავსტრალიელისთვის, ეს ზედმეტი ფუფუნებაც კი იყო.
სამოდელო სააგენტო IMG იძულებული გახდა, ცოტათი შეეზღუდა კიდეც ჯემას სამუშაო. აღარაფერს ვამბობთ ამერიკულ Vogue-ზე, რომლის ყდა თუ გვერდები არაერთხელ დაუმშვენებია უცნაური გარეგნობის ლამაზმანს.
გარდა ამისა, ჯემა უორდი აზიის მოდის ბაზრისთვისაც ნამდვილი აღმოჩენა გახდა. 2005-მა წელმა ავსტრალიელ მოდელს არათუ დიდება, სერიოზული დივიდენდებიც მოუტანა. მან გააფორმა კონტრაქტი ჩინური Vogue-ს გამომცემლებთან, რამაც, რომ იტყვიან, ოქროში ჩასვა ჯემა უორდი.
ჟურნალის 300.000 ეგზემპლარი სამ საათში დაიტაცეს დახლებიდან.
იმავე წელს, სამოდელო ბიზნესის ახალგაზრდა ვარსკვლავმა მიიღო წინადადება, Calvin Klein-ის ახალი არომატის სახე გამხდარიყო. სუნამო Obsession Night-ის სარეკლამო ფოტოები ჯემას ცნობილმა ფოტოგრაფმა, მარიო სორენტიმ გადაუღო.
Calvin Klein-თან დადებულმა კონტრაქტმა ლამაზმანს 1.300. 000 დოლარი მოუტანა. შემდეგ წლებში ამავე თანხას უხდიდნენ მას Burberry და Valentino.
- მისი სხეულის ყოველი მილიმეტრი გარანტირებული აქციაა. ის მეორე მოდელია მსოფლიოში. არ დაგავიწყდეთ, რომ მხოლოდ 18 წლისაა, - სიამაყით აცხადებდა 2005 წელს სუზი დევერიჯი.
უორდს არასდროს შეშინებია სიძნელის. 28 დღის განმავლობაში, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი დიზაინერების 2006-07 შემოდგომა-ზამთრის კოლექციის 55 ჩვენებაში მონაწილეობდა.
როცა მუშაობა დაამთავრა, დასვენების ნაცვლად, ვიოლინოს შემსწავლელ კურსებზე დაიწყო სიარული. ”მუსიკა დიდებული გზაა, რათა განდევნო იმედგაცრუება და არ დაკარგო საკუთარი თავი”, - განაცხადა გოგონამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
გარდა მუსიკისა, ნიჭიერმა ავსტრალიელმა გადაწყვიტა, სამსახიობო ოსტატობასაც დაუფლებოდა. ითამაშა კიდეც ეპიზოდური როლი მოკლემეტრაჟიან ავსტრალიურ ფილმში ”ვარდისფერი პიჟამა”.
ამას მოჰყვა კიდევ ერთი ავსტრალიური ფილმი ”შავი საჰაერო ბუშტი”, სადაც მთავარი როლი განასახიერა.
ამბობენ, დიდება მარადიული არ არისო. ჯემას შემთხვევაშიც ასე მოხდა. 2007 წელს მოდელმა წონაში მოიმატა და პოდიუმს ნელ-ნელა ჩამოაშორეს.
თუკი მოარულ ხმებს დავუჯერებთ, ამის მიზეზი მისი ბოიფრენდის, მსახიობ ჰიტ ლეჯერის გარდაცვალება გახდა, რომელიც ნარკოტიკის ზედოზირებამ იმსხვერპლა. ჯემას დრო დასჭირდა, გამოეგლოვა საყვარელი ადამიანი, დაკარგა ცხოვრების ხალისი და კარგა ხანს კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა.
ახლა 23 წლის მოდელი ნელ-ნელა აღიდგენს ძველ ფორმას. მართალია, ჯერჯერობით სამოდელო კარიერას ვერ დაუბრუნდება, მაგრამ კინოში გაუჩნდა პერსპექტივა. იგი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მომღერალ ვანესა პარადის, ჯონი დეპის საყვარელ ქალს.
იქნებ სწორედ ამის გამო შეარჩიეს ქასტინგზე და დაამტკიცეს ჯეკის მეგობარი ქალის როლზე ფილმ ”კარიბის ზღვის მეკობრეების” მეოთხე ნაწილისთვის. შეგახსენებთ, რომ კირა ნაიტლიმ და ორლანდო ბლუმმა უარი განაცხადეს ამ ფილმის მომდევნო ნაწილში მონაწილეობაზე.
კირას მაგივრად პროდიუსერებმა პენელოპა კრუსი მიიწვიეს, ხოლო ჯემა მისი მეტოქე იქნება და მაცდუნებელ ქალთევზას როლს შეასრულებს. ამბობენ, ჯონი დეპი მის გაცნობაზე ოცნებობსო... როგორც ჩანს, ჰოლივუდის სექსსიმბოლოს ოჯახური იდილია მოჰბეზრდა.
ცხოვრება გრძელდება. რადგან ლამაზმანმა წონაში მოიმატა, Hermes, Louis Vuitton, D&G და Dior-ისთან გაფორმებული კონტრაქტები გაუქმდა, თუმცა ეს არ ყოფილა მისთვის სამყაროს დასასრული.
ჯემას ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო - ამ ეტაპს კინოსამყარო ჰქვია. ვნახოთ, როგორ დაგვამახსოვრებს თავს კინოში პოდიუმის მწვერვალიდან ჩამოსული ლამაზმანი...
ჟურნალი ”ბომონდი”
სვეტა კვარაცხელია