ჟურნალი "ვოგი" ისევ აგრძელებს აქციას მოდელების საყოველთაო შიმშილობისა და სიგამხდრის წინააღმდეგ. ამჯერად სუპერმოდელ ტაირა ბენქსს ერგო პატივი, ნორჩ კოლეგებს საკუთარი მაგალითით აუხსნას, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრება და არა შიმშილობა, თუნდაც მოდელობა ჰქონდეთ გადაწყვეტილი.
ტაირა არასდროს ყოფილა გამხდარი, ამ სიტყვის დღევანდელი გაგებით. "პოდიუმზე ვერ მოვხვდებოდი, დღეს რომ ვიწყებდე კარიერას". ტაირა ჩვენი საზომებით 42-44 ზომას ირგებს და არ მოსწონს სილამაზის დღევანდელი სტანდარტები. მიაჩნია, რომ მოდის ბიზნესში ჯანსაღი სხეულის მქონე გოგონების დიდი ნაკლებობაა.
"ახლა ყველას სურს, რომ მოდელს ნულოვანი ზომა ჰქონდეს. მე როცა ვიწყებდი, არც კი ვიცოდი, რომ ასეთი ზომა არსებობდა", - ამბობს ჰარვარდის კურსდამთავრებული ტაირა და მსოფლიოს მოდელებს მიმართავს.
ვარსკვლავის თქმით, ახალგაზრდა მოდელები გამუდმებით ურეკავენ და ჩივიან. "ტაირა, ძალიან მშიერი ვარ, ისე დავიღალე... მაგრამ პოდიუმიდან და მაღალი მოდიდან წასვლა არ მინდა! მწვერვალზე უნდა დავრჩე", - დაახლოებით ასეთ აღიარებებს ისმენს ტელეფონით.
"იმედი მაქვს, "ვოგის" ახალი ინიციატივის წყალობით, ასეთი ზარები შემცირდება, - ამბობს ტაირა და დასძენს, - მე პირადად სწორედ შიმშილობაზე უარის თქმამ მაქცია ჯერ სუპერმოდელად, მერე კი ბიზნესქალბატონად".
პოდიუმის ყოფილ მოდელს არასდროს დასხმიან თავს გამხდარი მოდელების მოყვარულები. ინტერნეტში ერთხელ ტაირას ფოტო გამოჩნდა, რომელშიც საკმაოდ ტანსრული ჩანს. მაშინვე გაჩნდა დაცინვაც, რაზეც არ დაახანა მოდელის პასუხმა: "ჩემს მსუქან უკანალს ემთხვიეთ ყველანი!" - შეუთვალა ავის მოსურნეებს.
ტაირა დედებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ, როგორ იკვებებიან მათი შვილები. "ერთხელ მითხრეს, რომ ცოტა პუტკუნა ვიყავი რომელიღაც დიზაინერის ჩვენებაში მონაწილეობის მისაღებად.
იცით, რა გააკეთა დედაჩემმა, რომ დავემშვიდებინე? ცრემლები მომწმინდა და... პიცის საჭმელად წამიყვანა! და ჩვენ ერთად მოვიფიქრეთ, როგორ გვექცია ჩემი აღნაგობა ღირსებად".
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)