”ქორწინება არის ურთიერთობა, რომელშიც ერთი მხარე გამუდმებით მართალია, მეორე კი, უბრალოდ, ქმარია”.
თბილისი, საქართველო, 2012 წლის პირველი აგვისტო
მოქმედების არეალი - აღმაშენებლის გამზირის სხვადასხვა მონაკვეთი, მათ შორის, ხარაჩოები, მშვიდობიანად მომუშავე ერთ-ერთი ოფისის კუთვნილი აივანი, ”მაკდონალდსის” მიმდებარე ტერიტორია და ა.შ.
პირველადი დისლოკაციის ადგილი საქორწინო სალონი Exclusive-MNT.
Cast:
რუსკა მაყაშვილი
ქეთი ორჯონიკიძე
მაკა შალიკაშვილი
სამოდელო სააგენტო "კატრინის" მოდელები და უამრავი ცნობისმოყვარე გამვლელი.
სპეციალური მოწვევით და ”სანთლით ძებნით” - The სიძე - ლევან ჯიბღაშვილი.
მადლობა ვარდების ბაღის ადმინისტრაციას; გაურკვეველი ფსიქოემოციური მდგომარეობის მქონე ქალბატონს, რომელმაც ჩვენს ფოტოსესიას განსაკუთრებული ექსტრიმი შესძინა; ამ ექსტრიმის აღსაკვეთად მოსულ პატრულს და უამრავ ცნობისმოყვარე ადამიანს, რომლებმაც მხიარული აჟიოტაჟით, რეპლიკებით და აქტიური ჩართულობით, ჟურნალის ფურცლებამდე, ”რეალში” შეგვაძლებინეს პროექტის დინამიკის გადატანა.
იმ დღეს მთელი თბილისი თუ არა, მთელი აღმაშენებელ-პლეხანოვის გამზირი ლაპარაკობდა ”მონადირე პატარძლებზე”.
დავიწყოთ თავიდან...
ჩვენი ერთგული მკითხველისთვის ცნობილია, რომ ”ბომონდის” ფურცლები არაერთგზის ეთმობა სხვადასხვა სახის არტ-ექსპერიმენტს. სიმართლე გითხრათ, მიყვარს ამგვარ პროექტებზე მუშაობა, რადგან ეს არის სრულიად ახლებური, არასტანდარტული და საინტერესო ფორმა საიმისოდ, რომ მკითხველამდე მიიტანო კონკრეტული მესიჯი, პოზიტიური მუხტი და გაუზიარო ის ხალისიანი განწყობა, რომელიც მთელი გუნდის ძალისხმევით და მონდომებული შრომით იქმნება.
თუმცა საქმე ღირს ამად...
ყველაფერი კი დაიწყო ისე, როგორც საერთოდ იწყება - იდეით. იდეა კი ერთი ძველი, კეთილი კომედიის ყურების შემდეგ გაჩნდა ჩემს გონებაში. არის ასეთი ფილმი ”უცოლო”, რომელშიც ჯერ კიდევ ძალზე ახალგაზრდა, არამსუქანი რენე ზელვეგერი და ასეთივე ახალგაზრდა, საშინლად სიმპათიური კრის ო'დონელი თამაშობენ მთავარ როლებს.
შესაძლოა, უამრავ თქვენგანს ფილმის სახელწოდება ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ ცნობილი კადრი - თავქუდმოგლეჯით გაქცეულ საბრალო სასიძოს ყველა ჯურისა და რანგის პატარძლების არმია რომ მისდევს დასაჭერად, აუცილებლად გეცოდინებათ.
პოსტსაქორწინო მზადებას კარგა ხნით ადრე ვიწყებთ სალონიდან, სადაც პროექტის ფარგლებში მომავალი ”პატარძლებისთვის” სამოსის შერჩევა-მორგების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მინდა გითხრათ, რომ აქაურობა ჩემი მეორე სახლია. აქედან გამომდინარე, მთავარი მონახაზის იდეის დონეზე განხილვის შემდეგ დეტალების შეთანხმება თუ ყოველ საღამოს არა, ყოველ მეორე საღამოს სამსახურის შემდეგ ჩვევად გვექცა მე და ომოს.
