მოდის სახლმა "ფირდოუსმა", რომელიც ორი წლის წინ დააარსა ჩეჩნეთის მეთაურის ცოლმა მედნი კადიროვამ, გასულ კვირას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ტანსაცმლის ახალი კოლექცია წარმოადგინა - "ლედი ჩეჩნეთი", რომელიც სწორედ ჩეჩნეთის პირველ ლედის ეძღვნებოდა.
გროზნოს დიზაინერებმა თავიანთი ნამუშევრები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანეს. ჩვენება არაბეთის ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროს ამფითეატრის სცენაზე მიმდინარეობდა, ჩეჩნეთის ნაციონალური სახელმწიფო ანსამბლი "ვაინახის" მომღერლების გამოსვლის თანხლებით.
სულ 70-ზე მეტი საღამოს და ყოველდღიური მუსლიმანური სამოსი იყო წარმოდგენილი - ხავერდის, შიფონის, აბრეშუმისა და ფრანგული მაქმანის, აღმოსავლურ სტილში მოქარგული და ნახევრად ძვირფასი ქვებითა და კრისტალებით მორთული.
- დარწმუნებული ვარ, ეს პირველი ნაბიჯია მოდის სამყაროს დასაპყრობად ახლო აღმოსავლეთში, - ამბობს მედნი კადიროვა, რომელსაც აშკარად შორს მიმავალი გეგმები აქვს.
სულ მალე კადიროვის ცოლი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადშიც გეგმავს კოლექციის ჩვენებას.
საინტერესოა, რომ ჩეჩნეთის კოლორიტული მეთაური, პუტინის მთავარი მეხოტბე რამზან კადიროვი სიამოვნებით უწყობს ხელს ცოლს ამგვარ წამოწყებებში.
"ჩვენი ქალები - ჩეჩნებიც, რუსებიც და სხვებიც - კარგად უნდა გამოიყურებოდნენ და კარგი იქნება, თუ მათ ლამაზად ეცმევათ".
კადიროვმა 32 წლის მედნი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს გაიცნო და ცოლადაც შეირთო. წყვილს ორი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი ჰყავს. სულ რამზან კადიროვი შვიდი შვილის მამაა.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)