ჩაცმა - ეს სწორედ ისაა, რაც ჩვენს გემოვნებაზე მეტყველებს და ადამიანს პირველივე შეხედვისას შთაბეჭდილებას უქმნის.
ქალები ხშირად ვცდილობთ, რომ რაც გვაცვია, იმით ჩვენი სათქმელი ვთქვათ.
ფერადი ტანსაცმელი ქალის მხიარულ ხასიათთან ასოცირდება, შავი ტანისამოსი კი, პირიქით, მკაცრ, სერიოზულ, შეუვალ ხასიათს გვაგონებს.
ალბათ, ფიქრობთ, რომ მთავარი მაინც ადამიანის გემოვნებაა და ის, თუ რა ხასიათზეა იმ დღეს. გეთანხმებით. უბრალოდ, არსებობს გარკვეული წესები, რომლებსაც ზოგი დიზაინერი სპეციალურად არღვევს, თუმცა მაინც ულამაზოდ, ხან კი უბრალოდ უცნაურად გვეჩვენება.
ვფიქრობ, ჩამოთვლილი წესები დარღვევას, ძირითადად, სახლის პირობებში ექვემდებარება.
1. სპორტული ფეხსაცმელი და გამოსასვლელი, პომპეზური კაბა - თუ გრძელია, შეიძლება ამგვარ კაბაში კედებიც კი დავმალოთ, მაგრამ "ბოტასებთან" სიფრთხილე გვმართებს.
2. გამჭვირვალე თეთრი ზედა და შავი ბიუსტჰალტერი - ეს გაცილებით ვულგარულია, ვიდრე თეთრი გამჭვირვალე ზედა თეთრი ბიუსტჰალტერით. შავი ზედა და შავი ბრა კი, როგორც ხედავთ, ერთმანეთს არანაკლებ უხდება.
3. კაბა, რომლის ზურგის ნაწილიდანაც ბიუსტჰალტერი ჩანს - ეს შეიძლება დასაშვებადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ ვიზუალურ ეფექტს რას ვუზამთ? ასეთი საქციელით ჩვენი ზურგი სულ სხვა ფორმას იღებს. უკან ჩახსნილი კაბის შემთხვევაში კი მოშიშვლებული, ლამაზი ზურგი გაცილებით მიმზიდველია. სილიკონის ბრა, რომელსაც შესაკრავი არ აქვს და პირდაპირ მაგრდება, შესანიშნავი გამოსავალია.
4. დაბალწელიანი შარვალი და მოკლე ტოპი - ეს უფრო მეტად მაშინაა არასწორი, როდესაც სიმაღლე ხელს არ გვიწყობს. ამგვარი გზით თავის დადაბლებაც კი არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში მაღალწელიანი შარვალი და მოკლე ტოპი იდეალური გამოსავალია. ამასთან ერთად, ეს ტრენდულია.
5. დაბალწელიანი შარვალი და ტანგა ტრუსი - ყველაზე უხერხული მომენტი სწორედ ისაა, როცა დახრა მოგვიწევს და ვფიქრობთ, რომ შარვალი საჭირო დონეზეა აწეული, არადა, ვცდებით.
ნათია ხუნაშვილი