ჯერ ჩინეთი იყო, მერე - თურქეთი, ახლა - საფრანგეთი.
არადა, მხოლოდ ჩვიდმეტი წლისაა.
"ძალიან მიყვარს კითხვა, პროფესიად კი, ფსიქოლოგობა მინდა ავირჩიო".
ეს ანა კოვაჩია - სააგენტო "იმიჯ-ცენტრის" მოდელი.
2008 წელს, საერთაშორისო სამოდელო კონკურსმა "ელიტ მოდელ ლუქ"-მა, რომელსაც საერთაშორისო სამოდელო სააგენტო "ელიტ მოდელ მენეჯმენტი" ატარებს, ოცდახუთი წლის იუბილე აღნიშნა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩინეთში ოცდახუთი საუკეთესო მოდელი შეარჩია.
როგორ გგონიათ, ვინ მოხვდა მათ შორის?!
"ჩემი სახელი რომ გამოაცხადეს, თავიდან ვერც დავიჯერე, რომ ეს ნამდვილად მე ვიყავი".
ქართველი მოდელების კიდევ ერთი დიდი წარმატება - ანა კოვაჩი, როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული, "ელიტ მოდელ მენეჯმენტმა" სამი თვით პარიზში მიიწვია.
მანამდე ანა ერთთვიანი კონტრაქტით თურქეთში გაემგზავრა. დაძაბული რეჟიმი, გადაღებები, მისი ფოტოები ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალის გარეკანზე - ასეთი იყო თურქული ვოიაჟი. "ამ დროს საკუთარ თავთან მარტო რჩები, იზრდები და დამოუკიდებელი ხდები. თავდაჯერებაც გემატება".
ფოტოსესია გამოცდილმა ფოტოგრაფმა გადაუღო. გადაღებებზე კარგად იხალისა. "ერთდროულად ოთხი პარიკი დამახურეს, მძიმე იყო, - იცინის ანა, - თუმცა, გავერთე. უჩვეულო გარემო დამახვედრეს, ორიგინალური განათება, სხვადასხვა კოსტიუმი..."
თბილისში ჩამოსულს, სააგენტოს კედელზე ვიღაც გოგონას დიდი პლაკატი დახვდა გაკრული. "რა ლამაზია, - გაიფიქრა ანამ და ჩაიარა. რამდენიმე წამში უკან გამობრუნდა - მოიცააა! ეს მე არ ვარ?"
ასე "იპოვა" მოდელმა თავისი თავი - უცხოელი ფოტოგრაფის ნამუშევრებში (რომელიც ჯერ ნანახი არ ჰქონდა) იმდენად შეცვლილი იყო, რომ საკუთარი თავი ვერ იცნო!
"მანამდე დიდად არ მაინტერესებდა, როგორი ფოტოები მოხვდებოდა პორტფოლიოში, ახლა კი, დიდ ყურადღებას ვაქცევ და სულ ვფიქრობ, რომლებია საუკეთესო, რომ ამისთვის გამომადგეს. მოდელისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, სხვადასხვაგვარად და თან პროფესიონალურად გამოიყურებოდეს".
მოდელების პარამეტრები მთელ მსოფლიოში ერთნაირია - მაღალი, გამხდარი, დახვეწილი. თუმცა ამას დიდი შრომაც სჭირდება. ანამ ისიც იცის, რომ შრომასთან ერთად, ახლა ძალიან სჭირდება კარგი პორტფოლიო, ვინაიდან უკვე სერიოზული კარიერა ელოდება.
"ამისკენ გზა კი "ელიტ-მოდელ-ლუქის" კონკურსმა გამიხსნა."
თურქეთში ყოფნა მოეწონა. ჩინეთშიც საინტერესო დრო გაატარა.
ახლა პარიზული ზღაპარი იწყება.
იმ წუთებში, როცა მე და ანა ვსაუბრობთ, მოდელი საფრანგეთში გასამგზავრებლად ემზადება. გრაფიკი ისევ რთული იქნება - კასტინგები, გადაღებები, ჩვენებები.
ჯერ არ ღელავს. "თავიდან მშვიდად ვარ ხოლმე, მერე სამი დღე რჩება, ორი, ერთი, ბოლო დღე და ბოლო საათს უკვე ძალიან ვნერვიულობ. როგორც კი ვხვდები, რომ თვითმფრინავში ვარ და ყველაფერი რიგზეა, ვმშვიდდები და ვფიქრობ, ნეტა, რატომ ვღელავდი-მეთქი".
სამთვიან მიწვევას რა მოჰყვება, არავინ იცის. არც ის აქვს გადაწყვეტილი, როდის შეწყვეტს მოდელის კარიერას - "სანამ კარგი კონტრაქტები მექნება, ამ სფეროში ვიქნები. თუ მიწვევას საფრანგეთიდან მივიღებ, არც იმაზე ვიტყვი უარს".
ასე თუ მოხდა, პარიზში შეიძლება რამდენიმე წლითაც დარჩეს, მაგრამ ოჯახი ძალიან მოენატრება - დედა, მამა, ძმები და, ცხადია, მეგობრები. "შეყვარებული არ მყავს, თუმცა წიგნებში ბევრი წამიკითხავს ამ გრძნობაზე". წიგნებიდან, რა თქმა უნდა, რომანტიკა ისწავლა და ასე წარმოუდგენია: "ერთ დღეს მიხვდები, რომ მორჩა - გიყვარს!".
როგორი ბიჭი უნდა იყოს?! "მიზანდასახული, განათლებული, დადებითი და ყურადღებიანი ადამიანი".
ისეთი, როგორიც თვითონაა.
ერთ-ერთი პრობლემა, რაც დატვირთულმა გრაფიკმა მოუტანა - დროის განაწილებაა. "ახლა ცოტა დრო მაქვს თავისუფალი და ჩემები მენატრება ხოლმე. ვცდილობ, მეტი დრო დავუთმო მეგობრებს".
წიგნები ბევრჯერ ვახსენეთ და არა შემთხვევით. ანა ბევრს კითხულობს. თუ ცნობილი მოდელი გახდება, მასზე ვერავინ იტყვის, ლამაზია, მაგრამ ჭკვიანი არ არისო. მალე სკოლასაც დაამთავრებს, ჯერჯერობით კი, რუსთავის ერთ-ერთ
სკოლაში სწავლობს. ალბათ, სწავლას ცოტა დროს უთმობს. - ხომ ასეა? - ვეკითხები.
ანა იღიმის. - "კლასში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვარ - კონფერენციები, ჯილდოები, დიპლომები... წიგნები თურქეთშიც მქონდა წაღებული და ვმეცადინეობდი. პარიზშიც მიმაქვს. სწავლას არ ჩამოვრჩები".
არა, ეს გოგონა ბევრს მიაღწევს.
არადა, მხოლოდ ჩვიდმეტი წლისაა.
დაიმახსოვრეთ მისი სახელი და გვარი - ანა კოვაჩი, სააგენტო "იმიჯ-ცენტრის" მოდელი.
ჟურნალი "ბომონდი"
თათა თოდუა