"ზოგი ამბობს, ვაიმე, იქ რა უნდა იყიდოო..." - კრისტი ყიფშიძე და დალი ჩიტალაძე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებსაც სტუმრობენ - Marao

"ზოგი ამბობს, ვაიმე, იქ რა უნდა იყიდოო..." - კრისტი ყიფშიძე და დალი ჩიტალაძე მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებსაც სტუმრობენ

2017-04-22 16:36:37+04:00

დალი ჩიტალაძე: "მეორადებში იმდენად საინტერესო ტანსაცმელი აღმოვაჩინე და რაც მთავარია, იაფად, რომ აღფრთოვანებული ვარ"

90 -იანების პირველ ნახევარში საქართველოში ჰუმანიტარული მეორადი სამოსი ცოტა ხანში ათასობით მოქალაქის შემოსავლიან ბიზნესად იქცა. უმუშევრად დარჩენილი მეცნიერები თუ კულტურის წარმომადგენლები მეორადი სამოსის მაღაზიებს ხსნიდნენ. კლიენტებსაც არ უჩიოდნენ. ზოგი ცხვირს იბზუებდა, მაგას როგორ ვიკადრებო...

როგორც იქნა, გაიარა უსინათლო წლებმა, შევაბიჯეთ ოცდამეერთე საუკუნეში. ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ მეორადი სამოსის მაღაზიებში ნაყიდი სამოსით უმკლავდება არასტაბილური შემოსავლით მოძალებულ დეპრესიას. თუმცა მყიდველი ათასგვარია - ამ "ბუტიკებს" ბევრი მდიდარიც სტუმრობს და თავსაც იწონებს მეორადი ტანსაცმლით აწყობილი "ლუქით".

ნათია, მყიდველი: - რატომ უნდა გადავიხადო ოთხმაგი თანხა, როდესაც მეორადებში განსხვავებული, ხარისხიანი და ბევრად იაფი ტანსაცმლის შეძენა შემიძლია. სულაც არ მიჭირს, მაგრამ სიამოვნებით ვყიდულობ ტანსაცმელს იქ და მოდურად და განსხვავებულად გამოვიყურები.

ლამარა, მყიდველი: - მეორადი ეძახეთ და, ფუთებიდან ისეთი ტანსაცმელი ამოდის, მაღაზიაში ვერ იპოვი. ჩვეულებრივ მაღაზიებშიც ვიყიდდი, ჩემი ზომის რომ იშოვებოდეს... "

ნინი, მყიდველი: - თბილისში ძალიან ძვირია ბრენდული ტანსაცმელი. ჩვენთან სეილი, ფაქტობრივად, არ არსებობს. უცხოეთში სეილის დროს შეგიძლია "გუჩის", "ბარბერის" ან სხვა ცნობილი ბრენდების სამოსი 80%-იანი ფასდაკლებით იყიდო. ხშირად დავდივარ მეორადებში, სადაც, გარდა მეორადისა, რომელიმე ბრენდის შედარებით ძველი კოლექციის ახალ სამოსსაც გამოჰკრავ ხელს. ასე შევიძინე "კაშარელის" ბლუზა, "გესის" კაბა...

სასიამოვნოა, როდესაც "ბარბერის" კაბა, რომელიც 500 დოლარი ღირს, გაყიდვაში გამოსვლიდან 2 წლის შემდეგ შეგიძლია თბილისში კაპიკებად იყიდო.

ნანა, მყიდველი: - ხარისხს რომ ვცემ პატივს, იმიტომ მაცვია მეორადი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ჩემი პატარა ახლა იდგამს ფეხს და მისთვის 200 ლარზე დაბალ ფასად ტყავის და სუპინატორიანი ფეხსაცმელი ვერ ვიშოვე ვერც ბაზრობაზე, ვერც მაღაზიებში. კიდევ კარგი, მეორადები არსებობს.

მანანა, გამყიდველი: - ყველა კატეგორიის მყიდველი გვაკითხავს - ხარისხის, ბრენდისა და ექსტრავაგანტური სამოსის მოყვარული მდიდარიც და ღარიბიც... მოსახლეობის 80% მეორად ტანსაცმელს ყიდულობს. მათგან ალბათ, 5% ასაიდუმლოებს ამას, ეთაკილებათ, რომ მეორადებში იმოსებიან. ნისიებზეც ვმუშაობთ. დღეს ვითვლიდი და აღმოჩნდა, რომ ამ დროისთვის 2.000 ლარამდე ღირებულების საქონელი მაქვს გაცემული. მეორად სამოსზე რომ დიდი მოთხოვნაა და იქაც ნისიების კილომეტრიანი სია გაქვს გაშანშალებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში გაჭირვებაა! ჩვენთან უფრო გერმანული ფუთები იხსნება. მეპატრონეს თვითონ ჩამოაქვს. არსებობს სხვადასხვა კატეგორიის ფუთები, ტანსაცმლის ფასიც ამის მიხედვით რეგულირდება. არის ისეთი ფუთებიც, სადაც ბრენდული სამოსი პირდაპირ მაღაზიიდან ხვდება. გაგრძელება