თაკო ჩხეიძე - თაკოს დიდი ხანია ვიცნობ. ჯერ კიდევ "ნატალიდან" - ამ დროის მანძილზე თაკომ უამრავი ეტაპი გამოიარა დღემდე... მახსოვს გიგა აგლაძის მუსიკალური რგოლი "ლამაზი დღე", რომელიც თაკომ ძალიან გაალამაზა...
მერე - მერე იყო შვეიცარია... წარმატებული სამოდელო კარიერა. მუშაობა ცნობილ დიზაინერებთან და გამოცემებთან... საერთოდაც მისი წარმატებული კარიერა უამრავი ეტაპისგან შედგება...
თაკოს სააგენტო Geomodels - ეს მისი ერთ-ერთი შვილია. ცდილობს გოგონებს გამოცდილება გაუზიაროს და ამიტომაც გაუკეთა ორგანიზება საერთაშორისო სამოდელო კონკურსს Ford Models Supermodel of the World-ს, რომელიც წელს პირველად ჩატარდა თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში.
კონკურსი 50 ქვეყანაში ტარდება, ფინალი კი ნიუ-იორკში გაიმართება. ფინალს საქართველოდან პირველი მონაწილეც ჰყავს: დალი ჩიტალაძე... იქნებ საქართველოსაც ჰყავდეს ტოპ-მოდელი... ეს მისი ოცნებაა.
თბილისის მოდის კვირეული... ესეც თაკოს შვილია... დიდი ხნის წინ "ჯორჯიან ივენთის" წარმომადგენლებმა შესთავაზეს მოდის კვირეულის ჩატარება. შემდეგ ქვეყანა აირია... მაგრამ 2009 წელს, თბილისობის ფარგლებში, საპილოტო ორდღიანი კვირეული ჩატარდა. გაამართლა...
მას შემდეგ თბილისის მოდის კვირეული სეზონიდან სეზონამდე იხვეწება. ეს კი გუნდის დამსახურებაა. წარმატებული პროექტის მთავარი განმსაზღვრელი, პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდია...
ესტონეთი - რუსლანი ესტონეთის ელჩია და თაკოსაც ნახევრად ტალინში უწევს ცხოვრება. ტალინი ძალიან მოსწონს, მშვიდი და ევროპული. იქ ცხოვრების სხვა რიტმია - გაწონასწორებული, სადილებით, პროტოკოლით და დრეს-კოდით.
ოჯახი... ოჯახი მისთვის ყველაფერია და მიაჩნია, რომ ოჯახში სიმშვიდე და ბალანსი რომ არ ჰქონდეს, ვერაფერს მიაღწევდა... ეს სითბოა და ძალიან დიდი კომფორტი მისთვის.
შვილები: 11 წლის სერგი, რომელიც უკვე დიდია. თაკოს თაობის დედებს ჩვევიათ თქმა, პირველი შვილის აღზრდა "ვერ ვიგრძენითო", თაკო ასე არ ფიქრობს. იგრძნო და დღემდე გრძნობს უდიდეს პასუხისმგებლობას... დიდი პაუზის შემდეგ დაიბადა ალექსანდრე.
ის წლინახევრისაა და გამუდმებით თბილისი-ტალინის რეისების გამო, "პილოტიც" კი შეარქვეს. თაკო ხომ შვილებთან და ძიძებთან ერთად დადის ესტონეთში...
და მესამე - თაკომ მეორე შვილის დაბადების შემდეგ მაშინვე გადაწყვიტა, მესამეც გაეჩინა... ასე მალე არ გეგმავდა, მაგრამ დაემთხვა... სასიამოვნოა მოლოდინი... მესამე ბიჭი. კარგი იქნებოდა გოგო ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი ღმერთის ნებაა...
მსიამოვნებს მაკიაჟის პროცესში მასთან ჩაწერილი ინტერვიუ... ეს თაკოა - წარმატებული, ნაზი, ქალური, ის ივნისის "ბომონდის" ქავერისთვის ემზადება, თავის მესამე შვილთან ერთად...
იხილეთ ფოტოგალერეა
თეა აგლაძე
ჟურნალი "ბომონდი"