მისი ისტორია საოცრებათა ქვეყანაში მოგზაურობით კი იწყება, მაგრამ ამ შემთხვევაში ზღაპარს კონკიას ფინალი აქვს.
სატელევიზიო რეალური შოუს მონაწილე და ახლა უკვე გამარჯვებული ალისა კუზმინა გახდა. ამ ფაქტმა მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. ერთი ჩვეულებრივი გოგო, რომელიც პეტერბურგის პატარა ბინაში ცხოვრობდა და მიმტანად მუშაობდა, სულ მალე მილანში გაემგზავრება, სადაც მას ერთწლიანი კონტრაქტი საკმაოდ ცნობილ სამოდელო სააგენტოში ელოდება.
ცხოვრების დევიზი ასეთია: შექმენი ცხოვრება შენ გარშემო უფრო ფერადი, ვიდრე ის არის... დედის მონაყოლიდან იცის, რომ ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას, დაბადებამდე რამდენიმე წამით ადრე ატირდა. მაშინ ექიმებსაც გაუკვირდათ, ასეთი რამ არასდროს ენახათ. თავად ალისა კი ხვდება, რომ ეს მისი ხასიათის თვისებაა - ვერ იტანს ლოდინს და მოთმინების უნარი თითქმის ყოველთვის ღალატობს.
ალისა დაიბადა და გაიზარდა ქალაქ ვოლოგდაში. მისი ბავშვობა თითქმის არ განსხვავდება სხვებისგან - ველოსიპედი, გადაყვლეფილი მუხლები, საბავშვო ბაღი... პატარა ალისა წარმოდგენებსა და კონცერტებს თითქმის მთელი ეზოსთვის მართავდა. იყო აღფრთოვანებული მაყურებელი, ოვაციები და შეძახილები.
ყველას ეგონა, მსახიობი ან მუსიკოსი გამოვიდოდა, რადგან მუყაოსგან გამოჭრილ ვიოლინოზე უკრავდა და ვანესა მეის ბაძავდა. ექვსი წლის ალისა ცეკვაზე მიიყვანეს და სწორედ მაშინ მიხვდა, რომ დედამ ზუსტად იქ მიიყვანა, რაც აინტერესებდა და სჭირდებოდა.
დედასთან ერთად ცხოვრობდა, ბავშვობიდან არაფერი აკლდა, თუმცა ყოველთვის ხვდებოდა, ეს რის ფასად ხდებოდა. უკვე უნივერსიტეტის პირველ კურსზე გააცნობიერა, რომ გაიზარდა და საჭიროა, დედას დაეხმაროს; მიხვდა, რომ მუშაობის დრო დადგა.
გადაწყვიტა, ვოლოგდაში, ე.წ. გოუ-გოუ დენსინგი განევითარებინა. მაშინ ამაში საკმაოდ კარგ ხელფასს იღებდა და თან, რაც მთავარია, საყვარელ საქმესაც აკეთებდა. მაშინ მიხვდა, პატარა ქალაქში ასეთი საქმის წამოწყება იმას ნიშნავს, რომ უნდა აკონტროლო ყოველი სიტყვა, ყოველი ქმედება და სწორედ ასე შეაბიჯებ დიდების სამყაროში.
დედა მისთვის დღემდე საუკეთესო მეგობარია, მისთვის ის მოთმინებისა და სამყაროს პოზიტიურად აღქმის მაგალითია. იგი მთელი ცხოვრება სპორტსა და სილამაზეს ემსახურება, ფიტნეს-ინსტრუქტორობით დაიწყო და ამჟამად ჰათხა-იოგას ასწავლის, რასაც ინდოეთში დაეუფლა.
სანამ ალისა გაიზრდებოდა, დედამ რთული წლები გაიარა, დაუღალავად შრომობდა. მოგვიანებით ალისა მიხვდა, რომ დედამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ალისა გზაზე დაეყენებინა. მამას არ უნდოდა მისი გაზრდა, არ აღიარა, თუმცა, ამის მიუხედავად, ყოველ კვირას ბაბუა მასთან საჩუქრებით დახუნძლული მოდიოდა, მოჰქონდა ახალი ფილმების დისკები, ახალი ალბომები, წიგნები... ასეთ გარემოში გაიარა ალისას ბავშვობამ. ახლა ეს პერიოდი ტკბილ-მწარედ ახსოვს.
ვოლოგდის უნივერსიტეტში სწავლის მეორე კურსზე ალისა მიხვდა, რომ ერთ ადგილას გაიყინა, თვითგანვითარებისთვის სჭირდება მეტი სივრცე და შესაძლებლობები. ამიტომაც საბუთები პეტერბურგის უნივერსიტეტში გადაიტანა და იქ გააგრძელა სწავლა. სწორედ პეტერბურგში ყოფნა აღმოჩნდა მის ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი, თვითგადარჩენისთვის გამუდმებით მუშაობა უწევდა, თან სწავლა... ამ ყველაფრით დაღლილს ზოგჯერ ავიწყდებოდა კიდეც, რა მიზანი ჰქონდა ცხოვრებაში, რისთვის გადავიდა დიდ ქალაქში.
კარგად ახსოვს ერთი ჩვეულებრივი დილა, როცა მაღვიძარამ ლამაზი სიზმრიდან გამოაღვიძა. ნახა, როგორ ჩამოვარდა ციდან ვარსკვლავი და სურვილი ჩაუთქვა. მაღვიძარამ ისევ რეალობაში დააბრუნა, მერე ჩვეულებრივი რუტინული დღე დაიწყო - სამსახური, სასწავლებელი, სახლი... სახლში მისული დაღლილი ალისა დაძინებას აპირებდა და ამ დროს მის ტელეფონზე უცნაური ზარი გაისმა.
მას საქართველოში ეპატიჟებოდნენ და სთავაზობდნენ რეალურ შოუ "ტოპ-გოგოში" მონაწილეობას. შინაგანად იგრძნო, რომ უარი არ უნდა ეთქვა, ეს იყო შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაეშვა. ძალიან რთული შვიდი თვე გაიარა. მისთვის ყველაზე რთული იყო იმ ადამიანებთან შეგუება, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა, მუშაობდა. თანდათან ისწავლა თავის კონტროლი, დეტალებზე ყურადღების გამახვილება და საკუთარი გზით მხოლოდ წინ სიარული.
ძალიან რთული იყო საკუთარ თავში მოდელის აღმოჩენა. პროექტის მანძილზე მის თავში ტრიალებდა ფიქრი: არის კი ეს მისი საქმე? იქნებ არარეალურს ეჭიდება, იქნებ არ გამოსდის?! თუმცა ამ ეტაპმაც გაიარა და საკუთარ თავში უდიდესი ძალა და რწმენა იგრძნო.
ახლა, როცა პროექტის გამარჯვებული და მთავარი პრიზის მფლობელია, გრძნობს, რომ სულ სხვა ეტაპზე გადავიდა - წინ დიდი გზა აქვს გასავლელი. ბევრი მიზანი აქვს, თუმცა მათ შორის უმთავრესი, ოჯახის კეთილდღეობა და თბილი და სიყვარულით სავსე საკუთარი ოჯახის შექმნაა. იცის, ამ ყველაფერზე ფიქრი ჯერ ადრეა, ახლა უბრალოდ, უნდა გამოიყენოს შანსი, რომელიც ცხოვრებამ მისცა.
ჟურნალი "ბომონდი"
(გამოდის თვის დასაწყისში)