Prada-სთან თანამშრომლობამ მოდელს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი. იგი უკვე მეექვსე სეზონია, ამ კომპანიის უცვლელი სარეკლამო სახეა.
დაიბადა მოსკოვში, 1986 წლის 21 იანვარს. 25 წლისაა და უკვე ცნობილი მოდელია, რომელმაც დაიპყრო ევროპა და ამერიკა. მისი ფოტოები მსოფლიოს მოდის წამყვანი ჟურნალების გარეკანებს ამშვენებს.
უკვე ექვსი სეზონია, მიუჩო პრადას სარეკლამო სახეა. ასეთი რამ მოდის ისტორიაში ჯერ არ მომხდარა. ამ მხრივ საშა ერთადერთია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი რეკორდსმენია. ჯერ არც ერთ მოდელს არ მოუხსნია ეს რეკორდი მსოფლიოში.
გარდა ამისა, იგი კოსმეტიკური კომპანიის Biotherm-ის სახესაც წარმოადგენს.
ხატავს... თანაც შესანიშნავად. ბავშვობიდან დადიოდა ხატვის წრეზე, ხოლო დედას იგი ყოველკვირა დაჰყავდა მუზეუმებში, სადაც ცნობილი მხატვრების ფერწერულ ნამუშევრებს აცნობდა. ახლა თვითონ დადის, დამოუკიდებლად...
და არა მხოლოდ რუსეთის ქალაქებში მდებარე მუზეუმებში... მსოფლიოს ყველაზე ცნობილი გალერეები და მუზეუმები აქვს დათვალიერებული... შესწავლილიც კი. უდავოდ ნიჭიერი გოგონაა. ახლო მომავალში საკუთარი ნახატების გამოფენასაც აპირებს, თანაც პარიზში.
ეს მისი უახლოესი გეგმებია. ერთხელ უკვე დაიბეჭდა მისი ნამუშევრები ცნობილ ჟურნალებში - L'Officiel-სა და Harper's Bazaar-ში. ჰყავს მეუღლე, ფოტოგრაფი იგორ ვიშნიაკოვი. სწორედ მისი წყალობით გახდა მოდელი.
ცისფერთვალება და ქერათმიანი საშა გამოირჩევა არასტანდარტული სახის მოყვანილობით, დიდრონი თვალებით, სქელი, გაბუტული ტუჩებით და მაღალი ყვრიმალებით. ამიტომაც შეარქვეს მას, ისევე როგორც ჯემა უორდს, "მოდელი-უცხოპლანეტელი". იგი მსოფლიოს წამყვანი მოდელების ხუთეულში შედის.
მორჩა! გრძელფეხება და დიდმკერდიანი მოდელების დრო წავიდა! ახლა პოდიუმზე სლავური გარეგნობის გამხდარი მოდელები "დედოფლობენ" - ქერა გოგონები დიდრონი, უძირო თვალებით და ჩამქრალი ემოციებით. საშა სწორედ ასეთია.
არადა, ერთ დროს ერთი ჩვეულებრივი მოსკოველი გოგონა იყო, საშუალო შეძლების ოჯახში იზრდებოდა თავის სამ დასთან ერთად, სწავლობდა რუსეთის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ისტორიულ ფაკულტეტზე, პარალელურად კი ხატვით იყო გატაცებული.
მისი მომავალი ბედი შემთხვევითობამ გადაწყვიტა. არასდროს უოცნებია მოდელობაზე, სანამ იგი ფოტოგრაფ იგორ ვიშნიაკოვს არ შეხვდა. ეს მოხდა 2005 წელს.
როცა მამაკაცმა გოგონას ფოტოები გადაუღო, იმდენად გააოგნა მისმა უჩვეულო სილამაზემ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გადაგზავნა მისი სურათები ნიუ-იორკის სამოდელო სააგენტო IMG-ში. სწორედ ეს დაედო საფუძვლად საშას სამოდელო კარიერას.
შედეგმა არ დააყოვნა. სააგენტო მაშინვე დაინტერესდა საშათი და "დამკვეთმაც" დრო იხელთა - პივოვაროვა თანამედროვე მოდის ერთ-ერთმა მამამთავარმა, მიუჩა პრადას მოდის სახლმა შეამჩნია და გოგონას შესთავაზა, გამხდარიყო მისი კომპანიის ახალი სარეკლამო სახე.
ზუსტად ორი კვირის შემდეგ საშა უკვე გამოჩნდა მილანში, Prada-ს დეფილეზე. Prada-სთან თანამშრომლობამ მოდელს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი. იგი უკვე მეექვსე სეზონია, ამ კომპანიის უცვლელი სარეკლამო სახეა. ამ ბრენდის არც ერთი ჩვენება, სარეკლამო რგოლი თუ ღირსშესანიშნაობა საშას გარეშე არ ჩაივლის.
