„შეიძლება ვიღაცას დახურული კაბა ეცვას, მაგრამ ძალიან ცუდად იქცეოდეს ან - პირიქით... ჩემი ოჯახი მე ყოველთვის მხარს მიჭერდა“ - კრისტი ყიფშიძის კარიერა და წარმატების ფორმულა - Marao

„შეიძლება ვიღაცას დახურული კაბა ეცვას, მაგრამ ძალიან ცუდად იქცეოდეს ან - პირიქით... ჩემი ოჯახი მე ყოველთვის მხარს მიჭერდა“ - კრისტი ყიფშიძის კარიერა და წარმატების ფორმულა

2022-12-06 11:58:54+04:00

მომხიბვლელი, ჰაეროვანი მოდელი კრისტი ყიფშიძე უკვე წლებია, ქართულ პოდიუმს ამშვენებს. ამჯერად მისი წარმატების ფორმულით დავინტერესდით.

- გოგონების უმრავლესობა ბავშვობიდან ოცნებობს პოდიუმზე, თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო?

 

- ალბათ, ბავშვობაში ყველა გოგოს უფიქრია მსახიობობაზე ან მოდელობაზე, მაგრამ ჩემს შემთხვევაში სხვაგვარად გახლდათ: მოდელობაზე არ ვოცნებობდი, მაგრამ სცენაზე გამოსვლის ქვეცნობიერი სურვილი მქონდა. ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი წლები საქართველოსთვის ურთულეს დროს - 1990-იან წლებს დაემთხვა: ეს იყო ომის შემდგომი პერიოდი, როცა შუქიც კი სანატრელი გვქონდა და ტელევიზორს მხოლოდ 2-3 საათით ვუყურებდით. სწორედ იმ დროს, კერძოდ, 1994 წელს აღმოვჩნდი პოდიუმზე.

- კრისტი, როგორია თქვენი "წარმატების ფორმულა"?

 

- სულ ვამბობ, რომ ადამიანი წარმატებას ვერ მიაღწევს, თუ ფორტუნაც არ დაეხმარება. უნდა გაგიმართლოს და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდე, ანუ იღბლიანი უნდა იყო. თუ იღბალს ნიჭი და შრომისმოყვარეობაც თან ახლავს, წარმატება გარანტირებულია. ჩემი აზრით, ეს სამი კომპონენტი ყველაზე მნიშვნელოვანია წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, არის კიდევ ერთი სერიოზული პირობაც - მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდე. ბუნებით მეც ასეთი ვარ: შეიძლება ქართული მოდის ისტორიაში ჩემი წვლილი შევიტანე, მაგრამ ამით არ ვკმაყოფილდები - საკუთარი თავისგან სულ უფრო მეტს მოვითხოვ.

- 90-იან წლებში პატარა გოგო პოდიუმზე უცხო მოვლენა იყო. გამოდის, მაშინდელ საზოგადოებრივ აზრსაც დაუპირისპირდით?

 

- რაც მთავარია, ჩემი ოჯახი ყოველთვის მხარს მიჭერდა და დღემდე გვერდით მიდგას. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, როცა მისთვის მიუღებლად ჩაცმული ლამაზი ქალი პოდიუმზე დგას, მაგრამ მთავარი ხომ ჩვენი სულიერი მდგომარეობაა? შეიძლება ვიღაცას დახურული კაბა ეცვას, მაგრამ ძალიან ცუდად იქცეოდეს ან - პირიქით, გამჭვირვალე კაბა ეცვას და ისე ღირსეულად ცხოვრობდეს, როგორც ნამდვილ ლედის შეეფერება. მადლობელი ვარ, რომ ჩემი ოჯახის წევრებიც მეთანხმებიან და ჩემსავით ფიქრობენ.

- ალბათ რთულია, რაღაც გტკიოდეს, გაწუხებდეს და პოდიუმზე მაინც ღიმილით გამოხვიდე...

 

- დიახ, ასეა. ყველა პროფესიას თავისი სირთულე ახლავს და მოდელობაც არ არის მარტივი. წეღან "წარმატების ფორმულაზე" ვსაუბრობდით და ამ სფეროში წარმატების მისაღწევად კიდევ ერთი თვისება უნდა გქონდეს: სხვა მოდელებს კონკურენტებად არ უნდა აღიქვამდე. მეც, პოდიუმზე თავი რომ დავიმკვიდრე, დავფიქრდი და მივხვდი, კონკურენტები არ მყავდა: ყველა, ვინც ჩემ გვერდით პოდიუმზე გამოდიოდა, კოლეგებად მიმაჩნდა. თუ ფიქრობ, რომ შენ გვერდით კოლეგები დგანან და მათ საქმიანობას პატივს სცემ, მათგანაც პატივისცემას და სიყვარულს დაიმსახურებ. სულ ვცდილობდი, ყველას დავხმარებოდი, ვინც ამას იმსახურებდა. ახლობლები ხშირად მსაყვედურობდნენ - ცოტა თავი უნდა დაიფასო, ზედმეტი უანგარობაც არ ვარგაო, მაგრამ მე ასე არასდროს მიფიქრია: ხომ შეიძლება, ადამიანს არა აქვს საშუალება, გადაგიხადოს, მაგრამ ჩვენებაში შენი მონაწილეობა მისი კარიერისთვის მნიშვნელოვანია. ამ მიზეზით, პოდიუმზე არაერთხელ გამოვსულვარ უფასოდ. ჩვენს სფეროშიც, ისევე, როგორც ყველგან, მთავარი მოგება და ანგარება კი არა, საქმის სიყვარულია. თუ ეს სიყვარული გაქვს, ყველაფერი გამოგივა. უკვე 28 წელია, სამოდელო ბიზნესში ვარ და ჩემი საქმე ისე მიყვარს, როგორც დასაწყისში - მაშინ, როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი.

წაიკითხეთ სრულად