15 წლის ასაკში კი ლესლის უბრალოდ ”ჯოხს” ეძახდნენ. და მართლებიც იყვნენ, რადგან 1,69 მეტრი სიმაღლის ტვიგი მხოლოდ 40 კილოგრამს იწონიდა და არარეალური სხეულის პარამეტრები - 80-55-80 ჰქონდა.
ლაშა გაბუნიასა და გაგა გობრონიძის საავტორო რუბრიკა ”სხვა უცხოპლანეტელები”
ლაშა: - დღეს მსოფლიოს მოდაში ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი მოდელი გოგონა დანიელი ფრეია ბეჰა ერიხსენია.
სოციალურ ქსელებში ბევრს მისი სურათი თავისი პროფილის საცნაურ ფოტოდაც მოურგია. ასე, რომ გოგონას სახე გასცდა მოდის ჩარჩოებს. ძალზედ გამხდარი, ანდროგენული ფრეია ბეჰა ჩვენს ირგვლივაა (ყოველ შემთხვევაში ვირტუალურად მაინც) და მას თავისი გარეგნობის გამო ”მეამბოხეც” კი შეარქვეს.
ბევრი რატომღაც დარწმუნებულია, რომ სიგამხდრე და ანდროგენულობა მოდაში (ყოფაცხოვრებაშიც) ფრეკენ ერიხსენმა შემოიტანა...
გაგა: - სწორედ აქ უკვე უნდა აღვნიშნოთ ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამ, რომ ყოველი სიახლე, ეს კარგად დავიწყებული ძველია და გასული საუკუნის 60-იან წლებში გადავინაცვლოთ. ამ ათწლეულს მეტად გამორჩეული თავისი გმირები ჰყავდა.
საინტერესო მუსიკოსებმა (თუნდაც ბითლზებმა ან იგივე ჰიპებმა), მსახიობებმა, რეჟისორებმა ადამიანთა აზროვნება და გემოვნება შეცვალეს.
ამ ათწლეულის ერთ-ერთ სიმბოლოდ შესანიშნავი ქალბატონი, მოდელი, თეატრისა და კინოს მსახიობი და მომღერალი, ინგლისელი ტვიგი აღიარეს. ლონდონელი ტვიგის ნამდვილი სახელი და გვარი კი ლესლი ჰორნბი გახლავთ.
ლაშა: - რას აღარ უწოდებდნენ ამ გოგონას: ”უსქესო ტვიგის”, ”ინგლისისა და მსოფლიოს სუბკულტურის ხატს”, ”60-იანი წლების სავიზიტო ბარათს”... კიდევ ბევრი რეგალიაა, რომელთა ჩამოთვლაც ალბათ შორს წაგვიყვანს. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ამ მეტად კაფანდარა მოდელის იმიჯის გავლენით მსოფლიოში მილიონობით გოგონა შიმშილობდა, რათა მასავით გამხდარი გამხდარიყო.
შიმშილობისგან ბევრს გული შეჰღონებია და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოშიც გადაუყვანიათ. 60-იანი წლების მედიცინაში ახალი დაავადებაც კი დამკვიდრებულა, რომელსაც ოფიციალურად ”ტვიგის სინდრომი” უწოდეს.
გაგა: - ტვიგი ქართულად შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც პატარა და მყიფე შტო, - ტოტი. 15 წლის ასაკში კი ლესლის უბრალოდ ”ჯოხს” ეძახდნენ. და მართლებიც იყვნენ, რადგან 1,69 მეტრი სიმაღლის ტვიგი მხოლოდ 40 კილოგრამს იწონიდა და არარეალური სხეულის პარამეტრები - 80-55-80 ჰქონდა.
1960-იანელთა შუა პერიოდისთვის ეს მონაცემები მეტად შეუფერებელი იყო. ტვიგის გამოჩენამდე მოდური ჟურნალების ფურცლებზე და მოდის სახლთა პოდიუმებზე კინომსახიობთა იერის მქონე ელეგანტური მსუყე ქალბატონები ბატონობდნენ.
ლაშა: - სრულიად ნათელია, რომ მსგავსი გარეგნობის მქონე ლესლის, რომელიც ლონდონის გარეუბანში დურგლისა და მებუფეტის ოჯახში გაიზარდა, არც კი უფიქრია მოდელობაზე. გოგონა ლონდონის მაღაზიებში გამოფენილ ლამაზ კაბებსა და საკუთარ მეგობარ ბიჭზე ოცნებობდა, რადგან მის მოხდენილფიგურიან დაქალებს იმდროისთვის უკვე აერჩიათ თავიანთი მეორე ნახევრები.
ტვიგი ბრონდესბერის ქალთა სკოლაში სწავლობდა, საღამოობით ცეკვავდა, ხოლო უქმეებზე ბ-ნი ვინსენტის სალონში მუშაობდა და კლიენტებს თავებს ჰბანდა.
სწორედ იქ გაიცნო ლესლიმ ლონდონის ფეშენებელურ რაიონ ჩელსის ანტიკვარული ბაზრობის ერთი დახლის მფლობელი, 25 წლის ნაიჯელ დევისი, რომელიც ფსევდონიმს - ჟიუსტენ დე ვილნევი, უფრო იყენებდა. მან პირველმა დაინახა ლესლიში რაღაც განსაკუთრებული, რამაც სულ მალე მოდის მიმდევარი მსოფლიო აალაპარაკა...