ოცი წლისა უკვე ისეთი ცნობილი გახდა, მასზე ყოველდღე იზრდებოდა მოთხოვნა. ცნობილი ბრენდები ერთიმეორის მიყოლებით სთავაზობდნენ მოდელს კონტრაქტს, ერთი კომპანია მეორეს ცვლიდა.
Gucci, Alexander McQueen, Dior, Louis Vuitton, Marc Jacobs, Ralph Lauren, Chloe, Valentino, Givenchy, Jean Paul Gaultier, Hermes, Kenzo, Dolce&Gabanna, Balenciaga, Fendi...
მოგზაურობს ბევრს... მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო... მონაწილეობს ყველაზე ხმაურიან მოდურ შოუებში. კოსმეტიკური მარკები რიგში დგანან, რათა იგი თავიანთი ნაწარმის სარეკლამო სახედ გადაიღონ - Giorgio Armani, Olay, Tiffany და, რა თქმა უნდა, Biotherm - რომლის პროდუქციაზე მოთხოვნა, საშას წყალობით, ორჯერ გაიზარდა.
მოდის წამყვანი ჟურნალები, Vogue-ის "თამადობით", თითქმის ყოველ ნომერში აქვეყნებს პივოვაროვას ფოტოსესიას, რომ აღარაფერი ვთქვათ გარეკანზე.
ოთხ თვეში ისწავლა ინგლისური ენა. მას დასავლეთში, არც მეტი, არც ნაკლები, რუს ქეით მოსად მოიხსენიებენ. წინამორბედისგან განსხვავებით, საშას არ სჭირდება თავის სილამაზეში "დოპინგის" გამოყენება.
იგი ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს. საუკეთესო დიზაინერების ახალგაზრდა მუზა ვეგეტარიანელია. მის ყოველდღიურ მენიუში მხოლოდ ხილი და ბოსტნეული შედის. გარდა ამისა, მოდელი ჩინური სამზარეულოს მოყვარულია და უყვარს ჩაი ულუნი.
ხშირად მიირთმევს უნიკალური გემოს მქონე ამ არომატულ სასმელს, თანაც დიდი რაოდენობით! ჩაის ეს სახეობა ხელს უწყობს ორგანიზმიდან ცხიმის სწრაფად გამოდევნას.
ტოპმოდელის მეორე საიდუმლო კუნფუა. ჩინური საბრძოლო ხელოვნების ეს სახეობა აუმჯობესებს კოორდინაციას, ასწავლის ადამიანს, სხეულის გაჯანსაღების მიზნით, როგორ გააკეთოს ზუსტი მოძრაობები. არ სვამს, არ ეწევა, არ იყენებს დიდი დოზით კოსმეტიკურ საშუალებებს... ეს მისი სილამაზის კიდევ ერთი საიდუმლოა...
დიდება, ფული, სილამაზე, აღიარება, ბინა ნიუ-იორკში - მას ეს ყველაფერი აქვს. ნუთუ კიდევ შეიძლება რამე ინატროს ადამიანმა? ალბათ არა, თუმცა საშას ფერწერა უყვარს... უყვარს და ენატრება ამ სფეროში სერიოზულად მუშაობა.
ის მუდამ ხატავს... ის ყველგან ხატავს... სადაც უნდა იყოს და ყველაფერზე, რაც ხელში მოხვდება - ბლოკნოტში, თაბახის ფურცელზე. ხელსაწმენდზე, ხალიჩაზეც კი... თუ ფანქარი თან არ აქვს, პომადითაც შეუძლია კონტურები მოხაზოს.
ყველგან შეუძლია ხატოს, პოდიუმზე გასვლის წინაც კი, როცა ყველაფერი თავზე აყრია და წამები უკლია მის გამოსვლას, როცა სხვები კულისებში ნერვიულობენ. Matthew Williamson-ის ერთ-ერთი ჩვენების დროს, სანამ პოდიუმზე გავიდოდა, საკუთარი ავტოპორტრეტი დახატა და სცენაზე ამ ნახატით გავიდა...
ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელიც ყოველთვის მის გვერდითაა. ახლახან იგორმა სპეციალურად მისთვის, ნიუ-იორკის ბინაში, სამხატვრო სტუდია მოაწყო. მისი ლამაზი ცოლი ხომ მომავალში გალერისტობას აპირებს!
"მან ჩემი სულის ყველა "კუნჭული" იცის, - ამბობს საშა, - ჩვენი ურთიერთობა სიყვარულზეა აგებული, ნდობასა და უსასრულო თანადგომაზე. არსებობენ მამაკაცი-ქვები, რომლებიც დაბლა, ფსკერისკენ გეზიდებიან, ამასთან, არსებობენ მამაკაცი-ფრთები, რომლებიც მაღლა აფრენის შეგრძნებას გიქმნიან. იგორი ჩემთვის მამაკაცი-ფრთებია".
