ანნა იმედაშვილი: დღეს ტელევიზია ადამიანის გაფაცეების ყველაზე სწრაფი და მარტივი საშუალებაა. რატომღაც ყველა თვითპიარითაა დაკავებული, სოციალური ქსელებიც ხომ ამაში ხელის შეწყობის უდიდესი საშუალებაა.
ჩემმა რესპონდენტმა პოპულარობა სატელევიზიო შოუს წამყვანობით მოიპოვა. მანამდე ანნა იმედაშვილი გვინახავს რეკლამებში, ეპიზოდურ როლებშიც... პროფესიით ფსიქოლოგია, თუმცა მოგვიანებით ცხოვრებამ რადიოსთან დააკავშირა, - "არ დაიდარდოს" წამყვანი გახლდათ.
მოსწონდა თავისი საქმე, მსმენელთან კონტაქტი. ამ დროს თითქოს საზოგადოების მაჯისცემას გრძნობ, იცი, რა სიამოვნებთ და რა აღიზიანებთ, რომელი მომღერალი სარგებლობს სიმპათიით და რომელი ანტიპათიით...
შემდეგ სხვა რადიოში გადავიდა და ბოლოს დათო იმედაშვილის კუთვნილ რადიოში მოხვდა. მივიდა იმისთვის, რომ დახმარებოდა სისტემის აწყობასა და გამართვაში, თუმცა ყველაფერი ისე აეწყო, რომ მალე დათო და ანა შეუღლდნენ. ესეც მოულოდნელად მოხდა.
ანი საცხოვრებლად დათოსთან გადავიდა და თანაცხოვრებაც დაიწყო... დათო იმედაშვილი რამდენიმე პროექტში იყო ჩართული. ანაც ეხმარებოდა, თან ოჯახურ ბუდეს აშენებდნენ... ამ ამბიდან ერთ წელიწადში დათომ ახალი და მასშტაბური პროექტი წამოიწყო, რომელიც ქართულ-ამერიკულ თანამშრომლობასაც გულისხმობდა. ამიტომ ცოლ-ქმარი ლოს-ანჯელესში გაემგზავრა.
დათომ იქ ბევრი საჭირო კონტაქტი დაამყარა, გაიცნო ფილმის წარმოების სპეციფიკა და მიხვდა, იდეა თუ ექნებოდა, საერთო პროდუქტსაც ჩაეყრებოდა საფუძველი.
საქართველოში გამომგზავრებისას ორივე ამ იდეაზე ფიქრობდა, თუმცა საქმე მალე "გაადვილდა" - ომი დაიწყო და იდეაც თავისთავად დაიბადა - "აგვისტოს ხუთი დღე"...
კინოცენტრში გავიდა ეს პროექტი, სინოფსისიც გაგზავნა ამერიკული ფილმების მარკეტზე და მერე ყველაფერი თავისით აეწყო, პროექტი განხორციელდა და სერიოზული გამოხმაურებებიც მოჰყვა... თავიდან, ამერიკაში რომ ჩავიდნენ, ორივეს მოკრძალებული იდეა და მისი განხორციელების დიდი სურვილი ჰქონდა.
წინააღმდეგობაც ბევრი შეხვდათ, თავდაპირველ სცენარზე რუსებმა გადაიღეს ფილმი, - აღმოაჩინეს, რომ ელექტრონული ფოსტა გაუტეხეს და ინფორმაციამაც გაჟონა.
სატელევიზიო პროექტი "ახალი ქართული ხმა" დათო იმედაშვილმა განახორციელა. მან უკვე თითქმის ყველა მსგავსი ტიპის გადაცემის რეიტინგი მოხსნა. ანა გადაცემაში თავიდან კოორდინატორად აიყვანეს, მერე რეპორტიორობა დაავალეს და ბოლოს წამყვანიც გახდა - ერთ-ერთი გადაღებიდან დუტა წავიდა და ანას უთხრეს, ახლა შენ ხარ წამყვანიო...
დუტასა და ანას ტანდემი შედგა, ანა იმედაშვილი კი ახალი ქართული სატელევიზიო სახე გახდა. უყვარს თავისი საქმე, თუმცა სირთულესაც აწყდება, - დათო მისგან მაქსიმუმს მოითხოვს. საერთოდ, მკაცრი უფროსია, ანასთან კი ეს სიმკაცრე გაათმაგებულია...
ასე გაჩნდა ანა იმედაშვილი, როგორც ახალი წამყვანი, ახალი FACE და ახალი პროდუქტი ქართული მასმედიისთვისაც. ანა დეკემბრის "ბომონდის" ყდაზე იქნება. ფოტოები საშა პრიშვინმა გადაიღო, რომელიც თავად გახლავთ "ახალი ქართული ხმის" მონაწილე.
ამჯერად საშა ობიექტივთან იდგა, ხოლო ანა არა სცენაზე, არამედ საშას ობიექტივის წინ... გადაღებით ორივე კმაყოფილია. ვნახოთ, დეკემბრის ქავერს მკითხველი როგორ მიიღებს და შეაფასებს...
ქეთი მიქანაძე
ჟურნალი "ბომონდი"
(დეკემბრის ნომერი)