"კიკალა სტუდიო TV"-ის, "BGCC" დიდი ბრიტანეთისა და "STORM MODELS" ლონდონის ერთობლივი პროექტი "ტოპგოგო" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში გაზაფხულზე გავა.
შესარჩევი ტურები მარჯანიშვილის თეატრში უკვე ჩატარდა და მსურველი 200 გოგონადან 30 შეირჩა, პროექტში კი მაყურებელი 13 მათგანს იხილავს. 18-დან 23 წლამდე მოდელები 6 თვის განმავლობაში ერთ სახლში იცხოვრებენ, გამარჯვებული კი ლონდონში წარმატებულ კარიერას აიწყობს. ჟიურის ბრიტანელი წევრები - ოქსანა პოპკოვა და ოლეგ მიხეევი იქნებიან.
ლევან ლელაშვილი, აღმასრულებელი პროდიუსერი:
- ვის ეკუთვნის ამ პროექტის გაკეთების იდეა?
- ეს იდეა "კიკალა სტუდიოში" გაჩნდა - გიორგი კიკალიშვილს ეკუთვნის. შემდეგ, "რუსთავი 2"-ს შევთავაზეთ და ვინაიდან მსგავსი ფორმატის პროექტი ჯერ არ ყოფილა, მათი ყურადღება მიიქცია და სიამოვნებით დაგვთანხმდნენ.
გიორგიმ კი ლონდონთან თავისი ყველა კავშირი და რესურსი გამოიყენა. მისი და ბრიტანეთის მოქალაქეა და დაგვეხმარა. ვფიქრობ, საინტერესო, კარგი პროექტი გამოვა და მაყურებელს ძალიან მოეწონება.
ელენე კოლელიშვილი, პროდიუსერი:
- შერჩეული 30 გოგონადან 13-ს ბრიტანელი ჟიური შეარჩევს. ვფიქრობ, კასტინგზე გოგონების კარგი კონტინგენტი მოვიდა. შედეგით კმაყოფილები ვართ. თუმცა, ისეთებიც იყვნენ, ვისაც მოდელობასა და პოპულარულობაზე უბრალოდ უოცნებია, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა შესაბამისი პარამეტრები; ყველანაირი სიმაღლისა და გაბარიტების მქონე, პროფესიონალი მოდელებიც და უბრალო მოყვარულებიც მოვიდნენ. კასტინგისთვის გოგონები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდანაც ჩამოვიდნენ.
- როდის ნახავს ბრიტანელი ჟიური ამ 30 გოგონას?
- ისინი უახლოეს დღეებში ჩამოვლენ. პროექტი კი ეთერში გაზაფხულზე გავა. სავარაუდოდ - აპრილის დასაწყისში. ჟიურიში 2 მუდმივი ბრიტანელი და ერთი ცვალებადი ქართველი წევრი იქნება. "ტოპგოგო" დამწყები მოდელებისთვისაა.
13 გოგონა ერთ სახლში იცხოვრებს. სხვა რეალური შოუებისგან იმით განსხვავდება, რომ კამერები კედლებზე არ იქნება დამონტაჟებული. ეს გოგონები ერთად იმისათვის იცხოვრებენ, რომ მობილიზებულები იყვნენ, დღის გრაფიკი ზუსტად შეასრულონ და ყურადღება სხვა რამეზე არ გაეფანტოთ.
- რას შეისწავლიან მოდელები პროექტის ფარგლებში?
- სავალდებულო ვარჯიშები ექნებათ; შეისწავლიან და დახვეწენ პოდიუმზე სიარულს, ჩაუტარდებათ მსახიობის ოსტატობის გაკვეთილები; ეყოლებათ ფიტნეს-კონსულტანტი და დიეტოლოგი, რომ მუდმივად გაკონტროლდეს მათი წონა, ვიზუალური მხარე და ა.შ.
მუდმივად ჩაუტარდებათ ფოტოსესიები და ჩვენებები; ერთმანეთისგან განსხვავებული ისეთი დავალებები ექნებათ, რომლებიც შესაძლოა ერთი შეხედვით მოდელთან არანაირ კავშირში იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, სხვადასხვა თვისებას გამოუმუშავებს.
- როგორც აღნიშნეთ, კამერები უშუალოდ სახლში არ იქნება დამონტაჟებული. რა კადრებს იხილავს მაყურებელი?
