შემოდგომის მზე, თან გვიანი შემოდგომის, თბილი და სასიამოვნო... ქალაქგარეთ გასვლა ამ პერიოდში (ოღონდ არ უნდა წვიმდეს) ბედნიერებას ანიჭებს ადამიანებს. ჩვენი გადამღები ჯგუფი სწორედ გიორგობისთვის, ერთ მზიან დღეს "როიალ ბატონში" გაემგზავრა.
ყვარელში, ილიას ტბას საოცარი ციხესიმაგრე-კომპლექსი გადაჰყურებს. საოცარი ადგილია, ყველა დეტალი გათვლილია დამსვენებლის კომფორტისთვის, ულამაზესი ხედებით, აუზითა და ვერანდებით. შუა კახეთში შოტლანდიური ესთეტიკითა და კახური სტუმართმოყვარეობით გაჯერებული გარემო სასიამოვნო დღეს გვპირდებოდა.
ია სუხიტაშვილი დეკემბრის ყდის გმირია. ია რამდენიმე თვის წინ ფილმის გადაღებებზე გავიცანი და დღემდე აღფრთოვანებული ვარ მისი ნიჭით. გარდასახვა, რომელიც იასთვის სირთულე არ არის, ფოტოსესიის მთავარი ხიბლია.
ია "ბავშვური" ბავშვი ყოფილა - "შტაბების აშენებებითა და რეზინობანათი". ოქტომბრელი იყო და პიონერობასა და არტეკში წასვლაზე ოცნებობდა, რაც სამწუხაროდ, ვერ შეუსრულდა. რაც წერა-კითხვა ისწავლა, დღიურებს აწარმოებს და თან ისეთ ადგილას აქვს გადამალული, ვერავინ მიაგნებს (დღიურს ხომ მაშინვე ეკარგება ხიბლი, როგორც კი ვინმე წაიკითხავს). ერთ-ერთ ასეთ დღიურში უწერია სწორედ წლების წინ ჩაფიქრებული სურვილი: "მინდა გამოვიდე ლამაზი გოგო!"
ცეკვასაც სწავლობდა, არქეოლოგიაც აინტერესებდა და ბიოლოგიაც. ჟურნალისტობა თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა, სტუდია "ბერიკებში" რომ მოხვდა, სადაც მისი პირველი როლი "პატარა უფლისწული" იყო. უამრავი ბიჭი იყო სტუდიაში და დღემდე ვერ აუხსნია, რატომ ათამაშა გოგი თოდაძემ ბიჭის როლი. თეატრალურ ინსტიტუტშიც ბატონი გოგის რჩევით ჩააბარა.
დღემდე საოცრად მადლობელია მისი. რომ არა გოგი თოდაძე, ია ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარებდა და მსახიობი ია სუხიტაშვილი არ იქნებოდა; ან იქნებ სწორედ ძალიან წარმატებული ჟურნალისტი ია სუხიტაშვილი დავკარგეთ?! ეს ნახევრად ხუმრობაა, მაგრამ ნამდვილად იღბალია აუცილებელი საჭირო დროს საჭირო ადგილას მოსახვედრად.
იღბალია სწორედ ისიც, რომ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რუსთაველის თეატრში მოხვდა და რობიკო სტურუასგან ოფელიას როლი მიიღო. ამაზე არც კი უოცნებია. ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი სასწაულია. სიხარულისა და მოულოდნელობისგან ისეთ შოკში იყო, ვერც გამოხატავდა. რუსთაველის თეატრი - რამდენს ნიშნავს ეს ახალგაზრდა მსახიობისთვის! მაგრამ ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგია.
მას არასოდეს გაუცდენია არც ერთი რეპეტიცია. რომ არა შრომა, სადიპლომო სპექტაკლში ჯულიეტას როლს ვერ მიიღებდა და რომ არა ჯულიეტას როლი, არ იქნებოდა იას მიერ შესრულებული ოფელია. სულ ძიებაშია და მიაჩნია, რომ მთავარი სათქმელი ჯერ არ უთქვამს.
უხარია, რომ ერთგვარი ტრადიცია, როდესაც თეატრის მსახიობებს კინოროლებს არ აძლევდნენ, თითქმის აღარ არსებობს. მალე ეკრანებზე რამდენიმე ფილმი გამოდის მისი მონაწილეობით. გიგა აგლაძის "რკინის ფარდა", დათო ტურაშვილის სცენარის მიხედვით, ლევან კოღუაშვილის "ბრმა პაემნები" და ახალგაზრდა რეჟისორების ნოველები "მე მიყვარს თბილისი", მაგრამ გარდამტეხი რუსუდან ჭყონიას "ქიფ სმაილინგი" აღმოჩნდა.
სწორედ ამ ფილმს მოჰყვა შემდეგი კინოროლები იას კარიერაში. თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა უარი უთქვამს როლზე. მიაჩნია, რომ მასთან მუშაობა არ არის რთული. ერთადერთი აუცილებელი პირობა რეჟისორისადმი ნდობაა.
ბედნიერია, რადგან ჰყავს უსაყვარლესი შვილი ლუკა, რომელიც მის ცხოვრებაში ყველასა და ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ლუკა მისთვის კეთილი მეკვლეა, რადგან სწორედ ლუკას დაბადების შემდეგ დაიწყო მის შემოქმედებაში ნაყოფიერი პერიოდი. ჰყავს დედა, ძალიან თბილი და მოსიყვარულე. ოცდაერთი წლის იყო ია, როდესაც მამა გარდაეცვალა და ის ტკივილი არ განელებულა. ბედნიერია სწორედ იმით, რომ გაიზარდა წესიერ და თბილ ოჯახში.
როდესაც მიშა მესხი შეუყვარდა, მიხვდა, რომ ასეთ მდგომარეობაში პირველად აღმოჩნდა და დღემდე ბედნიერია ამ მდგომარეობით.
მაინც სულ სხვაა პროფესიონალ მსახიობთან მუშაობა. ფოტოსესიაც ხომ ერთგვარი კინოა... კადრები და იმიჯები იცვლება და თითოეულში მისი გამოკვეთილი ინდივიდუალიზმი იგრძნობა.
მე კი ერთი ვიცი, იას ბავშვობის ოცნება აუხდა - ის ნამდვილად "ლამაზი გოგო გამოვიდა!"
თეა აგლაძე
ჟურნალი "ბომონდი"
(დეკემბრის ნომერი)