ამ პროექტზე მუშაობისას რამდენიმე ადამიანით განსაკუთრებით მოვიხიბლე. მათ შორის არის ომო გეთიაშვილი - პროექტის ფოტოგრაფი. დაკისრებულ მოვალეობას ისეთი პასუხისმგებლობით და მონდომებით ეკიდება, გეგონება, ნამდვილი ქორწილის ორგანიზება გვაქვს დავალებული და როგორც ამ დროს იტყვიან ხოლმე - ”სტუმრებთან არ უნდა შევრცხვეთ”. თავი ფილმის გადასაღებ მოედანზე მგონია.
ვეძებთ რეკვიზიტს, ვარჩევთ რაკურსს, ვათანხმებთ მთავარი გმირებისთვის გრიმს და აქსესუარს. სალონი თანდათან ივსება საქორწინო სალონისთვის სრულიად შეუსაბამო და არასაჭირო ატრიბუტიკით. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი-ორჯერ ვიტრინაში ამაყად გამოჭიმული ველოსიპედის ფასსაც კი კითხულობენ ცნობისმოყვარე გამვლელები. ”არ ვყიდით, ბატონო, გადაღებისთვის გვინდა” - მერამდენედ იმეორებს ერთსა და იმავე ფრაზას ჩვენი კონსულტანტი.
თუკი ფილმის სიუჟეტი კარგად გახსოვთ, ფილმში ”პატარძლების ესტაფეტის” მთავარი გამომწვევი მიზეზი მემკვიდრეობის ხელში ჩაგდებაა. ჩვენ შემთხვევაში კი - რაღა თქმა უნდა, მაქსიმალურად სახალისო პროექტის მომზადება, რომლის უმთავრესი პულსაცია და არტერია სასიძოა - სასიძო, რომლის მონახვაც არცთუ ადვილი საქმე გამოდგა.
The სიძე
ცნობილია, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს უამრავი სისუსტე და ფობია აქვთ. მათ შორის უმთავრესთაგან უმთავრესი ქორწინებაა. ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური გოგონა საკუთარი ქორწილის დღეს კაბაზე, თაიგულზე, დასაპატიჟებელი სტუმრების სიაზე და ა.შ. ჯერ კიდევ ბავშვობიდან ოცნებობს, თუმცა, ალბათ, ვერ ნახავთ ისეთ მამაკაცს, რომელიც ამ ცერემონიალის წარმოდგენისას მსგავს ემოციურ აღმაფრენას განიცდიდეს.
აქედან გამომდინარე, არათუ რეალურად, ფოტოპროექტისთვისაც კი გაგვიჭირდა შესაფერისი სასიძოს პოვნა; არა იმიტომ, რომ კანდიდატურა არ გვყავდა, გვყავდა და მერე რამდენი, მაგრამ ისეთი სიძე, რომელიც საკუთარ როლს სიხალისით, კომიზმითა და იუმორით შეასრულებდა, ძნელი საპოვნელი აღმოჩნდა.
საბოლოოდ ფორტუნამ მაინც გაგვიღიმა ლევან ჯიბღაშვილის სახით.
სერიალ ”ჩემი ცოლის დაქალების” ერთ-ერთი მთავარი გმირი, საძაგელი, მოღალატე, აფერისტი ზუკა ძალიან თბილი, დადებითი და უზომოდ პოზიტიური ადამიანი აღმოჩნდა, გაცნობისთანავე მოიგო ყველას გული. თუმცა საპატარძლოების ამგვარი ”ოვერდოზის” შემდეგ, დღის ბოლოს, ნახევრად ხუმრობით გამოაცხადა: ”თქვენ ისე იზამთ, მგონი ცოლს მართლა კარგა ხანს აღარ მოვიყვან”.
