KRISTI for DALOOD მაისურები ახალი მარკით, მოდური, ხარისხიანი და ორიგინალური - ასეთი იქნება ახალი კოლექცია, რომელზეც კრისტი ყიფშიძემ იმუშავა.
მოდელის წარმატებული კარიერის შემდეგ კრისტიმ დიდი ხნის სურვილი აისრულა და ახლა მაისურების კოლექციის დიზაინერად მოგვევლინა. ახალი კოლექცია KRISTI for DALOOD-მარკით გამოვა და როგორც დიზაინერი აღნიშნავს, მისი მთავარი ღირსება ხარისხი, დიზაინი და ხელმისაწვდომი ფასი იქნება.
კრისტი ყიფშიძე:
- მაისური ჩემთვის ყველაზე პრაქტიკული სამოსია. ყველაფერს - ჯინსის შარვალს, შორტს, ქვედაბოლოს, ძალიან უხდება. იმდენად პრაქტიკულია, საგანგებოდ ფეხსაცმლის შერჩევაც არ სჭირდება. ატელიე DALOOD-ში მაკა კვიციანს დავუკავშირდი და ჩემი იდეის განხორციელება შევთავაზე. ხმამაღალი ნათქვამი იქნებოდა, რომ დიზაინერი ვარ. უბრალოდ, ჩემი დიდი ხნის სურვილი ავისრულე და მაისურების ხაზი გამოვუშვი.
როგორც კრისტი ამბობს, არ უნდოდა, რომ მაისურებზე საკუთარი თავი გამოესახა და ორიგინალურ ხერხს მიმართა: გადაიღო სხეულის სხვადასხვა ნაწილის: ხელების, მხრების, ზურგის ფოტოები და პრინტით ქსოვილზე გადაიტანა. კოლექციას "ციური სხეული" დაარქვა. ამ სახელწოდებაზე ერთი ისტორია ახსენდება:
- ირა კუდრიაშოვა, ამ კოლექციის ფოტოგრაფი, ხშირად ვარსკვლავს მეძახდა, რაზეც ვბრაზდებოდი. მერე მითხრა, თუ ვარსკვლავობა არ მოგწონს, "ციურ სხეულს" დაგარქმევო. ასე იქცა ეს სახელი კოლექციის მესიჯად.
კოლექცია ატელიე DALOOD-მა შეკერა და მაისურებზე გაჩნდა წარწერა - KRISTI for DALOOD. როგორც კრისტი აღნიშნავს, DALOOD-ი საუკეთესო ატელიეა და ნდობის ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
მაკა კვიციანი:
- 10 წელია, DALOOD-ი ბაზარზეა. ერთი წლის წინ, მოსკოვში მაღაზია გავხსენით. ჩვენ ადრეც გვქონია სხვადასხვა დიზაინერთან თანამშრომლობა, მაგალითად, სიმონიკო მაჩაბელთან, გოლასთან, ახლა კრისტი შემოგვემატა. ვახდენთ დიზაინერების იდეების რეალიზებას.
ასეთი კოლაბორაცია ევროპული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. როცა კრისტი მაისურების ხაზის გამოშვების იდეით დამიკავშირდა, სიამოვნებით დავთანხმდი. რატომაც არა, კრისტი ქართული პოდიუმისთვის იგივეა, რაც დანარჩენი სამყაროსთვის ქეით მოსი. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, - ასე მიმაჩნია. დავსხედით და ამ იდეის დამუშავება დავიწყეთ. DALOOD-ი გამართული ატელიეა, სადაც მაღალი კლასის პროფესიონალები მუშაობენ.
გამოგიტყდებით, ტრიკოტაჟზე მუშაობა გაცილებით რთულია, ვიდრე მაღალ მოდაზე. 3 თვეა, რაც ამ პროექტზე ვმუშაობთ. პრინტი ქსოვილზე ბუნებრივად რომ გადასულიყო, საუკეთესო სტუდია მოვძებნეთ.
მომავალში თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ. მარტო მაისურებით არ შემოვიფარგლებით. ძალიან გვინდა ჯინსის ხაზის გამოშვება, თუმცა ასეთ კოლექციას სერიოზული მომზადება სჭირდება.
