მანიკა ასათიანი მეუღლესთან - ბექა წივწივაძესა და შვილთან ერთად ვაკეში, ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრობს.
ბინის რემონტი და დიზაინი დიასახლისის გემოვნებით და უშუალო ჩართულობით გაკეთდა. საბოლოო ჯამში, საკუთარი ინტერიერით კმაყოფილია, თუმცა კიდევ აქვს დეტალები დასასრულებელი და ამბობს, რომ მერე მართლა ის იქნება, რაც მას უნდოდა.
- თავიდან, როცა მე და ბექამ ბინის ყიდვა გადავწყვიტეთ, რა თქმა უნდა, ადგილის მიხედვით დავიწყეთ ძებნა. იქიდან გამომდინარე, რომ ბექა ვაკეშია დაბადებულ-გაზრდილი, უფრო ეს უბანი გვინდოდა. მე საბურთალოზე გავიზარდე და იქაურობაც ძალიან მიყვარს, თუმცა ამ კორპუსიდან 20 მეტრში ბებიაჩემი ცხოვრობდა, მასთან დიდ დროს ვატარებდი და ამ ქუჩასთან რაღაცნაირად თითქოს ბავშვობაც მაკავშირებს. თან ცენტრალური გამზირიდან ოდნავ მოშორებულია, არაა ისეთი ხმაური და მოძრაობა და ეს მომწონს. ეს კორპუსი მდებარეობის გამო შევარჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული მშენებლობა, მაინც გავრისკეთ და მშენებარეში შევიტანეთ თანხა. როგორც ყველას, ჩვენც გაგვეწელა ეს პროცესი. გიოზე ვიყავი ფეხმძიმედ, როცა ბინა შევიძინეთ და ამ ახალ წელს გადმოვედით. გამოდის, რომ ოთხწელიწად-ნახევარი დასჭირდა ყველაფერს.
რემონტი
- დიზაინერი არ მყოლია. შეიძლება ამას დღეს გარკვეულწილად ვნანობ, რადგან რაღაც დეტალები მაკლია, ბოლომდე „შევსებულიც“ არ ვარ. თავიდან ერთი სული გვქონდა, როდის გადმოვიდოდით და როგორც კი იმ მდგომარეობამდე მივედით, რომ უკვე საცხოვრებლად მზად იყო, გადმოვედით... მერე, როგორც ხდება ხოლმე, რაღაცების გაკეთება დავიწყეთ და ესეც გამეწელა.
საერთო ჯამში, ჩემი სახლით და რემონტით მაინც კმაყოფილი ვარ. ფერები არის ისეთი, როგორიც მე მიყვარს: მშვიდი, არც ძალიან ფერადი და შემაწუხებელი და არც სულ მთლად თეთრი. ზოგადად, თეთრი მიყვარს, მაგრამ ჭარბად ეგეც მაღიზიანებს. აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი, ყველა დეტალი ჩემი ნაფიქრი და ნაწვალებია, თუ შეიძლება ასე ითქვას (იღიმის). მე დავდიოდი, ვარჩევდი, ვხაზავდი, ვხატავდი, ვაჩვენებდი ხელოსნებს და მოკლედ, თავიდან ბოლომდე ჩართული ვიყავი ამ პროცესში.
გაგრძელება + ფოტოები