საკუთარი ქორწილის წარმოდგენა და მასზე საუბარი უძნელდება. მაინც რომ არ ვეშვები და ვაიძულებ, წარმოსახვით მაინც გააკეთოს პროგნოზი, როგორი წარმოუდგენია ”ოცნების ქორწილი”, ამბობს, რომ ალბათ ვიწრო წრეში, ქალაქგარეთ, რომელიმე ლამაზ ადგილას გადაიხდიდა ქორწილს.
ცერემონიალის დაგეგმვაში კი დეტალურად იქნებოდა ჩართული თვითონ, რაშიც საქორწინო კაბის არჩევაც შედის და ფართოდ გავრცელებული ცრურწმენა, რომ სიძეს ქორწილის დღემდე კაბის ნახვა კატეგორიულად ეკრძალება, სასაცილოდაც არ ჰყოფნის.
წინა ”სასპეცოპერაციო” პერიოდი დინამიკურად მიმდინარეობს. ვათანხმებ პოტენციური საპატარძლოების სიას. კმაყოფილი ვარ, რომ მიუხედავად საშვებულებო პერიოდისა, სასურველი კანდიდატურების დედაქალაქში დაჭერას ვახერხებ. ისეთ პატარძლებს მოვუყარე თავი, ”ავ თვალს არ დაენახვებიან”.
”ემანსიპირებულ-ფემინისტური ტრიადა”
პატარძალი ნომერი #1
რუსკა მაყაშვილმა პოსტსაფოტოსესიო პერიოდში მისთვის შეკერილ საქორწინო კაბაზე დაკერებული ვარდები დიდი, სასაცილო ბაფთით შეცვალა. კაბა მაქსიმალურად დაამოკლა, რათა გარუჯულ ფეხებზე ამოცმული ”სნიკერსები” ორიგინალურად გამოჩენილიყო ფოტოზე. ვფიქრობ, ყველაზე მეტი შანსი საიმისოდ, რომ დაეწიოს და გაუსწროს პროექტის სასურველ სასიძოს, სწორედ მას აქვს, რადგან ყველაზე ”სპორტული პატარძალია” ჩვენ მიერ შერჩეულ პატარძლებს შორის.
მოგვიანებით, როცა გადაღებების დროს დარჩენილ პატარ-პატარა Cofee break-ებზე ვცდილობ ინტერვიუებიც ”ავკრიფო” გზადაგზა, აცხადებს, რომ ვერ იტანს ტრადიციულ ”ჟენიჭირიმე-ჟენჟემოგევლე” ყანწებისტრიალ-კორიანტელიან ქორწილებს.
”ჩემი ქორწილი აუცილებლად ვიწრო წრეში და ისეთ გარემოში იქნება, სადაც მე ვიგრძნობ თავს კომფორტულად და რაც მთავარია, ძალიან მაგრად გავერთობი” - ამბობს რუსკა.
პატარძალი #2
სკეიტზე დგომის პანიკურად ეშინია და გადაღების ხათრით თანხმდება. საპატარძლო კაბა ტყავის პიჯაკით, ჯაჭვები, ფეხზე ამოცმული ბათინკები... ეს ყველაფერი ქეთი ორჯონიკიძის მიერ განსახიერებული პატარძლის იმიჯია. გიფიქრიათ, როგორი შეიძლება იყოს კოსმოპოლიტური საქორწინო კაბა პულტზე?
ამგვარი კაბის ექსკლუზივი, მთელი თავისი საავტორო უფლებით, სწორედ ქეთი ორჯონიკიძეს ეკუთვნის. ყველაფერში ორიგინალურობის მოყვარულია. ამიტომ მისეული წარმოდგენა ქორწილსა და საქორწინო ცერემონიალის დეტალებზეც ექსტრავაგანტურობით გამოირჩევა. ”ჩემი საოცნებო კაბა აუცილებლად პულტით უნდა იმართებოდეს, სიტუაციის შესაბამისად მისი სიგრძე და პარამეტრები სურვილისამებრ რომ ვაკონტროლო. წკაპ, წკაპ, ავწევ; წკაპ, წკაპ, ჩამოვწევ..." - მიხსნის ხელის შესაბამისი მოძრაობით.
