როცა კლუბში ან ბარში შევდივარ, მამაკაცები გამუდმებით ცდილობენ ჩემს შებმას. არასდროს დამიმალავს მათთვის, რომ ქალი არ ვარ.
მის პირველსავე გამოჩენაზე ყველას ერთი და იგივე შეკითხვა დაებადა - რა უნდა ამ ლამაზმანს მამაკაცების პოდიუმზე?
არადა, ჩვენებაში ოთხი უდიდესი დიზაინერი მონაწილეობდა - გალიანო, გოტიე, სიმონსი და სმიტი.
ძნელი დასაჯერებელი იყო, მსოფლიო მოდის მესვეურებს ერთდროულად მოსვლოდათ თავში აზრად, მამაკაცების დეფილეზე, მამაკაც მოდელთა გვერდით, ერთადერთი ქალი გამოეყვანათ. რატომ? რას ნიშნავდა ეს?
და ყველაზე მთავარი: როგორ მოხდა, რომ მოდის ინდუსტრიის ტიტანებს ასეთი აბსურდული იდეა დაებადათ? და, თქვენ წარმოიდგინეთ, მაყურებელთაგან არავის აზრადაც არ მოსვლია, რომ სინამდვილეში მოდელი მართლაც მამაკაცი იყო და არა ქალი...
თქვენ წინაშეა მოდელი-ანდროგენი ანდრეი პეჟიჩი... იგი დიზაინერ ჟან პოლ გოტიეს არა მხოლოდ მამაკაცის, არამედ ქალის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სახე გახდა.
მისი გარეგნობა უკვე დიდი ხანია, შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა სამოსის ჩვენებაში.
ანდრეი წარმოშობით სერბია. დაიბადა იუგოსლავიაში, ეკონომისტის (მამა) და იურისტის (დედა) ოჯახში. მოგვიანებით ისინი საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდნენ.
"რვა წლამდე ვცხოვრობდი ბოსნიაში. დავიბადე სწორედ მაშინ, როცა იქ ომი დამთავრდა. ბავშვობაში ძალიან საყვარელი ვიყავი და ამიტომ, თუ რამეს დავაშავებდი, ყველაფერს მპატიობდნენ. მერე და მერე, ასაკის მატებასთან ერთად, თანდათან გართულდა ყველაფერი.
რომ არა დედაჩემი, ალბათ ვერ გავუძლებდი იმ თავდასხმებს, რომელსაც ჩემ მიმართ იჩენდნენ ჩემი თანატოლები თუ უფროსები. ყველას აღიზიანებდა, გოგოსავით ლამაზი რომ ვიყავი. რა ჩემი ბრალი იყო?
ჯერ კიდევ ძალიან პატარა, თოჯინების თამაშით ვერთობოდი, მაგრამ მოგვიანებით არანორმალურად მეჩვენა ჩემი გართობის ეს "სახეობა" და სადღაც, რვა წლის ასაკიდან საკუთარ თავთან ბრძოლა გავმართე, რომ ბიჭური თამაშებით დავკავებულიყავი.
სწორედ ამ პერიოდში გადავსახლდით ავსტრალიაში. გამიჭირდა უცხო ქვეყანასთან შეგუება, ამისთვის წელი დამჭირდა. მიმიყვანეს სკოლაში, ინგლისური არ ვიცოდი, თუმცა მალე ავითვისე.
12 წლის რომ გავხდი, მოდის სფერომ დამაინტერესა. დავიწყე მოდის ჟურნალების შეძენა და მათი შესწავლა. მიყვარდა დედაჩემის გარდერობში ძრომიალი და სარკის წინ მისი კაბების მორგება. დავდიოდი მაღაზიებში, ტანსაცმელსა და აქსესუარებს გულმოდგინედ ვათვალიერებდი, მაგრამ არა იმიტომ, რომ მოდელობაზე მეფიქრა.
მაშინ აზრადაც არ მომსვლია მსგავსი რამ. უბრალოდ, მომწონდა ლამაზი სამოსი.
სკოლა რომ დავამთავრე, გადავწყვიტე, ერთხანს მემუშავა და სწავლის გასაგრძელებლად ცოტაოდენი თანხა დამეგროვებინა. მელბურნის ბაზარში ხილის გაყიდვა დავიწყე.
ერთ მშვენიერ დღეს, ვიღაც გამომეცნაურა და სამოდელო სააგენტოს თანამშრომლად გამეცნო. მან ჩემგან ჯერ მარწყვი იყიდა, მერე კი დაინტერესდა ჩემი გარეგნობით და მასთან მუშაობა შემომთავაზა.
