ჩვენი პროექტის გმირი ცნობილი ბურატინოს არანაკლებ ცნობილი მეგობარი და გარეგნობით გამორჩეული პიეროა.
ფოტო + Backstage
თავისი არსით, პიერო ორსახოვანი პერსონაჟია - ერთი მხრივ, დრამატული, ცოტათი სევდიანი და ფლეგმატურია, მეორე მხრივ კი, რომანტიკული, დაბნეული და მშვენიერი. მალვინასადმი ცალმხრივი სიყვარულის ტვირთით დაღდასმული ღირსეულად ატარებს ამ ტვირთს და მხოლოდ მიმიკა თუ გასცემს მის გულმოდგინედ "დაჰაიდებულ" ემოციებს, რომელსაც გულში ინახავს. პიერო შავ-თეთრია, ისეთივე, როგორიც ცხოვრება, მედლის ორი მხარით - არც ძალიან ცუდი, არც ძალიან კარგი - რაღაც საშუალო. გააჩნია, ვინ რომელ ფერს ხედავს მეტი ინტენსივობით.
ამჯერად ჩვენი "ორსახოვანი" გმირის სათანადო გლამურულ დონეზე "გაიმიჯება" დიზაინერ ნინო კაჭარავას მივანდეთ. აღმოჩნდა, რომ პიერო მისთვის ძალიან საყვარელი პერსონაჟია და მორიგი, ბომონდური "ფეშენ-გმირის" შექმნაზეც დიდი მონდომებით იმუშავა. ნინო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულთა იმ თაობას ეკუთვნის, რომელშიც ბევრი ცნობილი დიზაინერი შედის: თამუნა ინგოროყვა, აკა ნანიტაშვილი, ქეთი ჩხიკვაძე და სხვები. თუმცა აკადემიამდე, ჯერ კიდევ თხუთმეტი წლისამ, იცოდა, რომ მომავალ პროფესიად დიზაინერობას აირჩევდა.
ლამაზ გარემოში გაიზარდა, ლამაზი და დახვეწილი გემოვნების მქონე ქალბატონების გვერდით. ”ბაბუა კარგად ხატავდა და, ალბათ, ხატვის ნიჭიც გენეტიკურად მერგო", - ამბობს ნინო. დედა, დეიდა და ბებია იმ პერიოდისთვის ძალზე გამორჩეულად, დახვეწილად და ორიგინალურად იმოსებოდნენ. ბებიას კერვაც ეხერხებოდა. ამიტომ ლამაზი, კომფორტული და ტანზე მორგებული სამოსის ტარება მათი ოჯახის ბინადარი სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის ფუფუნება არ იყო.
პარიზში, ბრიტანულ-ამერიკულ აკადემიაში სწავლა, სადაც თავის დროზე მაკა ასათიანი და თეონა თავართქილაძე სწავლობდნენ, ნინოსთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით, ერთ წელიწადში სამშობლოში დაბრუნდა და სწავლა სამხატვრო აკადემიაში განაგრძო.
დიზაინერულ კარიერაში პირველი ნაბიჯები აკა ნანიტაშვილისა და ნინო თოხაძის მაღაზიაში საკუთარი ხელით შექმნილი სამოსის ჩაბარებით გადადგა. იმ პერიოდისთვის უცხო, ორგინალური სამოსი დეფიციტი იყო. ამიტომ მის ნამუშევრებზე მალე გაიზარდა მოთხოვნა. შემდეგ ატელიეც გახსნა. დღეს ყველანაირი სახის სამოსზე მუშაობს - ”ქეჟუალით" დაწყებული, საქორწინო და საბანკეტო კაბებით დამთავრებული.
ერთადერთი, რაც მის ”პორტფოლიოს" აკლია, მამაკაცის სამოსია. ფიქრობს, რომ კარგი დიზაინერისთვის სულაც არ არის საჭირო, ვინმეს გაეჯიბროს პროფესიონალიზმში. მან უნდა იშრომოს, რათა საკუთარი ნიჭი თავისი ნაშრომის სახით წარმოაჩინოს საზოგადოების წინაშე.
ფერადი ქსოვილები, ძაფები, ნაჭრები, ლენტები - ეს არის მისი სამყარო და მიაჩნია, რომ ამ ყველაფრის გარეშე, ალბათ, ვერ იარსებებდა, რადგან პროფესია მისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ბიზნესი.
ჟურნალი ”ბომონდი”
(აგვისტოს ნომერი)
იხილეთ ფოტოგალერეა