პატარძალი #3
მაკა შალიკაშვილი პროექტის ყველაზე პრეტენზიული და ”პატარძლური” პატარძალია. სტატისტიკის მიხედვით, ნებისმიერი ქალი, რომელიც პოსტსაპატარძლო მზადებას გადის, ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო პრეტენზიული, მომთხოვნი და ემოციური ხდება ამ პერიოდში. გასაკვირი არაფერია, ასეთი საპასუხისმგებლო დღეები ხომ ცხოვრებაში ძალზე იშვიათია?
ჰოდა, ხანმოკლე ვადით პრეტენზიულობა ყველა ქალს ეპატიება. მაკამაც, ამ მხრივ, ჭეშმარიტი პატარძლის როლი მოირგო. არავითარი ხაბარდა, კორსეტი და მსგავსი ”ზედმეტობები”. პრონოვიას ულამაზეს, ბერძნულ სტილში შეკერილ სადა კაბას იცვამს, გადაღების პროცესში მოძრაობაში ხელი რომ არ შეუშალოს.
გათვლა სწორია, რადგან სატელევიზიო სიუჟეტი, რომლითაც ”რუსთავი 2” ჩვენს ფოტოპროექტს აშუქებს, სწორედ მაკას კადრით იწყება. აივანზე გადმოკიდებული პატარძალი ხარაჩოებზე ამძვრალ სასიძოს, რომელიც უკან დადევნებული თეთრკაბოსნების გუნდს გაურბის, მონდომებით ებღაუჭება.
სანამ პროექტის მთავარი დამრტყმელი ძალა, ე. წ. ფემინისტური ტრიადა - რუსკა, მაკა და ქეთი სალონიდან ვიზაჟ-მაკიაჟგაკეთებულები დაბრუნდებიან, შტატივზე თავჩამოდებული ”რუსთავი 2”-ის ოპერატორი პაპუნა გამოძინებას ასწრებს. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ დაგვიანება ყველა ქალის სენია, მაგრამ პატარძლებს ეს ეპატიებათ. აქედან გამომდინარე, დამსწრე საზოგადოება მოთმინებით ელის საპატარძლოების გამოჩენას.
როგორც იქნა, სალონის მინის ვიტრაჟს იქით ქეთი ორჯონიკიძის ორიგინალური ვარცხნილობა გამოჩნდა და დაბნეულმა სასიძომ გადაღებისთვის საჭირო ატრიბუტიკას შორის მისთვის გამზადებული ყულფიანი მსხვილი თოკი აღმოაჩინა. თან ახსნა-განმარტებას მოჰყვა, სად, როგორ და რა ფორმით იქნებოდა თოკი გამოყენებული - ერთ-ერთი სცენის მიხედვით, იგი ფემინისტურმა ტრიადამ უნდა დაატუსაღოს.
ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, დადევნებულ პატარძლების არმიასთან ერთად, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლზე აღმართული ხარაჩოების დალაშქვრის მითითება მიიღო.
ფოტოსესიის დაგეგმვის პროცესში გაჩნდა იდეა, ღამის სცენები აღმაშენებლის გამზირზე გადაგვეღო, თუმცა ხანგრძლივი კონსილიუმებისა და სჯა-ბაასის შემდეგ მე და ომომ ხელი ავიღეთ ამ იდეაზე. ჩავთვალეთ, რომ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირს ჩვენი ”არტ-კაპრიზის” გამო არავინ გადაგვაკეტვინებდა.