ახლა მეცინება, ჩვენი შემდეგი შეხვედრა რომ მახსენდება. მან მოდელობა იმიტომ შემომთავაზა, რომ გოგონა ვეგონე. არადა, სააგენტოში რომ გამოვცხადდი, აღმოაჩინა, რომ ბიჭი ვარ.
მეგონა, გამომაგდებდა იქიდან, თუმცა სრულიად საპირისპირო მოხდა - მისთვის ეს ფაქტი უფრო დამაინტრიგებელი აღმოჩნდა.
თავიდან ავსტრალიის მოდის კვირეულებში ვმონაწილეობდი. ხან ერთი დიზაინერი მიწვევდა, ხან მეორე, თუმცა ყველაზე დაუვიწყარი ის დღე იყო, როცა პირველად შემომთავაზეს ქალის ტანსაცმლით სცენაზე გასვლა.
ეს მოხდა მელბურნში, როცა "ლ"ორეალის" მოდის ფესტივალი მთავრდებოდა. "ანტიპოდიუმის" დიზაინერმა, ჯეფრი ჯეი ფინჩმა მითხრა, არ გინდა, სიდნეიში ჩემი შოუ ქალის ტანსაცმლით დახუროო? გგონიათ, დავიბენი? სულაც არა.
მე ამას ველოდი. ვიცოდი, დღეს თუ ხვალ ასე მოხდებოდა. ეს გარდაუვალი იყო. მე ისეთი გარეგნობა მაქვს, რომ ერთხელაც, ასეთ წინადადებას ვერ გავექცეოდი.
ცნობილი იცით, როდის გავხდი? 2010 წელს, როცა გავაფორმე კონტრაქტი ლონდონის სამოდელო სააგენტო Storm Models-სთან. ვაღიარებ, რომ ჩემი კარიერული წინსვლა ჩემმა ანდროგენურობამ განაპირობა.
ახლა უკვე აღარ ვნანობ, რომ ასეთი გარეგნობა მაქვს - მე მსოფლიომ გამიცნო და მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ. თან ჯერ ხომ ყველაფერი წინ მაქვს, მხოლოდ 19 წლის ვარ!
ყველაზე დასამახსოვრებელი და გზის გამკვლევი ჟან პოლ გოტიეს ჩვენება აღმოჩნდა, რომელიც პარიზში ჩატარდა. მან მე ქალის სამოსის ჩვენებაზე გამომიყვანა.
არადა, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია ჩემმა გამოსვლამ. ბევრს მოვეწონე, უმრავლესობა აღშფოთდა და განაცხადა, რომ ჩემი სხეული ქალურ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. თუმცა, ბოლოს მაინც ისე გამოვიდა, როგორც მინდოდა - დავამტკიცე, რომ ქალურობა არ მაკლია.
დიდია განსხვავება ქალისა და მამაკაცის კოლექციების ჩვენებებზე. ქალის სამოსის დეფილეზე განსაკუთრებული აქცენტი იმაზე კეთდება, როგორ დადიხარ პოდიუმზე, როგორ მოძრაობ.
მამაკაცის ტანსაცმლის ჩვენებაზე კი მხოლოდ გაივლი და ეგ არის. მე კარგად ვირგებ ორივე როლს და არ მიჭირს გადართვა, როდის ვიყო ქალური და როდის - მამაკაცური.
როცა ქალს ვასახიერებ, შედარებით მგრძნობიარე და სექსუალური ვხდები, ხოლო მამაკაცის განსახიერება არ მიხდება - როგორიც ვარ, ისეთად ვრჩები. მოდის ინდუსტრიაში ასეა მიღებული - მამაკაცები უფრო საინტერესო არიან, ვიდრე ქალები.
ვინც არ მიცნობს, ჰგონია, რომ ღამურას ბედი მერგო - არც ქალი ვარ და არც კაცი. არადა, სულაც არ არის ასე. მე ქალ-მოდელებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და მამაკაც-მოდელებთანაც.
ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად ვმეგობრობ რომელიმესთან, მაგრამ აგრესია მათგან არ მიგრძნია. ისინი ლოიალურები არიან ჩემ მიმართ. მე ხომ კონკურენციას არავის ვუწევ. მე მე ვარ - ხან ქალი, ხანაც კაცი.
ყოველთვის ვარ იქ, სადაც და ვისთვისაც საჭირო ვარ. მამაკაცის ტანსაცმლის ჩვენებებზე მე ყველაზე ქალური მოდელი ვარ, მაგრამ ბიჭებს ეს სულაც არ აღიზიანებთ.
ჩაცმა თავადაც ძალიან მიყვარს. ვატარებ როგორც კაცის, ასევე ქალის სამოსს. მაგრამ იცით, რა შევნიშნე? იაფად და თან კარგად რომ ჩაიცვა, ქალის ტანსაცმელი უნდა მოირგო, მეტი არჩევანია.
