უმეტესობა დარწმუნებულია, რომ სვიტერთან მხოლოდ შარვალი უნდა ჩაიცვას. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ და საინტერესო შეხამებებიც შეგირჩიეთ.
ტყავის ქვედაბოლო
ყველაზე საინტერესო და მოდური დუეტია. განსაკუთრებით ვურჩევთ მათ, ვისაც ზედმეტი კილოგრამები და პუტკუნა მუცელი აქვთ. ასე შეგიძლიათ ოფისისთვისაც შეიმოსოთ, პაემნისთვისაც და სასეირნოდაც. უპირატესობა მკვრივი ტექსტურის სვიტერს მიანიჭეთ. შეგიძლიათ ახალგაზრდული სვიტშოტიც ჩაიცვათ მკვეთრი პრინტით. ფეხსაცმელი სპორტული სტილის უნდა იყოს, ბოტილიონი ან მაღალქუსლიანი ჩექმა.
"პლისე" ქვედაბოლო
უკვე არაერთი სეზონია დიდების მწვერვალზეა. მაქსიმალურად ფარავს რთულ ფორმებს. საუკეთესო სიგრძეა - მუხლზე ან ოდნავ ქვევით. შეუხამეთ უხეში, კონტრასტული ფერის ნაქსოვი სვიტერი. უპირატესობა ქუსლიან ფეხსაცმელს მიანიჭეთ ან ბოტილიონს სქელ ქუსლზე. კოლჰოტი ან ფეხსაცმლის ფერი შავი უნდა იყოს.
მაქმანის ქვედაბოლო
ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი შეუსაბამო წყვილი იდეალურ დუეტს შექმნიდა. უხდება გრძელი, გვერდებში შეჭრილი სვიტერი ან მოკლე, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ის წელსაც ამოკლებს. თუ წვეულების ეფექტი უნდა შექმნათ, უპირატესობა მაღალქუსლიან ფეხსაცმელს მიანიჭეთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში - ჩექმას ან ტყავის შუზებს.
ასიმეტრიული ქვედაბოლო
ასეთი შეხამება იდეალურია მათთვის, ვისაც ფართო მხრები აქვს. სადა სვიტერი შეუხამეთ. უმჯობესია პასტელის ფერების. რაც უფრო დახვეწილია ქვედაბოლო, მით სადა უნდა იყოს ზედა, დეკორისა და ნახატის გარეშე. მოუხდება ქუსლიანი და უქუსლო ფეხსაცმელიც.
გამჭვირვალე ქვედაბოლო
რომანტიკული და ნაზი შეხამებაა. უხდება ნებისმიერ ფიგურას. აუცილებელია, სვიტერი მაქსიმალურად კონტრასტული იყოს. შავ-თეთრი შეხამება იდეალური იქნება. სვიტერი უნდა იყოს ჰაეროვანი, თავისუფალი, სადა. თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იცვამთ, მშვენიერია. მთავარია, ქუსლი მყარი იყოს და სამოსს უხდებოდეს.
ბრჭყვიალა ქვედაბოლო
იდეალური ვარიანტია, თუ გსურთ, წვეულების ვარსკვლავი გახდეთ და მკაცრი დრეს-კოდი გაიაროთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ პაიეტი - ბზინვარე რგოლები, სხეულს მოცულობას მატებს. სვიტერი უნდა იყოს ოვერსაიზი, მომდგარი ან ისეთი, რომელსაც ქამრით დაიმაგრებთ. ფეხსაცმლიდან უპირატესობა მიანიჭეთ ნატის ან ტყავის მაღალქუსლიან ჩექმას, ბოტფორდებს.