თუმცა მოხდა საოცრება და დღის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში სწორედ აღმაშენებლის გამზირზე გამართულმა ”ხარაჩოების სცენამ” გამვლელების ისეთი დაინტერესება გამოიწვია, რომ გამზირი, ”ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო”, მაინც გადაიკეტა რამდენიმე წუთით. ”პატარძლების მსვლელობას” ქუჩაში ჯერ მოძრაობის შეჩერება, მერე კი მცირეხნიანი პარალიზებაც მოჰყვა.
მძღოლების გაღიზიანებული ტონი და მანქანების ხმამაღალი საყვირის ხმა სიტუაციაში უკეთ გარკვევის შემდეგ ხალისიანმა სიცილმა და მობილურით უნიკალური კადრების დაფიქსირების მცდელობამ შეცვალა. ყველას მოეწონა ხარაჩოზე გამწკრივებული პატარძლები და საბრალო სიძე, რომელიც მონდომებით ცდილობს მათგან თავის დაღწევას. ”არ მინდა ცოლი!” - მთელი გამზირის გასაგონად ყვირის როლში შესული ლევან ჯიბღაშვილი.
მორიგი სცენის გადაღება ვარდების ბაღში იგეგმება. სკეიტმომარჯვებული ქეთი ორჯონიკიძე დიდი ენთუზიაზმით მიემართება გადაღების ადგილისკენ. უკან გუნდად მიჰყვებიან სხვა პატარძლები. ყოველი კადრის გადაღებას ჟრიამული და აჟიოტაჟი ახლავს. ამასობაში ჩამოცხა.
დუბლს დუბლი მოსდევს. ომო პრეტენზიულია, გოგონებსა და ლევანს არაერთგზის უწევთ, ”საქორწინო ესტაფეტა” სასურველი კადრის მისაღებად კიდევ და კიდევ გაირბინონ.
ფოტოობიექტივმა ამჯერად ”ანტრეს” ღია კაფესკენ გადაინაცვლა, სადაც წინსაფარაფარებული მსახიობი ქეთი კანტიძე მორჩილად ელოდება თავის რიგს. კურიოზი არც ამჯერად დაგვკლებია.
ჩანახატის მიხედვით, ეპიზოდი, რომელშიც ოფიციანტი საქორწინო რბოლის შესახებ გაზეთში განთავსებული განცხადებით იგებს სრულიად შემთხვევით, ”ანტრეში” ერთ მაგიდასთან უნდა გადავიღოთ, თუმცა ”по закону подлости” მაინცდამაინც ამ მაგიდის დაკავება მოუნდა გაურკვეველი ვადით ვიღაც ექსტრავაგანტურ ტურისტს. ჩვენს თხოვნას, იქნებ როგორმე, რამდენიმე წუთით მაინც, ამ უკანასკნელმა სხვა მაგიდასთან გადაინაცვლოს ყავის დასალევადო, ”ანტრეს” მენეჯერი მოკრძალებული ბოდიშით პასუხობს: ”ვერ ვთხოვ. როგორც წესი, უცხოელებს მსგავსი რამ აღიზიანებთ. აჯობებს დაველოდოთ, როდის აბრძანდება თვითონ”.
ველოდებით... ქალბატონი ქეთიც მშვიდად დგას. უეცრად მობილური რეკავს. ”საყოველთაო მოლოდინის საგანი” გერმანულად ვიღაც მურთაზს ელაპარაკება, შენთან მოვალ ცოტა ხანშიო. ”გვეშველა, მგონი, მალე წავა” - ამბობს ქალბატონი ქეთი. ყველაფერი მაინც ”ინტერნაციონალურ-ჰეფი-ენდურად” მთავრდება. მეტიც, გერმანელი ტურისტი უზომოდ გამგებიანი აღმოჩნდა, რის გამოც ჩვენი ფოტოპროექტის მონაწილის როლი დამსახურებულად ერგო.