- ამ პროექტით მაყურებელი გაიგებს, თუ რამდენად რთულია მოდელობა; რომ ეს არ გულისხმობს მხოლოდ სიგამხდრესა და სილამაზეს. საკმაოდ რთული პროფესიაა და დიდი შრომის გარდა, საკუთარი თავის მუდმივი კონტროლი და ბევრ ცხოვრებისეულ სიამოვნებაზე უარის თქმაა საჭირო. ვაჩვენებთ, თუ როგორ მუშაობენ საკუთარ თავზე, პედაგოგებთან, რა უჭირთ, როგორ ჩაუტარდებათ მასტერკლასები და ა.შ.
- ვინ შეასწავლის გოგონებს პროექტით გათვალისწინებულ პროგრამას?
- მსახიობის ოსტატობას - რეჟისორი გოჩა კაპანაძე, პოდიუმზე სიარულს კი სალომე ღვინიაშვილი ასწავლის. ფოტოსესიებს ბრიტანეთიდან ჩამოსული ჟიურის ერთ-ერთი წევრი - ოლეგ მიხეევი ჩაუტარებს. პროექტი 6 თვეს გასტანს - ერთი ეტაპი თბილისში იქნება, მეორე ფოთში, ბათუმში კი ის 3 ფინალისტი გამოვლინდება, რომლებიც ლონდონში გაემგზავრებიან.
მამუკა კიკალიშვილი, ჟიურის წევრი:
- კმაყოფილი ვარ, რომ პროექტში მონაწილეობის სურვილი ბევრმა გოგონამ გამოთქვა. მათგან საუკეთესოები ავარჩიეთ; კრიტერიუმებს მოსული რაოდენობის 5-6% აკმაყოფილებდა. ეს გასაკვირი არცაა. 6 თვის მანძილზე მათი ტრანსფორმაცია მოხდება - მოუმზადებელი, ლამაზი გოგონასგან პროფესიონალი მოდელი უნდა მივიღოთ.
მსურველები სხვადასხვა სააგენტოდანაც იყვნენ, მაგრამ მეორე პრობლემა ის იყო, რომ 6 თვის განმავლობაში ყველა ვერ შეძლებს ცხოვრებისეულ საქმიანობას მოსწყდეს - ზოგი სწავლობს, ზოგი მუშაობს, ზოგსაც ოჯახი აქვს და ა.შ. - კასტინგის დროს თქვენ რას აქცევდით ყურადღებას?
- საინტერესო ადამიანი უნდა იყოს, მონდომებული, შრომისმოყვარე; კარგი გარეგნობის გარდა, მნიშვნელოვანია სახის გამომეტყველება, ურთიერთობის უნარი და ა.შ. "სტორმის" სააგენტო იმ ერთ მოდელთან დადებს ხელშეკრულებას, რომელიც გაიმარჯვებს. ეს კი დიდი პერსპექტივაა, რადგან მათი მეშვეობით მოდის დიდ ბიზნესში გავა - საფრანგეთში, იტალიაში, ამერიკაში...
როცა ნებისმიერი პირი "სტორმის" სერვისსა და შესაძლებლობებს გამოიყენებს, შესაძლოა ამ სფეროში ჩვენი მოდელიც დაასაქმოს. ეს უდიდესი შანსია. არხი, რომელიც ამ პროექტის მეშვეობითაა გაჭრილი, მოდელმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. აქ ჩაწყობა და პროტექცია დაუშვებელია, ამის არანაირი ინტერესი არ გვაქვს.
- 6 თვის განმავლობაში სახლიდან გასვლისა და ახლობლებთან კონტაქტის უფლება თუ ექნებათ გოგონებს?
- ვფიქრობ, ამის პრობლემა არ უნდა იყოს, ოღონდ ეს ორგანიზებულად და შეთანხმებულად მოხდება და კონტროლს დაექვემდებარება.
სალომე ღვინიაშვილი, მოდელი, ჟიურის წევრი:
- საერთო ჯამში კასტინგმა კარგად ჩაიარა. ბევრი გოგო ვნახეთ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. პრობლემა ალბათ ქართულ მენტალიტეტშია - ზოგს მამა არ უშვებს, ზოგს - ძმა, ზოგს - შეყვარებული... ზოგიერთს წონისა და ცელულიტის პრობლემა ჰქონდა, ზოგსაც - სიმაღლის. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გოგონები ასაკით პატარები არიან, რთული სიტუაცია იყო... უფრო კარგ გოგონებსაც ველოდებოდი. გაკვირვებული დავრჩი იმით, რომ კასტინგზე ბევრი ისეთი მოვიდა, რომელსაც გარეგნობა ხელს არ უწყობს.