გაგა: - ”ისტორიამ” ისიც შემოგვინახა, რომ ტვიგის, როგორ ფოტო-მოდელის პირველი ფოტო სესია, ძალიან მოკლე ვარცხნილობით, ბარი ლატეგანმა შეასრულა. სხვათა შორის, ზუსტად ლატეგანმა მოუგონა ლესლი ჰორბნის იმწამითვე დასამახსოვრებელი ფსევდონიმი – Twiggy.
შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ზღაპრებში ხდება – ვინმე ლონდონელმა ჟურნალისტმა ქალმა ტვიგის ეს ფოტოები რომელიღაც სალონის ვიტრინაზე გამოკრული იხილა, ერთ-ერთი ამოარჩია, დაასათაურა როგორც ”1966 წლის სახე” და გაზეთშიც გამოაქვეყნა.
ლაშა: - იმავე წელს ტვიგი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მოდელი და ეპოქის, კერძოდ სამოციანების სიმბოლო გახდა. შეიძლება მკითხველებიდან ბევრი შეგვეკამათოს და მერლინ მონრო გაგვახსენოს.
რა თქმა უნდა, მერლინიც გახლდათ სახე, მაგრამ ”მეამბოხე 60-იანებისთვის” ტვიგი მეტად გამოკვეთილი მოდელი იყო. ჩემს წარმოსახვაში მერილინზე მეტადაც კი უფროა სიმბოლო...
გაგა: - ჩვენში ტვიგის ”არაპოპულარობის” (თუ შეიძლება ასე ითქვას) მიზეზი ალბათ მაინც ინფორმაციულ ვაკუუმში უნდა ვეძებოთ.
მერილინი კი ბოლო-ბოლო ჩვენმა საზოგადოებამ ფილმიდან ”ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” (ორიგინალში –Some Like It Hot) გაიცნო. თან მოდით, ისიც ვთქვათ, რომ ”ფორმებიანი” მერლინ მონრო გაცილებით ჯდებოდა ქართველების გემოვნებაში ვიდრე ”გაჩხიკინებული” ტვიგი.
ლაშა: - არც ის დაგვავიწყდეს, გაგა, რომ საბჭოთა საქართველოში ”მეამბოხე” ადამიანებს ნამდვილად არ სწყალობდნენ. ტვიგის სულ რაღაც 4 წლის განმავლობაში ეპყრა მსოფლიოს პოდიუმები და 1970 წელს მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიიღო, რომელმაც საზოგადოება ძალზედ გააკვირვა – პოპულარობის ზენიტში მან ოფიციალურად დატოვა პოდიუმი.
ალბათ სიმბოლურია, - 60-იანების მოდის სიმბოლომ, რომ ზუსტად 70-იანების დასაწყისში დაასრულა სამოდელო საქმიანობა. ამას ტვიგის კინო კარიერა მოჰყვა. სხვათა შორის საკმაოდ წარმატებული. მაგალითად 1971 წლის კენ რასელის მიუზიკლ Boyfriend-ში შესრულებული როლისთვის მას ”ოქროს გლობუსიც” კი აქვს აღებული.
გაგა: - ალბათ აღარც ღირს ტვიგის ცხოვრების შემდგომი ეტაპების დაწვრილებით განხილვა, მით უმეტეს, რომ ჩვენი წერილების წინა გმირი ქალბატონებისგან განსხვავებით, მისი ცხოვრება თითქმის უღრუბლოა, თუ არ ჩავთვლით პირველ მეუღლის გარდაცვალებას და მეორე ქორწინებას. ამით კი ვერავის ვეღარ გააკვირვებ.
ლაშა: - 61 წლის ტვიგი ისევ ფორმაშია. მას იღებენ ფილმებში, იგი ტელევიზიასთანაც თანამშრომლობს, სადაც საკუთარი შოუ Twiggy's People მიჰყავს, მუშაობს ტანსაცმლის დიზაინზე და აქვს თავისი კოსმეტიკური ფირმა რომელის სახელწოდების გამოცნობასაც დიდი მარჩიელობა არ უნდა - Twiggy.
მოკლედ – საინტერესო ცხოვრება ისევ გრძელდება. არც ისე დიდ ხნის წინ ტვიგის ჟურნალისტებმა ჰკითხეს – ”და არ მოგბეზრდათ სახელი ტვიგი, რომელსაც დღემდე გეძახიან?"
გაგა: - რესპექტაბელურმა შუახნის ქალბატონმა ლესლი ჰორბნიმ ჟურნალისტებს აბსოლუტურად გულახდილად უპასუხა – ”მომბეზრდა რომელია, მაგრამ, ვთქვათ, დავიბრუნე ჩემი ნამდვილი სახელი. აქ უკვე ორაზროვან სიტუაციაში აღმოვჩნდები, რადგან ჩემზე მუდამ იტყვიან - ეს ის ლესლი ჰორბნი არაა, ადრე რომ ტვიგი იყო?”
ჟურნალი ”და ქალი”