მას განსაცვიფრებელი, ავაზისებური გრაცია აქვს პოდიუმზე და პირველი მოდელია, რომელმაც თავის საქმეში ჯერ კიდევ უცნობი "სასიკვდილო მზერა" გამოიყენა, თუმცა დღეს უკვე ბევრი ცდილობს, მიჰბაძოს მას.
- მე დავდივარ ისე, როგორც დავდივარ, - ღიმილით ამბობს საშა, - ყოველთვის სიგიჟემდე მიყვარდა დრამა და ჩემი შთაგონების წყაროს მუდამ წარმოადგენდა მეოცე საუკუნის დასაწყისის მუნჯური კინო - მსახიობთა გაყინული მზერა, გულგრილი, უემოციო, სნაიპერული გამოხედვა...
ჩემი აზრით, ეს სწორედ ის სიახლეა, რომელიც მე შემოვიტანე მოდის სამყაროში - მზერით შთაგონებული სიბნელე და დრამატიზმი, რუსული ლიტერატურა და დრამა... სამაგიეროდ, რეალურ ცხოვრებაში ძალიან თბილი ადამიანი ვარ და ყოველთვის ვიღიმი, თუნდაც ცუდ ხასიათზე ვიყო...
ფოტოგრაფებს სიამოვნებთ მასთან მუშაობა. ის დამყოლია, უსიტყვო, დაუღლელი და ზედმიწევნით ითვალისწინებს შენიშვნებს. როცა საშა ფოტოგრაფთან მუშაობს, როგორც თავად ამბობს, ამ დროს თიხაა ოსტატის ხელში, რომელმაც მისგან ქანდაკება უნდა გამოძერწოს...
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოდური გოგონას, ტოპმოდელისა და Biotherm-ის ახალი სახის საშა პივოვაროვას ბლიც-ანკეტა:
1. ჩემი სტილი: პროფესიის წყალობით, პირველი ვიგებ და ვირგებ მოდის ახალ ტენდენციებს, მაგრამ არასდროს ამიტაცებია იგი. ჩემი არჩევანი ეკლექტიკაა: მომწონს კაშკაშა ფერები, გრაფიკული ფორმები, ბევრი ფერი და ბევრი აქსესუარი.
2. ვაფეტიშებ: შლაპებს. ათობითაა ჩემს გარდერობში.
3. ჩემი ვნება: მანქანაში მაქვს ფეხსაცმელი ნებისმიერი შემთხვევისთვის: საბარგულში Prada-ს და Giambattista Valli-ს მთელი კოლექციებია.
4. ჩემი ავტორიტეტები: დიზაინერები, რომელთა ტალანტის წინაშე ქედს ვიხრი, - მიუჩა პრადა, ჯანბატისტა ვალი და რიკ ოუენსი.
5. სტილის კერპი: სტილი მრავალგანზომილებიანი ცნებაა. ამიტომ კერპად მილა იოვოვიჩს მივიჩნევ - ქალს წუნდაუდებელი გემოვნებით, შესანიშნავ მოდელს, მსახიობსა და მოსიყვარულე დედას.
6. მინიმალიზმი: ვთვლი, რომ საუკეთესო მაკიაჟი - მისი არარსებობაა. იგივე მთელ გარესახეს ეხება: ვერ ვიტან გადამეტებას. სასიამოვნოა, რომ natural look-ი მეც მომწონს და ჩემს მეუღლესაც.
7. ქუსლები: ნებისმიერ სიტუაციაში ბრტყელ ძირებს და ე.წ. "ბალეტკებს" ქუსლები მირჩევნია.
8. სილამაზეზე: ლამაზია ქალი, თუ ჯანსაღი მბრწყინავი კანი აქვს. თუმცა, მთავარი მაინც შინაგანი სილამაზეა.
9. Biotherm-ზე: ეს კოსმეტიკა ბავშვობიდან ვიცი: დედაჩემი იყენებდა და იყენებს დღესაც. გარდა ამისა, Biotherm-ი აქტიურად იბრძვის (როგორც მე), გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ. ჩემთვის, როგორც ამ მარკის დესპანისთვის, ახლა გაცილებით ადვილია, პლანეტის დაცვის იდეების ადამიანებამდე მიტანა. ადრე მათი გამოხატვა მხოლოდ ნახატებით შემეძლო.
10. არომატებზე: ჩვეულებრივი სუნამოების ნაცვლად არომატულ ზეთებს ვიყენებ. ყველაზე საყვარელი ვარდის ზეთია.
ჟურნალი "ბომონდი"
სვეტა კვარაცხელია