საკო წოწორია მაყურებელმა პროექტით - "ტოპ გოგო" გაიცნო. 21 წლის საკოს პროექტში სკანდალური იმიჯი შეექმნა. რა პირობებში უწევდა ცხოვრება 5 თვის განმავლობაში, რატომ ჰქონდა დაპირისპირება შოუს სხვა მონაწილეებთან, ჟიურის წევრთან და რა მოხდა ეგვიპტეში, ამის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ნაყოფიერი მუშაობის საშუალება არ გვეძლეოდა, მაქსიმუმ 3 წუთი გვქონდა ფოტოსესიისთვის.
იმის მიუხედავად, რომ ბევრჯერ ვიყავი ფავორიტი, მხოლოდ სამი ფოტო მაქვს. ყველაფერი დროში იწელებოდა და ცოტა არაპროფესიონალურად კეთდებოდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას არასდროს ვინანებ, უამრავმა ადამიანმა შემიყვარა.
არ მგონია, რომ ვარსკვლავი ვარ, მაგრამ ინტერნეტით უამრავი ადამიანი მწერს კომპლიმენტს, "ფეისბუქზე" მხარდასაჭერი გვერდები შეიქმნა. როგორც ისინი მაფასებენ, მეც ისევე ვაფასებ მათ. პროექტში ყოფნისას ორი რამ მამხნევებდა - ჩემი ოჯახის გვერდით დგომა და თაყვანისმცემლები.
თქვენი საშუალებით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს.
- პროექტის წინა სეზონის მონაწილეები საუბრობენ, რომ მათ რთულ პირობებში უწევდათ ცხოვრება და ოჯახის წევრები უგზავნიდნენ საჭირო თანხას. თქვენ როგორ ცხოვრობდით?
- მოუწესრიგებელი მენიუს გამო რამდენჯერმე შევიცვალეთ რესტორანი. თავდაპირველად წყნეთში ვცხოვრობდით, სადაც ხშირად არ მოდიოდა წყალი. ყველაზე კარგი ურთიერთობა უცხოელ გოგონებთან მქონდა, ვცდილობდი, მათ თავი სტუმრად არ ეგრძნოთ. არ მინდა, ვინმეს ეწყინოს, მაგრამ ისინი ქართველებისგან გამორჩეული, დამოუკიდებელი ადამიანები არიან. ამიტომ მიადვილდებოდა უცხოელებთან კონტაქტი.
რამდენიმესთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს.
- შენ და მეორე კონკურსანტი - თათაკო მუდმივად რატომ უპირისპირდებოდით ერთმანეთს?
- მე და თათაკო თავიდან დავმეგობრდით. ჩემი აზრი გამოვთქვი რაღაც საკითხთან დაკავშირებით და ამით დაიწყო უთანხმოება. მას შემდეგ ბევრჯერ ვცადე, მაგრამ ვერ ავაწყვე მასთან ურთიერთობა.
ხშირად ვათხოვებდით ერთმანეთს ნივთებს, მაგრამ მათთვის საკო იყო მაღალრეიტინგული კონკურსანტი. ამიტომ პროექტის ორგანიზატორები და კონკურენტები ცდილობდნენ, ჩემი იმიჯი გაეფუჭებინათ.
გოგომ, რომელსაც ეზიზღები, შენი სამკაულებით არ უნდა გადაიღოს ფოტოები. თუ არ გიყვარს და გეზიზღება ადამიანი, მისი არაფერი უნდა გინდოდეს... შოუს სჭირდებოდა ინტრიგა და იცოდნენ, ამას ჩემზე ააწყობდნენ.
ფრიგიდულ ადამიანზე შოუს ვერ ააწყობ, თან ეთერში დამონტაჟებული და ასე ვთქვათ, შეთხზული ამბები გადიოდა.
- იგრძნობოდა, რომ ჟიურის წევრ საშა პრიშვინთანაც დაძაბული ურთიერთობა გქონდა...
- ეთერში არ უჩვენებიათ, რომ საშა პრიშვინს საკო არ მოსწონდა. პროექტის მონაწილეებმა კი იცოდნენ. როცა ის ჩვენთან სახლში მოდიოდა, თათაკოსთან, ალისასა და ელენესთან ერთად მთელი დღე იკეტებოდა ოთახში.
გადაღებების დროს საშა მხოლოდ ალისას ურჩევდა, როგორ ემუშავა ობიექტივთან, ერთად დადიოდნენ ყველგან. საშამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: "გამიტყდა, საკომ ჩემს ფოტოსესიაში რომ არ მიიღო მონაწილეობაო".
ეს სიცრუეა, როგორ უნდა მიმეღო მონაწილეობა? ის არ მალავდა, რომ არ მოვწონდი. პროექტიდან როცა წამოვედი, ვთქვი, საშას ვურჩევ, უფრო ობიექტური ჟიური იყოს-მეთქი, მაგრამ ეს გადაცემიდან ამოჭრეს.
საშას შენიშვნები ერთ ყურში შედიოდა და მეორიდან გამოდიოდა. დაბოღმილი ადამიანისგან როგორ უნდა მიიღო შენიშვნა, როცა იცი, რომ არ მოსწონხარ?! ჟიურიში ერთადერთი პროფესიონალი იყო ნინო ცქიტიშვილი, ის ზუსტად აფასებდა მონაწილეებს.
ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)