კრისტი:
- მაისურების ხაზი KRISTI for DALOOD-ი იქნება ყოველდღიური, პრაქტიკული სამოსის ხაზი, რომელსაც თავად სიამოვნებით ვატარებ. მინდა, რომ მასობრივად შეიკეროს და ყველა ფენისთვის იყოს მოდური და ხელმისაწვდომი. მაისურების დიზაინზე მე ვიმუშავე. რამდენიმე ვარიანტი ჩემმა მეგობარმა, ირაკლი რუსაძემ დაამუშავა.
ეს იქნება ყველასთვის მისაღები სტილი - ორიგინალური, მოდური. ზოგ მაისურს ასიმეტრიული ფორმა აქვს. ზოგიერთი სხვადასხვა მხარეს თასმით იკვრება - გემოვნებაზეა დამოკიდებული, რომელ მხარეს აირჩევ. ახლა რომ მაისური მაცვია, მისი თასმა ერთხელ გულ-მკერდზეც შევიკარი, რაც მოუხდა.
ამ კოლექციის მაისური მეცვა აბრეშუმის შარვალზეც და თავისუფალი სტილის ქვედაბოლოზეც. სხვადასხვა სტილის სამოსს უხდება. ერთ-ერთ წვეულებაზე, სადაც საზოგადოება საღამოს კაბებში იყო გამოწყობილი, ეს მაისური სმოკინგის სტილის კოსტიუმს შევუხამე და ორიგინალური გამოვიდა. უყურადღებოდ არავის დარჩენია. შეიძლება, შევკეროთ საცურაო კოსტიუმზე მოსაცმელი ვარიანტებიც. ვფიქრობ, ძალიან ეფექტური გამოვა.
სპეციალურად კოლექციისთვის შემოქმედებითი ჯგუფი შეიკრიბა. პრინტის ფოტოებზე ირა კუდრიაშოვამ იმუშავა. ვიდეორგოლი კრისტის მეგობარმა, შოთიკო ბოჭორიშვილმა გადაიღო. ფოტოსესიისთვის ორიგინალური ფორმა მოიფიქრეს.
კრისტი:
- ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესი, ერთგვარი ანტისტრესი, სარეცხის გაფენაა. ფოტოსესიის დროს კოლექციის ნაწილი სხეულზე მოვირგე, ნაწილი თოკზე სარეცხივით გადავფინე. გადაღებები წავკისში, ულამაზეს მდელოზე გვქონდა. ვფიქრობ, ორიგინალური ფოტოები გამოვიდა. მე და შოთიკომ ვიდეოარტიც გადავიღეთ.
შოთიკო ბოჭორიშვილი:
- მე და კრისტის ბევრ საერთო პროექტზე გვიმუშავია. მასთან ურთიერთობა სასიამოვნოა. როგორც მოდელი, ნამდვილი პროფესიონალია, კარგად პოზირებს და ყოველთვის იცის, რა მჭირდება. ამდენად, ადვილია მასთან თანამშრომლობა. ეს პროექტი კრისტის იდეაა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვამუშავებდით.
მომწონს ასეთი კოლაბორაციები, სადაც მოდელი რომელიმე სტუდიას თავის იდეებს სთავაზობს. კრისტის მაისურებიც ძალიან მომეწონა. გარდა საინტერესო დიზაინისა, მისი პლუსი ისიცაა, რომ სხვადასხვა ასაკის ქალბატონები სიამოვნებით ატარებენ.
თავიდან გადავიღეთ ვიდეორგოლი, სადაც კრისტი მაისურებს შიშველ სხეულზე ირგებს - ამ პროექტს ხომ "ციური სხეული" ჰქვია. ფოტოსესია განსხვავებული ფორმატისაა. არ გვინდოდა სტანდარტული ფორმა, სადაც მოდელი მაისურს ირგებს. ამიტომ წავკისის ულამაზეს ველზე გავჭიმეთ თოკი და კრისტიმ საკუთარი ნამუშევრები გამოფინა.
კრისტი:
- სულ ახალ-ახალი იდეები მაქვს და მიყვარს ექსპერიმენტები. არ ვჩერდები, სულ ძიებაში ვარ. მოდელის კარიერა რომ დავიწყე, მეგონა, ყველაფერი ძალიან მალე დასრულდებოდა, მაგრამ აღარ დამთავრდა. 20 წელი სრულდება, რაც პოდიუმზე ვარ და ამ პროფესიის გარდა, კიდევ ახალ-ახალი პროფესიები შევიძინე და ბევრი საინტერესო პროექტიც განვახორციელე.
ქეთი დარჩია
ჟურნალი "ბომონდი"
(გამოდის თვის დასაწყისში)