გოჩა კაპანაძე, რეჟისორი, ჟიურის წევრი:
- დატვირთული დღეები გვქონდა, ბევრი და ყველანაირი კატეგორიის გოგონა ვნახეთ - მსუქნებიც, დაბლებიც, ძალიან გამხდრებიც და ა.შ. მე ყველაფერს ყურადღებას ვაქცევდი - გარეგნობას, არტისტიზმს, მონაცემებს, ინდივიდუალურობას, ინტელექტს, რადგან ეს საერთაშორისო პროექტია და დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორი გოგონათი წარვდგებით მსოფლიო მოდის სამყაროს წინაშე.
გამარჯვებულს დიდი მომავალი აქვს. ქართველი ტოპგოგონა აუცილებლად წარმოსადეგი უნდა იყოს. ვიცი, რომ სააგენტოებში ბევრად უკეთესი გოგონებიც არიან, მაგრამ ყველას თავისი არხები აქვს და საერთაშორისო ასპარეზზე ამგვარად გადიან. შესაძლოა, ჩვენს კასტინგზე ამიტომაც არ მოვიდნენ. სხვათა შორის, რეგიონული სააგენტოებიდანაც ბევრი მოვიდა. არჩევანის გაკეთება გაგვიჭირდა, მაგრამ ინგლისელებთან ერთად ეს უფრო გაადვილდება.
- თქვენ რის გამო დათანხმდით პროექტში მონაწილეობას?
- მსგავსი პროექტი ჩემთვის პირველი არ არის. მათთან რეჟისორული და სამსახიობო განხრით უნდა ვიმუშაო და რადგან ისინი პროფესიონალი მსახიობები არ არიან, ძალიან მაინტერესებს, თუ როგორ შეძლებენ თავის გართმევას და სამსახიობო ოსტატობის დაუფლებას ექიმი, იურისტი, ბიზნესგოგონა და ა.შ. ამ 6 თვის განმავლობაში ჩემი მიზანი სწორედ ეს იქნება.
როგორც ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, შესარჩევ ტურებზე ბევრი სხვადასხვა კატეგორიის, ზომა-წონისა და პარამეტრების მქონე გოგონა გახლდათ მოსული. ზოგიერთი მათგანი შესვლისთანავე უკან გამოტრიალდა, რადგან მთავარი მოთხოვნა საცურაო კოსტიუმის ჩაცმა იყო.
ეს კი გოგონასთვის, რომელსაც მოდელობა და პოპულარობა სურს, ვფიქრობ, პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მათი უმეტესობა კამერებმა და ოჯახის წევრებისა და ახლობლების სავარაუდო რეაქციებმა დააფრთხო. თუმცა, ისეთებიც იყვნენ, რომელთაც მსგავს საკითხებზე ბევრი არ უფიქრიათ და ოცნების ასასრულებლად მართალია, დიდი მღელვარებით, მაგრამ თამამად გაეშურნენ ჟიურის მოსახიბლავად.
რამდენიმე მათგანს გავესაუბრე:
მარიამ სიჭინავა, კონკურსანტი, 20 წლის:
- ადრე ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში დავდიოდი. იმედი მაქვს, რომ ჟიურის მოვეწონები და პროექტში მოვხვდები. სიმაღლესა და სიგამხდრეს დიდ ყურადღებას აქცევენ, მე კი ამ პარამეტრებში ვჯდები.
- ზოგიერთი გოგონა უკან გაბრუნდა, როცა გაიგო, რომ საცურაო კოსტიუმის ჩაცმა იყო საჭირო. შენ ხომ არ გაგიჭირდა კამერის წინ, ნახევრად შიშველს პოზირება?
- ამის კომპლექსი ნამდვილად არ მქონია, რადგან საცურაო კოსტიუმით ჩვენებებზეც ხშირად გამოვსულვარ. ვფიქრობ, მოდელისთვის ეს პრობლემა არ უნდა იყოს.
თამთა დადეშელი
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)