წარმოიდგინე, დილით მაღვიძარის ხმამ ვერ გაგაღვიძა და მოგვიანებით, ნახევრად მძინარეს მოგიწია სამსახურში გაქცევა.
სახლიდან გიჟივით გავარდნილს მხედველობიდან გამოგრჩა უკუღმა ჩაცმული წინდა, სიჩქარეში დაშვებული შეცდომა კი მხოლოდ მაშინ შეამჩნიე, როცა უკვე მგზავრებით გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეაბიჯე. რა უხერხულია, არა? მაგრამ ასეთ დროს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიმორცხვო, პირიქით - თავი მაღლა ასწიე, დააჯერე გარშემო მყოფნი, რომ ეს არა დაუდევრობის შედეგი, არამედ უახლესი ტრენდია. შედეგი არ დააყოვნებს, ახალ ტრენდს მოდის მიმდევრები უმალ აითვისებენ.
თუმცა, საქმე იმაშია, რომ დიზაინერებმა უკვე დაიწყეს ტანსაცმლის გამოშვება, რომელიც მხოლოდ უკუღმა უნდა ჩაიცვა, ანუ ტანსაცმლის უკუღმა ტარების ტენდენცია უკვე აქტუალურია!
ამობრუნებულ სამოსს არაერთმა ბრენდმა მიანიჭა უპირატესობა წლევანდელ შემოდგომაზე. ეს გიჟური ტრენდი, რომელიც ნელ-ნელა უფრო და უფრო აქტუალური ხდება, თავდაპირველად Unravel Project-ის მეშვეობით დაფუძნდა.
ყველა დროის ყველაზე არაორდინარული ტენდენცია - მუხლების ტერიტორიაზე დახეული, ღია ფერის, ამობრუნებული ჯინსები.
ასევე, არანაკლებ ორიგინალურია ამოყრილი ჯიბეები, თუნდაც, ფილოსოფიური წარწერით: "იმისთვის, რომ შექმნა რამე ახალი, პირველ რიგში, გაანადგურე/გადაყარე ყველაფერი ძველი". ასე რომ, თანამედროვე მოდის სტანდარტები საშუალებას გაძლევთ, გამოიყურებოდეთ მოდურად და ამავდროულად, დაზოგოთ თანხა. ამისთვის საკმარისია, შეიძინოთ მუდმივი მარკერი და ამოაბრუნეთ ძველი ჯინსები!
დიზაინერები, რომლებიც ტანსაცმლის უკუღმა ტარებას გირჩევენ, თვლიან, რომ ამ სტილს იდეალურად ეხამება ცალმკლავჩამოხეული სვიტერები.
მერიემ კაკაურიძე