გრეტა პონტარელი 61 წლის არის, თუმცა ასაკს რა მნიშვნელობა აქვს?! ის ურთულეს აკრობატულ შოუს აწყობს ბოძზე და რაც მთავარია, მან გიმნასტობა სულ რაღაც ორი წლის წინ, 59 წლის ასაკში დაიწყო!
იხილეთ ფოტოგალერეა
როცა გრეტას 59 წელი შეუსრულდა, მან გაიგო, რომ ოსტეოპოროზი ემუქრება – დაავადება, რომელიც ძვლის ქსოვილებს შლის. "იმისათვის, რომ ძვლები გამემაგრებინა, დამჭირდა გარკვეული სახის ვარჯიშების შესრულება, სიმძიმეების აწევა - ჰყვება გრეტა, - უბრალოდ ვარჯიში მოსაწყენი იყო ჩემთვის. ამიტომაც დავინტერესდი ბოძზე ცეკვის ტექნიკით."
ბოძზე ცეკვამ გრეტას ყურადღება, პირველ რიგში, იმიტომ მიიპყრო, რომ მედიცინის თვალსაზრისით, ეს სწორედ ის დატვირთვაა, რასაც ექიმები ამ დაავადების მქონეთ ურჩევენ – უბრალოდ, სიმძიმის როლს აქ ჰანტელები კი არა, საკუთარი სხეული ასრულებს. მეორეც, ეს ერთდროულად სპორტიც არის, ცეკვაც და შოუც. პონტარელის ძალიან მოეწონა ეს იდეა და მთელი სერიოზულობით დაიწყო ვარჯიში.
ერთი შეხედვით, ბოძზე ცეკვა მარტივი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ამ მოძრაობების გაკეთება ძალიან რთულია. გრეტას წარსული სპორტული გამოცდილება დაეხმარა, რომ შედეგისთვის მიეღწია – ახალგაზრდობაში ის ტანმოვარჯიშე იყო, მაგრამ 40 წელზე მეტია, რაც არ უვარჯიშია. ასე რომ, მაინც ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდა.
"დღეში რამდენიმე საათს ვვარჯიშობდი, - ამბობს გრეტა. – ძალიან რთული იყო, მაგრამ ამასთან, ძალიან სასიამოვნო. ერთგვარად დამოკიდებულებაც განმივითარდა. უკვე ერთი თვის შემდეგ ვიგრძენი, რომ მოძრაობების გაკეთება გამიადვილდა. ნელ-ნელა გამომდიოდა ცეკვა."
მოქნილი გახდა, ზურგში ტკივილები სადღაც გაქრა, მაგრამ რაც მთავარია – გრეტა სხვა ადამიანების შთაგონება და მაგალითი გახდა. "ბევრი 40-45 წლის ასაკში თვლის, რომ რაიმე ახლის დაწყება და ოცნების ასრულება გვიანია. მიხარია, რომ მათი გადარწმუნება შემიძლია."
უკვე 16 წელია, კვირაში 6 დღე გრეტა "კოუჩ-კომპანიას" ხელმძღვანელობს. ფაქტობრივად, ის თავის კლიენტებს იმის რწმენას აძლევს, რაშიც თავად სულ ცოტა ხნის წინ დარწმუნდა: არასოდეს არის გვიან, აიხდინო ოცნება და გახდე ბედნიერი.
იხილეთ ფოტოგალერეა