აგნესი Burberry-ს სახეა. ყველაზე, ყველაზე, ყველაზე განსხვავებული. ის არც ნაომი კემპბელს ჰგავს და არც ქეით მოსს. საერთოდ, არავის ჰგავს. მკვეთრი მზერა,მკვეთრი ქერა თმა და მოკლე ვარცხნილობა. ასეთია მისი სტილი. უხდება.აგნესი ჰქვია და Burberry-ს სახეა.
ნაბიჯი პირველი. სარკე.
ერთ დილით მშობლებმა აგნესის ოთახში უცნაური სარკე იპოვეს. არა, უფრო სწორად, ჩვეულებრივ სარკეს სჭირდა უცნაურობა - პომადით იყო დაჩხაპნილი.
- ჩემი პომადა! - აღმოხდა გაოგნებულ დედას. მერე გააცნობიერა - საწყალი სარკე! რა დაემართა ჩემს გოგონას?
აგნესი სკოლაში იყო და შეკითხვებს პასუხები მხოლოდ იქიდან დაბრუნების შემდეგ გასცა.
- მე დავხაზე, კი... - აღიარა მან - ცუდი სარკეა, უშნო ვჩანვარ.
დედა მეტისმეტად ემოციური იყო და ტირილი აუტყდა - შენ ხომ ძალიან ლამაზი და მაღალი გოგო ხარ, შვილო.
თურმე სწორედ ეს არ მოსწონდა - მაღალი რომ იყო და ყველასგან განსხვავებული. თან გამხდარი, გამხდარი, გამხდარი.
ეს ქალბატონი, ახლა რომ ტირის, ბავშვობაში ძალით აყლაპებდა ვიტამინებს და აძალებდა, ყოველ დილით კარაქიანი ბუტერბროდი ეჭამა. აგნესი უჯერებდა ხოლმე, თუმცა ისევ ისეთი გამხდარი დარჩა.
გენებს ვერ შეცვლი.
დედას - მატილდა დინს შვილთან საკამათოდ უამრავი სიტყვა დასჭირდა.
- ნუ გააფუჭებ სარკეებს - არწმუნებდა ის. საბოლოოდ, ტირილი აგნესმა დაიწყო.
ეს მშვენიერი სცენა იმით დამთავრდა, რომ მატილდამ შვილი სამოდელო სააგენტოში მიიყვანა.
- ახლა მაინც დარწმუნდი, რომ უამრავი გოგო შენსავით გამხდარი, მაღალი და ლამაზია!
აგნესი გაოცებული ათვალიერებდა მოდელებს. აქამდე აზრად არასოდეს მოსვლია, მათ დაჰკვირვებოდა.
"ეს იყო ჩემი პირველი დღე მოდის სამყაროში. არასოდეს დამავიწყდება. მადლობელი ვარ დედაჩემის, მან ზუსტად იმ გზაზე დამაყენა, რომელიც მინდოდა. გზაზე არა, პოდიუმზე. ისე, მე თუ მკითხავთ, პოდიუმი მოდის გზა კი არა, ბრჭყვიალა უღრანი ტყეა".
ვერ გეტყვით, როგორია ბრჭყვიალა ტყე, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ აგნესს გაუმართლა. ის ამ ტყის ბრჭყვიალა ხე აღმოჩნდა.
სხვათა შორის, იმ სარკეს პომადა ვერ მოაშორეს ან უბრალოდ, დაეზარათ. ვიღაცას ისიც დაეზარა, სარკე ნამსხვრევებად ექცია და სანაგვეზე მოესროლა. ვინ იცის, იქნებ ცრურწმენასაც აჰყვა.
ფაქტია, რომ ის ისტორიული სარკე აგნესმა რამდენიმე წლის მერე სადღაც, სხვენზე მიმალული იპოვა და საკუთარ ოთახში დაკიდა.
- ამ სარკეში ძალიან ლამაზი ვჩანვარ! - უთხრა მან დედას და გაუბედავად შეხედა. მიუხედავად თავდაჯერებისა, მშობლებთან, გულის სიღრმეში, თავს მაინც პატარა გოგონად გრძნობდა.
გზატკეცილი
აგნესი ქუჩას მიუყვება.
