სექტემბერსა და ოქტომბერში გარდერობის განახლება მოდის მიმდევართათვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია.
რა შევმატოთ გარდერობს, ანუ რა არის წლევანდელ სეზონზე აქტუალური? ერთად გადავავლოთ თვალი გლამურული ბრენდების საშემოდგომო კოლექციებს.
დროა, შეიცვალოთ დამოკიდებულება ცხოველების პრინტიანი სამოსის მიმართ. ზებრა და ლეოპარდი კვლავ ტრენდულია 2018 წლის შემოდგომასა და ზამთარში. გადახედეთ ვიქტორია ბექჰემის, კელვინ კლეინის, ჟივენშის, ბალენსიაგასა და ტომ ფორდის ბოლო მოდის ჩვენებებს და დარწმუნდებით.
თანამედროვე დიზაინერებმა მიიჩნიეს, რომ ქალი განსაკუთრებით სექსუალურია დიდი ზომის, "ჩაფუთნული" სტილის სამოსში.
ბალენსიაგამ საფუძველი ჩაუყარა მოკლემკლავიან, წვივამდე სიგრძის საღამოს კაბებზე მაღალყელიანი წინდების მოდას.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნათელი პლასტიკის ეფექტის ტანსაცმელი წელს პოდიუმის გასაღებია. ამ სეზონზე აუცილებლად შემატეთ გარდერობს ტყავის შარვლები, საწვიმარი პლაშები და სხვა, მბზინავი მატერიის სამოსი.
სასიამოვნო სიახლეები მათთვის, ვისაც სითბო და კომფორტი უყვარს - ბალაკლავამ გასაოცარი თავსაბურავების ტენდენცია შემოიღო ამ სეზონზე. იყო თბილად და ამავდროულად, გამოიყურებოდე მოდურად, შესანიშნავია! ეს იდეა კელვინ კლეინმა, გუჩიმ და პრენმაც აიტაცეს. დიორმა არჩია, მეტად საინტერესო ინტერპრეტაცია მიეცა ქუდისთვის - რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის დამატებით თბილი თავსაბურავი ბაიკერის ქუდს დაემსგავსა.
სრული, შალის მოსასხამები ფართო მკლავებით მარკ ჯეიკობსმა გამოიყენა. ლუი ვუიტონის შექმნილი შალის სამოსი წლევანდელი საშემოდგომო კოლექციიდან სწორედ ისეთია, ყველა ქალის გარდერობს რომ დაამშვენებს. არანაკლებ სასურველად გამოიყურება მიუ-მიუს მოსასხამებიც.
ალბათ, გსმენიათ, ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველი ახალიაო, არა? ეს სწორედ ამ შემთხვევაზეა ნათქვამი, რადგან კომუნისტების ეპოქაში პოპულარული კუბოკრული პლედების იდენტური ქსოვილისგან შეკერილი სამოსი ტრენდულია 2018 წლის შემოდგომაზე.
შეუძლებელია დააიგნორო წლევანდელ ლუქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული - კოუბოის ლუქი. იზაბელ მარანტის მოდის ჩვენება ჰაეროვანი კაბებითა და კოუბოის ბოტებით შემოსილმა მოდელებმა გახსნეს. ე.წ. კოუბოის ლუქი კელვინ კლეინისა და ფენდის ჩვენებებზეც დასამახსოვრებელი იყო.