სათვალე ის აქსესუარია, რომლის სწორად შერჩევის შემთხვევაშიც ელეგანტურები და უფრო მიმზიდველები ვხდებით.
სწორედ ამიტომ, ჩვენ შევარჩიეთ ამ სეზონის ყველაზე ტრენდული სათვალეები ქართველი ცნობილი ქალბატონების მაგალითზე. ისინი ამ აქსესუარს ნამდვილად სწყალობენ და ხშირად აქვეყნებენ ფოტოებს საინტერესო სათვალეებით.
დიზაინერ ანუკი არეშიძეს „ინსტაგრამის“ მიმდევრები დიდი ხანია ყველაზე დახვეწილ და გემოვნებიან ქალბატონს უწოდებენ. ახალ სათვალესაც სწორედ ამგვარი გამოხმაურება მოჰყვა. სათვალე გამჭვირვალე მინით ისევ ტრენდულია. ამასთან, თუ თვალები ლამაზად გვაქვს მოხატული, ხაზს კიდევ უფრო გაუსვამს. ამ შემთხვევაში ღია ფერის სათვალე ანუკის თმის ფერს ძალიან მოუხდა.
სათვალეების მიმართ გულგრილი არც შორენა ბეგაშვილია. ის უპირატესობას ძირითადად ფერადმინიან სათვალეებს ანიჭებს, თუმცა ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი, მუქი ფერის მოდელი აირჩია. ეს სათვალე ადამიანებმა რა ხანია მსოფლიო მასშტაბით აიტაცეს და ამ სეზონზეც ძალიან პოპულარულია.
გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ფერადფილტრიანი სათვალეები უკანა პლანზე სულაც არაა. ამ შემთხვევაში სათვალე სადა, ოქროსფერი დეტალებითაა გაფორმებული. აღსანიშნავია ისიც, რომ მოცულობით სათვალეებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა. ამგვარი სტილის სათვალეებს ძირითადად სპორტული ჩაცმულობა უხდება.
სალომე ღვინიაშვილმა და ბიჭოლამ ნიუ-იორკში ახალი ფოტოები გადაიღეს და ჩანს, რომ მათაც არჩევანი შავი ფერის სათვალეზე გააკეთეს. მოკლედ, როგორც ხედავთ, ამ სეზონზე ბევრი დეტალით გაფორმებული, დახუნძლული სათვალეები მოდაში სულაც არ არის.
რაც შეეხება ქეთა თოფურიას, მომღერალი აქსესუარებს დიდი სიფრთხილით არჩევს ხოლმე. ცდილობს, რომ ყოველთვის შესამჩნევი და საინტერესო ლუქები ჰქონდეს. ამ სეზონზე ის უპირატესობას მთლიანად დაბურულ, შავ სათვალეებს ანიჭებს.