ახლახან თურქეთში გამართულ კონკურსზე - Best Model of the World, ქართველმა კონკურსანტებმა გვასახელეს: გოგონებიდან მოდელი ნინი გრძელიშვილი "ტოპხუთეულში" მოხვდა და ორ ნომინაციაში - Best Catwalk და Best National Costume გაიმარჯვა, ვაჟებიდან კი - ლუკა თიგიშვილმა მესამე ადგილი დაიკავა...
პანდემიის გამო საერთაშორისო კონკურსისთვის საქართველოს წარმომადგენლების შესარჩევად კასტინგი 3 დღე მიმდინარეობდა, რათა ხალხმრავლობა არ ყოფილიყო...
- 34-ე წელია, რაც Best Model of the World იმართება. ეს კონკურსი მოდის სფეროში დიდი მოვლენაა - საკმაოდ სერიოზული და მასშტაბურია. სხვათა შორის, ეს ის კონკურსია, სადაც ნაომი კემპბელი აღმოაჩინეს. ამ კონკურსში მეორედ ვმონაწილეობდი. დიდი ხანია, კონკურსანტის ამპლუაში არ ვყოფილვარ და ამას არც ვგეგმავდი: არ ვიცი, 23 წლის ასაკში "თავის დაბერება" რატომ გადავწყვიტე, მაგრამ კონკურსებში მონაწილეობაზე უკვე უარი მქონდა ნათქვამი - საორგანიზაციო საკითხებში "გადავეშვი"... ყველაფერი მოულოდნელად მოხდა: თურქეთში საკმაოდ დიდ დელეგაციასთან ერთად გავემგზავრე. მოგეხსენებათ, ქალბატონი ეკა მგალობლიშვილი ამ კონკურსის ეროვნული დირექტორი გახლავთ და ფინალს დაესწრო. სხვათა შორის, ისეთი რამ მოხდა, რაც წინათ არასოდეს მომხდარა - ეროვნული დირექტორი ჟიურის წევრებს შორის დასვეს. რა თქმა უნდა, კონკურსანტისთვის ეს დიდი სტიმულია...
კოვიდპანდემიის გამო, სამწუხაროდ, თითქმის ყველაფერი "დაპაუზებულია"... კონკურსში 50-მდე ქვეყნის წარმომადგენლები (გოგონები და ვაჟები) მონაწილეობდნენ. საერთოდ, ფინალი ყოველთვის შემაჯამებელია, ანუ ყველაფერი ფინალზე არ წყდება - კონკურსანტებს მანამდე აკვირდებიან: რეპეტიციაზე, გალა-ვახშამზე... აფასებენ, ქულებს წერენ... რეპეტიციებზე ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს წარმომადგენელს განსხვავებული Catwalk-ი (სიარულის მანერა) ჰქონდა. მოდელისთვის ეს დიდი კომპლიმენტია. "საქართველოს" რომ გამოაცხადებდნენ ხოლმე, უკვე ყველა ელოდა, რომ პოდიუმზე განსაკუთრებული Catwalk-ით უნდა გავსულიყავი (იცინის). თავად ამას ვერ ვამჩნევ - ჩემთვის განსაკუთრებული არაფერია...
- ცოტა რამ კონკურსის მოსამზადებელი პერიოდის შესახებ გვიამბე...
- მოსამზადებელი პერიოდი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დატვირთული რეჟიმი გვქონდა: რეპეტიციები, სხვადასხვა აქტივობა... კონკურსი რამდენიმე ტურისგან შედგებოდა: საცურაო კოსტიუმებში გადაღება გაიმართა "ბუქისთვის"; შემდეგ - ნაციონალური კოსტიუმების ტური, სადაც ქართველი კონკურსანტების ჩაცმულობაზე ნუგზარ კვანტალიანმა იზრუნა, რისთვისაც მას კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი. გოგონებიდან ამ ტურში მე გავიმარჯვე, ვაჟებიდან - შრი-ლანკის წარმომადგენელმა. 11 დეკემბერს უკვე ფინალი გაიმართა. ტელევიზია "ლაივში" აშუქებდა... ქართველმა კონკურსანტებმა ჩვენი ქვეყანა საკმაოდ სასურველი შედეგებით ვასახელეთ, თუ ძალიან თამამი განაცხადი არ გამომივა...
- რა ხდებოდა კონკურსს მიღმა?
- ძალიან კარგი ნაკადი იყო, არა მხოლოდ კონკურენციის თვალსაზრისით: პროფესიონალი, საუკეთესო მოდელები მონაწილეობდნენ, თუმცა - ძალიან მეგობრულები. თან, საქართველოდან მარტო არ ვყოფილვართ: დიზაინერი გიორგი ტატანაშვილი გვახლდა, ასევე - ქეთა ხორბალაძე. ისინი კონკურსანტების ჩაცმულობაზე სულ ზრუნავდნენ... საქართველოში კმაყოფილი და დადებითი ემოციებით დამუხტული დავბრუნდი...