ახალშობილისა და ჩვილი ბავშვისთვის საუკეთესო საკვები დედის რძეა. იგი ცოცხალი ბიოლოგიური ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად იცვლება ბავშვის მოთხოვნილების შესაბამისად. ამ საკითხთად დაკავშირებით სტერეოტიპები და არასწორი მიდგომები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული. მათთან საბრძოლველად კი ყოველწლიურად, აგვისტოს პირველ კვირაში ძუძუთი კვების საერთაშორის კვირეული აღნიშნება. კვირეულს მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყანა უერთდება და სხვადასხვა ღონისძიებისა თუ კამპანიის საშუალებით ცდილობს, აამაღლოს ცნობიერება ამ საკითხთან მიმართებაში.
ძუძუთი კვების საერთაშორისო კვირეულს სხვადასვხა ქვეყნაში არაერთი ქალი უერთდება, მათ შორის, მენდი მური, ალანის მორისეტი, ჯესიკა სიმპსონი, ამანდა სეიფრიდი, ლივ ტაილერი და სხვ.
კამპანიაში ჩაერთო ქართველი მოდელი ნეკა დოროყაშვილიც, რომელმაც საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა: „ძუძუთი კვების კვირეული ხელს უწყობს ამ საკითხის ირგვლივ განათლებას, კვლევასა და პოპულარიზაციას, როგორც ჩვილ ბავშვთა კვების ოქროს სტანდარტს. ის ოფიციალურად აღინიშნება 120-ზე მეტ ქვეყანაში. 488 ორგანიზაცია აწყობს 540 ღონისძიებას მსოფლიოში დაახლოებით 80 ქვეყანაში, რათა ხელი შეუწყოს ძუძუთი კვების პოპულარიზებას და ებრძოლოს სტერეოტიპებს“ - წერს ნეკა დოროყაშვილი.