დილაა. გუშინ წვიმდა. დღეს მზე ჩანს ხასხასა ცაზე. ალბათ, დარი იქნება. ჟიზელი იღვიძებს.
ეს მალიორკაა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ჟიზელის საყვარელი კურორტი. არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან ერთად ესტუმრება კუნძულს, რა ღირს დასვენება სეზონზე, რა ხდება მოდის სამყაროში და როგორი ამინდია.
გოგონა ყოველ წელს მოდის აქ, გაურბის ყველა პაპარაცს (ვითომ?) და ისვენებს - ყველასა და ყველაფრისგან.
ჰოდა აქ, წესით, არასოდეს წვიმს.
იზელი ადგა და ნელა გააღო ფანჯარა. ოთახში მზე შემოიჭრა. სარკეები აელვარდა. მოდელი მოტრიალდა – მართლაც რა წერწეტა ვარ – გაიფიქრა. სულ ტყუილად ატეხეს ერთი ამბავი, ნუთუ შეიძლება ასეთი მშვენიერი სხეული ”ანორექსიის პოპულარიზმში” დაადანაშაულო?
რა მისი ბრალია, თუ ვინმემ ამას ვერ გაუძლო... ჰო, ისიც შეზღუდულად იკვებება. ჰო, ბანალურია და, შოკოლადი მოენატრა...
რას იზამ. სამაგიეროდ, ახლა აქ ისვენებს. მალიორკაზე. და, რაც ასე უჩვეულოა - მარტო.
მარტოა. სულ მარტო, არც ქმარი წამოუყვანია. ტომ ბრედი ხვალ ჩამოვა. დღეს კი მისი დღეა.
დაიღლები და დასვენება სანატრელად გექცევა, როცა ერთდროულად ოც სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობ. ყველაზე საყვარელი მაინც, Dolce & Gabbana - ორი საყვარელი დიზაინერი და ცნობილი ფირმა. საკუთარ წარმატებებზე ფიქრს სწორედ ამით იწყებს.
მერე თითებზე ითვლის (და არ ჰყოფნის დასათვლელად) - კრისტიან დიორი, ვერსაჩე, ჟივანში, ბულგარი, გერლენი, ვალენტინო, რალფ ლორენი, ზარა, ქლო, ლუის ვიტონი, მისონი, ვიქტორია’ს სეკრეტი...
ყველას სახე იყო. საუკეთესო ფოტოგრაფები იღებენ. ელი, ვოგი, ალური, მერი კლერი, ენქვაიერი - საუკეთესო ჟურნალები პატივად მიიჩნევენ, თუ მათ ყდაზე გამოჩნდა.
კარზე აკაკუნებენ.
- შემოდით, - ამბობს ჟიზელი.
- რამე ხომ არ გნებავთ? - კითხულობს თეთრ ფორმაში გამოწყობილი გოგონა.
რა თქმა უნდა, ნებავს - ალუბლის წვენი, ისეთივე ხასხასა და მიმზიდველი, როგორიც თვითონაა.
ჰო, ის ბრაზილიაში ცხოვრობდა. არც მეტი, არც - ნაკლები, ერთ პატარა სოფელში. მოდელი კი არა, ჟურნალი პირველად... თოთხმეტი წლისამ ნახა.
ჟიზელმა ალუბლის წვენი მოსვა და ხენდროს ნამცხვარს დასწვდა. დღეს შეიძლება - მალიორკაზე ყოფნისას შეიძლება კალორიული საოცრებების დაგემოვნება.
ჰო, ნამდვილად ასე იყო. რას იზამ? ამით ამაყობს, თუმცა გულის სიღრმეში, ცოტა რცხვენოდა, როცა ჟურნალისტებმა ყველაფერი გამოიძიეს. სამაგიეროდ, სოფელს მშვენიერი სახელი ერქვა - ჰორიზონტინა.
მერე იძულებული გახდა, ისიც მოეყოლა, როგორ იჩაგრებოდა ბავშვობაში თავისი გარეგნობის გამო. დიახ, დიახ, იჩაგრებოდა, მილიონებს კი არ უხდიდნენ... ისე, ყველა მოდელის ისტორია ამით ერთმანეთს ჰგავს - აწოწილს, ჩონჩხს და კიდევ რას აღარ ეძახდნენ.
არც შორტი უხდებოდა და არც ფრენბურთის თამაში. ამ გულისტკივილის საზღაური გახდა კი მილიონები ან ის, რომ ”ფორბსმა” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად დაასახელა?! ქეით მოსსაც და ჰეიდი კლუმსაც გაუსწრო...
როგორ არა, ახლა ყველაფერი მშვენივრადაა. ძალიან გაუმართლა, რომ თოთხმეტი წლისამ ერთდროულად გააკეთა ორი აღმოჩენა - მან იპოვა ჟურნალი, ის კი იპოვეს, როგორც მომავალი, პერსპექტიული მოდელი - მაკდონალდსში, ჩვეულებრივი ჰამბურგერის ჭამისას.
მერე გახდა პლანეტის ულამაზესი ქალი, მსახიობი – ორ ფილმში... არა, არა, ნამდვილად გაუმართლა.
ყველაზე სასიამოვნო, კი, იცით რა არის?
ოი! ჟიზელი ისე გაიტაცა ფიქრმა, ალუბლის წვენი თხელ ღამის პერანგზე გადაესხა. ჯერაც ასე, ფეხშიშველი იდგა ფანჯარასთან.
არ დანანებია. გაეღიმა. ესთეტიკურად ჩათვალა ვარდისფერ პერანგზე წითელ ზოლად გაწოლილი ლაქა. გაეცინა და დარჩენილი წვენი მთლიანად დაისხა...
პერანგზე. ჰო, ხანდახან შეიძლება გაერთო, მარტო ალკოჰოლით ან სხვა უფრო მძაფრი ”გასართობებით” ხომ არ დაინტერესდები. არა უშავს, ახლა აბაზანაში შევა და შხაპს მიიღებს. წვენს კი ისევ მოუტანენ.
ფული საკმარისზე მეტი აქვს. სულ რაღაც, ოცდაცამეტი მილიონი დოლარი წელიწადში.
- ყველაზე სასიამოვნო - გაიფიქრა ჟიზელმა და პირსახოცს დასწვდა - მაინც საკუთარი ფეხსაცმლის ხაზია (”ipanema Jizel biundhen”). აქ შენი ფანტაზია შლის ფრთებს. როგორია ეს ფეხსაცმელები? ალბათ, მასავით თხელი, ნატიფი და ამ ალუბლის წვენივით მკვეთრი.
შხაპი გრილია.
ეტყობა, რომ ოცდარვა წლისაა? დროა, შვილებზეც იფიქროს.
და ჟიზელმა ბედნიერად და ძალიან ჩუმად ჩაიღიმა - რა ბედნიერია, რომ ორსულადაა. თავისი ცხოვრების ყოფილი მამაკაცები, ლეონარდო დი კაპრიო და სხვა ”პოპულარულები”, დიდი ხანია არ გახსენებია. ტომთან ბედნიერია.
ახლა შხაპი უნდა მიიღოს და ქვემოთ ჩავიდეს, დღეს მხოლოდ ერთი პაემანი აქვს - ზღვასთან.
გარეთ ხომ უსასრულოდ ანათებს მზე და ზღვაც დაუჯერებლად გამჭვირვალეა.