ნინა სუბლატი ხშირად იცვლის იმიჯს, თუმცა, შეიძლება ითქვას, მის იმიჯში ყოველთვის არის დამახასიათებელი, უცვლელი შტრიხები. მომღერალი მაყურებელმა გოთური იმიჯით გაიცნო. ნინას აქვს რამდენიმე ტატუ და პირსინგი. ის ყოველთვის მზადაა სიახლეებისთვის და ძალიან მოსწონს მრავალფეროვნება.
2013 წელს ნინა სუბლატი „საქართველოს ვარსკვლავის“ მეშვეობით გაიცნო ქართველმა მაყურებელმა. 18 წლის ნინამ ლანა დელ რეის ჰიტი "blue jeans" შეასრულა. პირველ ქასთინგზე მის ჩაცმულობაში იგრძნობოდა არაორდინარულობა. წაბლისფერ თმას, სადა ჯინსსა და შავ მაისურს, შავად მოხატული თვალების, წითელი ტუჩსაცხისა და მეტალის აქსესუარების კომბინაცია გოთურ იერს სძენდა.
ნინამ "საქართველოს ვარსკვლავის" სიუჟეტში აღნიშნა, რომ არ უყვარს ერთფეროვნება და გაამართლა კიდეც თავისი სიტყვები. 2014 წელს აფრიკული ნაწნავები სცადა. ნაწნავები მომღერალს ძალიან მოუხდა.
ასევე, 2014 წელს ჩაწერილი ალბომის გარეკანზე, ნინა სუბლატი წითელი, მოკლე თმით გამოჩნდა.
2015 წელს ნინამ "ევროვიზიაზე" საქართველოს სახელით იმღერა. გოთური სტილისა და შავი ფერის კოსტიუმის გამო დიდი კრიტიკის ობიექტიც გახდა.
მოგვიანებით, ნინამ "კარე" და "ჩოლკა" სცადა.
ნინა სუბლატი 2016 წელს „X ფაქტორის“ ჟიურიში სხვადასხვა ქასთინგზე განსხვავებული ლუქებით იპყრობდა მაყურებლის ყურადღებას. ამავე წელს მან კიდევ ერთხელ შეიჭრა "ჩოლკა" და გაიკეთა წითელი ომბრე.
2017 წელს ნინამ კიდევ უფრო დაიმოკლა "ჩოლკა". შემდეგ შეიჭრა კვლავ "კარე". მომღერალი შესანიშნავად გამოიყურება "მატილდას ვარცხნილობით". ასევე ძალიან მოუხდა მომღერალს წითელი შინიონი.
დასამახსოვრებელია ნინას იმიჯი ღია ქერა ფერის წარბებით და ასევე ქერა "კარეთი" ირიბი "ჩოლკით".
ნინამ სოცქსელში 2018 წლის 4 სექტემბერს გამოაქვეყნა ფოტო ჰაშთაგით "იყავიმრავალფეროვანი". სურათის აღწერაში მომღერალმა შემდეგი ტექსტი დაწერა:
"ჩემთვის მრავალფეროვნებაა ის, ყველა ჭეშმარიტებას რომ უარყოფ იმისთვის, რომ სრულად დაიცალო და სამყაროს უფლება მისცე, თავისი სიგიჟით აგავსოს; როცა ბედნიერება და ბრუტალი ერთი ხდება და ისეთ რაღაცებს ეთამაშები, სულ რომ არ იცოდი და არ გჯეროდა მათი არსებობის. მრავალფეროვნებაა ის, რომ ამ თამაშებით არ ელოდო არანაირ შედეგს და წარმატებას, უბრალოდ, პროცესში ბავშვივით უგზო-უკვლოდ იტინგიცო. ეს ჩემი ინერ ვიჩი როსაურას სახეც, ალბათ, ერთგვარი მრავალფეროვნებაა.
პ.ს.
ამ კამპანიის მიზანია ქალების შესაძლებლობების, სიგიჟეების და იდენტობის მრავალფეროვნების ხაზგასმა. ფოტოსესიაში მონაწილეობა მივიღეთ 20-მა ქალმა და ჩვენთვის განკუთვნილი ჰონორარი გადაერიცხება რამდენიმე ობოლ გოგოს, პროფესიული სწავლების დასაფინანსებლად!!!
არ მოუსმინოთ სხვის იდეებს თქვენთან დაკავშირებით, გოგოებო. არ დაფიქრდეთ სტანდარტებზე. იყავით ისეთი ბედესები, როგორებიც ხართ და გადაეშვით თავგადასავლებში, დაივიწყეთ სქესები და ის აკეთეთ, რაც თქვენს სულს უნდა, გულსაც კი არ მოუსმინოთ..."