საღამოს ცხრა საათამდე შემოქმედებითი ”ტაიმ აუტი” გამოვაცხადეთ. შებინდებისას კი გადასაღები მოედანი ”მაკდონალდსის” მიმდებარე ტერიტორიისკენ ინაცვლებს. სიუჟეტს პატარა გმირებიც უერთდებიან. ალისფერბაფთიანი ორი ბიჭუნა რუსკა მაყაშვილის - ანუ ”გმირი-დედა-პატარძლის” პოტენციურ შვილებს ასახიერებს.
ერთი მათგანი რუსკას ხელში უჭირავს, მეორე კაბის კალთაზე ჩაჰფრენია. იქმნება სასიძოს დევნაში გაწაფული მრავალშვილიანი ქალის იმიჯი. თუმცა ამ დროს გადაღების მსვლელობაში უხეშად ერევა სრულიად ამოუცნობი იმიჯის, ფსიქიკური მდგომარეობისა და სოციალური წარმოშობის სუბიექტი - ქალბატონი, რომელიც როგორც მოგვიანებით გავიგეთ, მარჯანიშვილის მოედნის ხშირი სტუმარია. თეთრ კაბაში გამოწყობილი ამდენი ლამაზი გოგონას ხილვამ ისე გაახალისა იგი, იქაურობის დატოვება, ჩვენი ხვეწნა-მუდარა-დაქადნების მიუხედავად, კატეგორიულად არ სურს.
არადა, დრო მიდის. უკვე ღამის თერთმეტი საათია, რამდენიმე სცენის გადაღება უნდა მოვასწროთ. საქმეში სამართალდამცავები ერევიან. პატრულის ეკიპაჟი ცდილობს აღკვეთოს ქალბატონის პერიოდული, სრულიად ”არალეგიტიმური” შემოჭრა კადრში, თუმცა ამაოდ.
ჩვენი არტ-პროექტის საბოლოო დისლოკაციის ადგილი, ე.წ. ოფიცერთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაა და ამასობაში ღამის თორმეტმაც მოგვიკაკუნა. გზად ცნობისმოყვარე უცხოელთა ჯგუფი გვიერთდება: ”ეს რა, პატარძლების მანიფესტაციაა?” მორიდებით მეკითხება ერთი მათგანი და ცდილობს ფირზე აღბეჭდოს უცნაური სანახაობა.
ღიმილით ვუხსნი, რომ ბედმა ერთ-ერთი მოდური ჟურნალის არტ-პროექტის განხორციელების ეპიცენტრში არგუნა მოხვედრა. უცხოელი მიღიმის და რამდენიმე სამახსოვრო ფოტოს გადაღებასაც ახერხებს ე.წ. მანიფესტაციის მონაწილეებთან.
ყველაფერი ღამის პირველი საათისკენ დასრულდა. დაქანცული მონაწილეები, სკეიტზე სრიალისას თუ ხარაჩოებზე ცოცვისას დასვრილი კაბები, არანაკლებ დაღლილ-დაქანცული სასიძო... ხუმრობა საქმეა, ამდენი პატარძლის შემოტევას გაუძლოს კაცმა? ლევანს დამსახურებულად ეკუთვნის ”ბომონდის გმირი სასიძოს” სახელი და ჯილდო, რომელსაც ამ ნომინაციისთვის დავაწესებთ ჩვენი ჟურნალის ყოველწლიურ სადღესასწაულო ივენთზე.
მანამდე კი ფოტოპროექტით დავტკბეთ და როცა ჩვენ მიერ მომზადებული საქორწინო მარათონის ქრონიკებს გადაავლებთ თვალს, თუკი თქვენც ხარაჩოებზე მოქანავე პატარძლების ხილვისას ღიმილი მოგადგებათ სახეზე, ჩავთვლით, რომ სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით ”I do” წარმატებით შედგა.
მომავალ სპეცოპერაციამდე კი არადა, მომავალ ფოტოპროექტამდე.
სოფო ბზეკალავა
ჟურნალი ”ბომონდი”
(სექტემბრის ნომერი)