სამოდელო ინდუსტრიის გარშემო ყოველთვის ბევრი მითი თუ ჭორი არსებობდა. სინამდვილეში რა ხდება ამ ყველაზე ლამაზ ბიზნესში? ამ თემით ბოლო დროს მეტად დაინტერესდნენ ჟურნალისტები და თვით სამოდელო ბიზნესის წარმომადგენლებიც და თანდათან წესრიგის დამყარებასაც ცდილობენ.
მას მერე, რაც ცოტა ხნის წინ ისრაელში ანორექსიული მოდელების პოდიუმზე გამოსვლა აკრძალეს, ამჯერად "სამოდელო ალიანსის" ორგანიზატორი, ყოფილი მოდელი სარა ზიფი გააქტიურდა. მას ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს მეთაური დიანა ფონ ფიურსტენბერგიც ამოუდგა გვერდში და გადაწყვიტეს, მუხლჩაუხრელად იბრძოლონ.
რას აკეთებენ მოდელები "პენსიაზე"? ამ საკითხით ადრე თუ გვიან ნიუ იორკის, მილანის თუ პარიზის პოდიუმებზე მოსიარულე ნებისმიერი მოდელი დაინტერესდება. ერთნი ოჯახის სასარგებლოდ აკეთებენ კარიერას და ჯერ კიდევ კარიერის პიკზე ცდილობენ, პერსპექტიული ოჯახი შექმნან.
სხვები შოუ თუ ფეშენბიზნესისკენ მიიჩქარიან და სტილისტის, მსახიობის, ფოტოგრაფის თუ დიზაინერის პროფესიებს ეუფლებიან. ვისთვისაც ეს ყველაფერი არ არის საკმარისი, საზოგადოებრივ მოღვაწეობას უძღვნის თავს. ასეთი არჩევანი გააკეთა სარა ზიფმა, რომელმაც მოდელების დამცველი ორგანიზაცია შექმნა - "სამოდელო ალიანსი".
29 წლის სარამ სამოდელო სფეროში დიდ სიმაღლეებს მიაღწია. ათი წლის წინ ალექსანდრ მაკქუინისა და ბალენსიაგას ჩვენებებზე ჰქონდა დებიუტი. მერე დოლჩე და გაბანასა და სტელა მაკარტნის რეკლამებში მონაწილეობდა და პრესტიჟული ჟურნალების გარეკანებზეც ხვდებოდა.
ექვსი წლის წინ კი პოდიუმი მიატოვა და კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩააბარა. სწორედ იქ მოუვიდა იდეა ალიანსის შექმნის შესახებ.
რაც შეეხება მის თანამოაზრე დიანა ფონ ფიურსტენბერგს, ის უკვე მრავალი წელია, იღვწის იმისთვის, რომ მოდელები "ჯანსაღად" გამოიყურებოდნენ და ანორექსიას ებრძვის. ის აპროტესტებს, რომ არასრულწლოვანი გოგონების დიდი ნაწილის რაციონი შამპანურისა და სიგარეტისგან შედგება.
დიზაინერის თაოსნობით, საზოგადოებაში განიხილავენ თითოეული შოუს წინ მოდელების ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფის შესაძლებლობას. საბჭო, ასევე, მოუწოდებს დიზაინერებს, არ აიყვანონ ჩვენებებისთვის თექვსმეტ წლამდე გოგონები. თუმცა ეს ბევრს როდი აჩერებს.
გასულ შემოდგომაზე პოდიუმზე დებიუტი ჰქონდა ხორვატიელ ვალერია სესტიჩს, რომელმაც ნიუ იორკში 15 დღეში 16 ჩვენებაზე მიიღო მონაწილეობა. ამ დროს ის 14 წლის იყო, თუმცა აგენტებმა რამდენიმე წელი მოუმატეს, რომ პრობლემები არ შეჰქმნოდა. სიმართლე რომ გაირკვა, უკვე გვიანი იყო.
ნიუიორკული გასტროლების შემდეგ ვალერიაზე დიზაინერებს ტაციაობა აქვთ - მათ მიაჩნიათ, რომ ის პოდიუმისთვის არის დაბადებული.
სარა ზიფსა და მის რამდენიმე თანამოაზრეს (მათ შორის, მოდელებს, უფლებათა დამცველებსა და იურისტებს) ასეთი სიტუაცია არ მოსწონთ. ზიფი მეტისმეტად ნაადრევი სტარტის, სამუშაოს თანამდევი ნარკოტიკების პროპაგანდისა და ანორექსიის, ასევე, სექსუალური ძალადობის წინააღმდეგია.
განსაკუთრებით ამოტივტივდა, ამ მხრივ, ფოტოგრაფ ტერი რიჩარდსონის სახელი, რომელმაც პროვოკაციული ფოტოებით გაითქვა სახელი. რამდენიმე მოდელი რიჩარდსონს არც ისე სასიამოვნო ბრალდებებს უყენებს.
რამდენიმე დამწყები მოდელის თქმით, გადასაღებ მოედანზე ტერი მეტისმეტად "გახსნილია" და ხშირად აიძულებს მოდელებს იმის გაკეთებას, რასაც მოდური ჟურნალების გარეკანებზე, ჩვეულებრივ, არ უჩვენებენ ხოლმე.
თავდაპირველად რიჩარდსონი ირწმუნებოდა, რომ ეს არშემდგარი მოდელების შურისძიება იყო. თუმცა მალე მათ ტოპმოდელმა რი რასმუსენმაც აუბა მხარი, რომელმაც დაადასტურა, რომ ტერი ხშირად სარგებლობს სამსახურებრივი მდგომარეობით და მის ფარგლებს სცილდება. თუმცა სკანდალი ჩაცხრა და რიჩარდსონთან არცერთ პრესტიჟულ გამოცემას არ დაურღვევია კონტრაქტი.
საგანგაშო ციფრები: მოდელების უმრავლესობამ მუშაობა 13-16 წლის ასაკში დაიწყო და მათ კასტინგებსა და ჩვენებებზე მშობლები არ ახლდათ თან. 80%-ზე მეტმა აღიარა, რომ ნარკოტიკები გაუსინჯავს, 50%-მა კი კოკაინის მოხმარება დაადასტურა. მოდელების თითქმის მესამედმა აღიარა, რომ სექსს აიძულებდნენ ის ადამიანები, ვისაც სამსახურებრივად ხვდებოდნენ ხოლმე.
თვით სარა ზიფი ამტკიცებს, რომ ეს აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. ბევრი მოდელი ჩივის არა მხოლოდ სექსუალური ძალადობისა და მუდმივად წონის დაკლების მოთხოვნის გამო (მიუხედავად სტანდარტული პარამეტრებისა), არამედ დეპრესიის გამოც, რომელიც ბევრი მოდელის პროფესიულ დაავადებად იქცა.
ალიანსი მოდელების შრომის ანაზღაურებითაც აპირებს დაინტერესებას, რადგან ცნობილია, რომ ბევრი დიზაინერი გოგონებს "ნატურით" უხდის - ჩვენებებიდან ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს უტოვებს. ეს კი უსამართლობაა სარა ზიფის აზრით, რომელიც მთელი მსოფლიოს მოდელებს მოუწოდებს, მუშაობის დროს, პირველ რიგში, ტვინი გამოიყენონ და არა ლამაზი თვალები თუ გრძელი ფეხები.