მაშინ ჯერ კიდევ არ ჰყავდა მანქანა და არც მართვის მოწმობა ჰქონდა. თეთრ "მერსედესზე" ფიქრს მერეც მოვასწრებ, ჯერ სრულწლოვანიც არ ვარ - იმშვიდებდა თავს.
მოჰკიდა ხელი რამდენიმე მეგობარს და სასეირნოდ წავიდა.
- გოგონა, რაღაც დაგივარდათ! - დაეწია უცნობი ბიჭი.
- მე?! არაფერი დამვარდნია - გაუკვირდა მოდელს.
- როგორ არა, ეს თქვენია, - და ბიჭმა ბლოკნოტი გაუწოდა, ძალიან ლამაზი ბლოკნოტი. აგნესი რაღაცას მიხვდა და გამოართვა. შემდეგ, მეგობრებთან ერთად გზა გააგრძელა.
საღამოს ერთად ათვალიერებდნენ ცარიელ ბლოკნოტს და ბოლოსწინა გვერდზე პატარა ციფრებით მიწერილი ტელეფონის ნომერი იპოვეს.
- დაურეკავ? - გაიცინა ერთმა.
- არა! - გაიბუტა აგნესი. - მე არ დავურეკავ.
ასეც მოიქცა.
იმ ბიჭმა კი...
ამ უჩვეულო რომანტიზმმა რომ არ გაამართლა, იცით, რა გააკეთა?! მოდელს არა მარტო დაურეკა, მთელი ქუჩა მისი პლაკატებით ააჭრელა. საინფორმაციო გამოშვების კულტურის ბლოკში ოდესღაც თავდაუჯერებელი გოგონა პირველად სწორედ ამ ამბის გამო მოხვდა.
"როგორ მიულოცეს დაბადების დღე დამწყებ მოდელს და ვინ გააკრა ყველა სახლის ფასადზე მისი ფოტოები..." - ასე დაიწყო წამყვანმა ამბის თხრობა.
შოტლანდია მშვიდი და მოწესრიგებული ქვეყანაა, ასეთი ამბები უჩუმრად ვერ ჩაივლიდა. ტელევიზიას კი, ხომ იცით, ორიგინალური ისტორიები აინტერესებს.
ის ბიჭი მის ცხოვრებაში არ დარჩენილა, სამაგიეროდ, კარგი საქმე გაუკეთა. მისით ერთი სამოდელო სააგენტოს მფლობელი დაინტერესდა, რომელიც ტელევიზორს უყურებდა.
"ვიფიქრე, ალბათ არის ამ გოგონაში რაღაც საინტერესო-მეთქი - ჰყვებოდა ჟან ერნო - ყოველთვის ვცდილობ, მოდელში სიღრმე დავინახო, ცარიელ გოგონებს უფრო ცარიელი თვალები აქვთ ფოტოებზე..." მან მიაგნო აგნესს და ნაკლებად ცნობილი სააგენტოდან საკუთარში გადაიყვანა.
იქიდან გოგონა დიდ პოდიუმზე აღმოჩნდა.
"პოდიუმი სწორი გზა არ გეგონოთ, ის ლაბირინთია. თავი ამ ლაბირინთში დაკარგულად არასოდეს მიგრძნია. პირიქით, ასე მგონია ხელში ჯადოსნური ძაფი მიჭირავს და გზა არასოდეს დამეკარგება" - ამბობს აგნესი.
ლაბირინთი
მოდელი მალე გახდა პოპულარული. მას ერთმანეთის მიყოლებით იწვევდნენ სხვადასხვა ჩვენებაზე.
- ვერც კი შევნიშნე, როგორ ან როდის ვიქეცი სუპერმოდელად. ვიცი, რომ ეს ნამდვილად დავიმსახურე.
გარეგნობა ღმერთის საჩუქარია. მას გაფრთხილება სჭირდება, ბევრს ვვარჯიშობ. არ მინდა გამხდარი ჩონჩხი ვიყო, ნავარჯიშევი სხეული მოქნილი და დახვეწილია".
სილამაზეს და პოპულარობას ერთი "ერთგული" მეგობარი ჰყავს. შური არც აგნესს მოჰკლებია.
ერთ-ერთ ჩვენებაზე...
