ამერიკელი მოდელი ჰალიმა ადენი პოდიუმზე გამოსვლაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ მან საზოგადოებას ამ ცოტა ხნის წინ ამცნო. ჰალიმა სამოდელო ბიზნესიდან წასვლის მიზეზად მისი რელიგიის მიმართ საზოგადოების ნეგატიურ განწყობას ასახელებს. შეგახსენებთ, 23 წლის ჰალიმა პირველი ქალი მოდელია, რომელიც ბრიტანული "ვოგის" გარეკანზე ჰიჯაბით გამოჩნდა.
ჰალიმამ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე“ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კარიერის დატოვების მიზეზებსა და თავის განვლილ გზაზე წერს. მისი თქმით, გადაღებების წინ ლოცვების გამოტოვება, არაკომფორტული სამოსის ჩაცმა, ჰიჯაბის სხვა სტილში მორგება მისი რელიგიის ღალატია და გადაღებებსა და მოდების ჩვენებებში მონაწილეობაზე საბოლოოდ უარს ამბობს. "უკვე გავაანალიზე, სად დავუშვი შეცდომა და ამ პროფესიიდან მივდივარ", - წერს ის.
როგორც ადენი ჰყვება, ამერიკული ჯინსის სამოსის გადაღებისას მას ჰიჯაბის მაგივრად თავზე ჯინსის სამოსი შემოახვიეს, რამაც მოდელს დისკომფორტი შეუქმნა.
"რატომ მივეცი მათ საშუალება, თავზე ჯინსი შემოეხვიათ, როდესაც ხშირად მოკლე კაბის ჩაცმაზეც არ ვიყავი თანახმა. მაშინ ძალიან სასოწარკვეთილი დავრჩი, ვიგრძენი, რომ დავკარგე კავშირი ჩემს თავთან, იმასთან, ვინც რეალურად უნდა ვყოფილიყავი“, - ამბობს ჰალიმა.
როდესაც 18 წლის ასაკში ჰალიმა სამოდელო სფეროში გამოჩნდა, თავისი რელიგიური ხედვების საწინააღმდეგოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოუწია, თუმცა ასობით გადაღების შემდეგ მოდელი მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეეძლო და სამოდელო სფეროზე უარი თქვა.
"ატარო ჰიჯაბი - მართლაც დიდი მოგზაურობაა, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. თუ ჩემი ჰიჯაბი არ შეიძლება სხვებისთვის ხილული იყოს, მაშინ ჩავთვალოთ, რომ არც მე ვჩანვარ მათთვის. მე მხოლოდ ჩემი თავის დადანაშაულება შემიძლია იმაში, რაც მოხდა. ჩემ ირგვლივ ქალებს კვლავ არ ესმით, რატომ ვატარებ ჰიჯაბს და რატომ არის ეს ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი“, - აღნიშნავს ჰალიმა ადენი.
მოდელის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს პოპულარულმა მომღერალმა რიანამ და დებმა ბელა და ჯიჯი ჰადიდებმა.
ჰალიმა კენიაში, ლტოლვილთა ბანაკში დაიბადა. მისი ოჯახი სომალიდანაა. 6 წლის ასაკში ჰალიმა ოჯახთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. პირველად ის ამერიკულმა სამოდელო სააგენტომ 18 წლის ასაკში აღმოაჩინა და მოდელი მინესოტის შტატის სახელით სილამაზის კონკურსში ნახევარფინალში მოხვდა.
ის იყო პირველი ქალი მოდელი, რომელიც მოდის სფეროში ჰიჯაბით გამოჩნდა და მალევე სილამაზის კონკურსიდან მოდის კვირეულებზე გადაინაცვლა. ჰალიმა რიანას მაკიაჟის ბრენდის სახე გახდა და მან რამდენიმე სერიოზულ ბრენდთანაც ხანგრძლივად ითანამშრომლა.
როგორც მოდელი ამბობს, კარიერის განმავლობაში მან ბევრჯერ დაარღვია ისლამური რელიგიის წესები. მას უწევდა სხვადასხვა ნივთბით დაეფარა სხეული იმისთვის, რომ შიშველი არ გამოჩენილიყო და რამდენჯერმე მოდელს ჰიჯაბის ტარების გამოც მოსვლია უთანხმოება. განაგრძეთ კითხვა