გარდა ამისა, მამაკაცის კარგი კოსტიუმი ძალიან ძვირი ღირს. თუკი რომელიმე კაბა მომეწონა, ყოველდღიურად მის ჩაცმაზე უარს არასდროს ვამბობ. ის კი არა, ხანდახან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც კი მაცვია.
რა არის ამაში გასაკვირი და მიუღებელი? ვიცვამ იმას, რაც მომწონს და მიხდება. არავის ეგონოს, რომ ტრანსვესტიტი ვარ და მათსავით მაკიაჟით ვითხუპნი სახეს. ამას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ვაკეთებ, ანუ მხოლოდ მაშინ, როცა პოდიუმზე გავდივარ და სულაც არ მინდა გარდავიქმნა იმად, ვინც სინამდვილეში არ ვარ.
როცა კლუბში ან ბარში შევდივარ, მამაკაცები გამუდმებით ცდილობენ ჩემს შებმას. არასდროს დამიმალავს მათთვის, რომ ქალი არ ვარ. ამ ქვეყანაში ეს არავის უკვირს.
სერბეთში რომ ვცხოვრობდე, ალბათ ამ მხრივ პრობლემები შემექმნებოდა. დარწმუნებული ვარ, საშინელება მელოდა. ვიცი, ვერავინ შეეგუებოდა იმას, რომ ქალის გარეგნობის უკან მამაკაცი "იმალება".
19 წლის ვარ და მოდის სამყაროში ყველაზე სკანდალური პერსონა გავხდი. ჩემ მეტი სალაპარაკო ვერავინ ნახეს. ბიჭი, რომელიც გოგოს ჰგავს, დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს სამოდელო ინდუსტრიაშიო.
რა უნდათ? რა არის ამაში განსაცვიფრებელი? ამ ადამიანებს შემიძლია უფრო მეტიც ვუთხრა - არათუ მოთხოვნაა ჩემზე, ჟან პოლ გოტიემ დიზაინერთა ჩვენებაზე ერთობ საპასუხისმგებლო მისია მომანიჭა - სწორედ მე მანდო პატარძლის სამოსის დემონსტრირება. მე მისი ფავორიტი გავხდი!
რა ამაყი ვიყავი მაშინ! ასე მეგონა, ყველა მოდელი გოგონა მე შემომნატროდა. ალბათ ასეც იყო. უფრო მეტიც - თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ამ კაბაში მე უფრო ქალურად და სექსუალურად გამოვიყურებოდი, ვიდრე რიანა, რომელიც სწორედ იმავე კაბით გამოცხადდა გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე. აი, ასე!
ერთხელ ერთმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა მკითხა, თუ არ ვცდები, ჰილარი ალექსანდერი იყო: აპირებ თუ არა სქესის შეცვლასო.
რა თქმა უნდა, მის შეკითხვას ხუმრობით ვუპასუხე: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი "ვიქტორია სეკრეტი" შემომთავაზებს კონტრაქტს-მეთქი და შემდეგ სერიოზულად გავაგრძელე - სულაც არ მაქვს პრობლემა, ვიყო ის, ვინც ვარ.
წარმომიდგენია, როგორ პოლემიკას გამოიწვევს, მე რომ სქესი შევიცვალო. ამის მეტი სალაპარაკო კარგა ხანს არაფერი ექნებათ ცნობისმოყვარეებს და სკანდალის მოყვარულებს. არადა, დარწმუნებული ვარ, ასე რომ მოვიქცე, ჟიზელ ბიუნდჰენსაც კი ვაჯობებ!
არადა, ბოლო ხანს მართლა ბევრი შემოთავაზება მივიღე, მოსვენება არა მაქვს. ჩემი ტელეფონი არ ჩერდება, ზოგი რეკლამებში მონაწილეობას მთავაზობს, ზოგი ტელევიზიაში მუშაობას, ზოგიც - კინოში გადაღებას.
გარდა ამისა, მოდის ფოტოგრაფებიც უწევენ ექსპლუატაციას ჩემს ქალურობას. მათი დამსახურებაა, რომ მარკ ჯეიკობსისა და გოტიეს სარეკლამო კამპანიებში მივიღე მონაწილეობა. ჩემი ფოტოსესიები გამოქვეყნდა Zeit Magazine-ში. ამ ფოტოსესიაში ვიცვლიდი კაბებს, ქვედაბოლოებს და საცვლებს ისეთი ბრენდებისას, როგორებიცაა:Chanel და Prada.