- სად არის ჩემი კაბა? - იკითხა ოთახში სიცილი-კისკისით შემოსულმა აგნესმა, - ექსკლუზივია, არ დაგავიწყდეთ! იმედია, არ დავკარგავ! - ხუმრობდა.
ცოტა ხანში ხუმრობის სურვილი დაკარგა - კაბა ვერსად იპოვა. არადა, სთხოვეს საგანგებოდ გაფრთხილებოდა - კაბა, ძვირფასი თვლებით იყო მორთული.
- რა ღირს?! - აგნესი ტუჩებს იკვნეტდა და გონებაში უმისამართოდ ანგარიშობდა თანხას. - ქურდი, ქურდი... ვინ მოახერხა ასე ჩუმად აეწაპნა ძვირფასი კაბა? რომელმა?
საგრიმიოროში ერთი წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. იმ ვიღაცის გარდა, ყველამ უხერხულად იგრძნო თავი. სუპერმოდელს ატირებას და აკივლებას არაფერი აკლდა, მაგრამ დროულად მოთოკა თავი.
- იმასაც ზუსტად ეს უნდა. ვერ ეღირსება - მტკიცედ უთხრა თავის თავს და საოცარი ძალდატანებით გაიღიმა.
- არა უშავს, გადავიხდი, რაც უნდა ღირდეს.
გონებაში ის ჩვენებები წარმოიდგინა, რომელზეც იმის ფასად უნდა გამოსულიყო, რომ ამ ოხერი კაბის ღირებულება გადაეხადა.
- რა ვქნათ ახლა? - დაფიქრდა ორგანიზატორი - სტივს ვკითხოთ... ადრე თუ გვიან ხომ გაიგებს. სასწრაფოდ მოვიფიქროთ რამე.
იმ ვიღაც შურიან გოგონას, რომელმაც აგნესის კაბა "ვირტუოზულად" გააქრო, მაინც არ გაუმართლა - სუპერმოდელის გამოსვლას განსაკუთრებული ემოციებით შეხვდნენ - მას ტანზე წითელი ნაჭერი ჰქონდა შემოხვეული, რომელსაც სახელდახელოდ მიკერებული დიდი თვლები საოცრად ალამაზებდა.
ნაჭერი სამი შავი ქამრით იყო დამაგრებული.
მაინც მოახდინა ეფექტი!
ჩვენების შემდეგ მოდელმა კაბა საგრიმიოროს მაგიდის ქვეშ დადგმულ სანაგვე ყუთში იპოვა. რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა, მაგრამ სკანდალს ვერ ასცდა. არც უნდოდა ამის დამალვა, უბრალოდ, არ სურდა ამ ფარულ "შიდა ომში" დამარცხებული გამოსულიყო.
"პოდიუმი ლაბირინთია. და გასართობი, საკარნავალო ცენტრი! ჰო, ჰო, ზუსტად ასე... ძალიან გავერთე ამ ამბით... მინდა გითხრათ, კაბის პოვნა ისე გამიხარდა, ნაწყენიც არ ვარ! თუმცა დღემდე არ ვიცი, ვინ არის ამის "ავტორი". სამაგიეროდ, მეორე დღეს პრესაში მხოლოდ ამაზე ლაპარაკობდნენ.
არადა, ვცდილობ, სკანდალური არაფერი გავაკეთო. ხმაურიანი ამბები თვითონ მოდის ჩემთან".
ჯერ ახალგაზრდაა.
რომანტიკული შოტლანდიიდან რომანტიკულ ზღაპარში აღმოჩნდა.
ბევრი დრო და ბევრი ფული აქვს, რომელსაც ხშირად იმეტებს ქველმოქმედებისთვის.
ის ცნობილი დიზაინერების რჩეული მოდელია - მილანის, ლონდონის, პარიზის პოდიუმების სასურველი სტუმარი, ცნობილი ჟურნალების ყდების საყვარელი სახე, "პატარა გოგონა ველური გარეგნობით" და "ქერა, ძუ ვეფხვი".
სახლში ბევრი სარკე უკიდია და ყველაში ლამაზი ჩანს.
ქერა თმა აქვს და ბრჭყვიალა თვალები.
აგნეს დინ კანდიდსი ჰქვია.
Burberry-ს სახეა.
ჟურნალი "ბომონდი"
თამუნა თოდუა