მოდის სხვა წამყვან ჟურნალებშიც ბევრჯერ ვყოფილვარ... ყველაში თითქმის, არა მხოლოდ Vogue-ში.
სხვათა შორის, ქალის სამოსის დემონსტრირებამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემს კარიერაზე. მოდელი მამაკაცები ვერასდროს მიაღწევენ იმდენს და იმას, რასაც მე ჩემი უჩვეულო გარეგნობით მივაღწიე.
ქალის სამოსში სილამაზის დედოფალი ვარ, ხოლო ჯინსსა და კედებში - მოზარდი ყმაწვილი. სხვას კიდევ შეუძლია ასეთი გარდაქმნა? არა, რა თქმა უნდა. ასეთი ჯერჯერობით მხოლოდ მე ვარ!
თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ხანდახან ჩემი გარეგნობა უსიამოვნო სიტუაციაშიც მაგდებს. მაგალითად, ამას წინათ მამაკაცების ჟურნალმა FHM-მა გამოკითხვა ჩაატარა და პლანეტის 100 ყველაზე სექსუალურ ქალთა სიაში 98-ე ადგილზე გამომჭიმა.
პრობლემას ის კი არ წარმოადგენდა, ბოლოდან მესამე ადგილი რომ დავიკავე, არამედ ის, რომ ჩემს ფოტოს შეურაცხმყოფელი სიტყვები ჰქონდა წაწერილი - ანდრეი პეჟიჩი მოდის ინდუსტრიაში ბევრს ქალი ჰგონია, რის გამოც იგი დიზაინერთა ინტერესის ახალი საგანი გახდაო... "საგანი" - აი, სიტყვა, რომელმაც აღმაშფოთა!
თითქოს ნივთი ვიყო და არა ადამიანი! როცა პროტესტი განვაცხადე, ჟურნალმა თავი იმართლა, სინამდვილეში სიტყვა "საგანი" კარგად აღწერს მოდელსო. წარმოგიდგენიათ?
მართალია, მე კომენტარი არ გამიკეთებია, მაგრამ ეს ჩემ მაგივრად ჩემმა კეთილის მსურველებმა გააკეთეს. შედეგი? პირველ რიგში, ტექსტი მოაშორეს ფოტოს, მერე ფოტოც ამოიღეს, ხოლო შემდეგ ნომერში, კეთილი ინებეს და ბოდიშიც მომიხადეს.
ეს კიდევ არაფერი. ახლახან ცენზურის კლანჭებშიც აღმოვჩნდი. აშშ-ის ორმა მსხვილმა წიგნის მაღაზიამ უარი თქვა ჟურნალ Dossier-ის გავრცელებაზე, რადგან მის გარეკანზე ჩემი პროვოკაციული ფოტო იყო დაბეჭდილი.
რა გგონიათ, როგორ გამოვიყურებოდი? მხოლოდ წელს ზევით ვიყავი შიშველი. მათ კი იცით, რა თქვეს? მერე რა, რომ ბიჭია, ისეთი ლამაზია, თან ახალგაზრდა, რომ მოზარდებს გოგონა ეგონებათ და იფიქრებენ, ჟურნალის ყდაზე შიშველი გოგონაა გამოსახულიო.
არადა, ჟურნალის გამომცემლებს სწორედ ეს ჰქონდათ ჩაფიქრებული. ანდროგენი ჟურნალის ყდაზე. მერე რა? რამდენი მამაკაცის შიშველი ტორსი ყოფილა დაბეჭდილი ჟურნალების გარეკანებზე? რამდენიც გაგიხარდებათ! მაგრამ ჩემი სალაპარაკო და საკამათო გახდა! თუმცა, პოპულარობისთვის არცთუ ცუდი ჟესტია, ჩემი აზრით...
რაც უნდა ილაპარაკონ ჩემზე, ერთი რამ ცხადზე ცხადია - მე ლამაზი ვარ, ზღაპრულ ფერიას ვგავარ და არა ღამურას, როგორც ამას ზოგიერთები მიიჩნევენ.
მიხარია, რომ ყველაზე ხშირად ეპატაჟური ჟან პოლ გოტიე თანამშრომლობს ჩემთან. ის ხომ მოდის მეტრია! მე კი ერთადერთი მოდელი, რომელიც ერთნაირად იხდენს როგორც ქალის, ისე მამაკაცის სამოსს.
მე ცოცხალი განსახიერება ვარ ახალი ტრენდის - ორ სქესს შორის განსხვავებისა და საზღვრების სრული წაშლა!
სინამდვილეში მართლაც ასე არ არის? სიყვარულს ხომ საზღვრები არა აქვს!..
სვეტა კვარაცხელია
ჟურნალი "ბომონდი"
(აგვისტოს ნომერი)