ცნობილი ქართველი ქალბატონები ყოველთვის ცდილობენ, რომ სტილით და ორიგინალურობით მისაბაძები იყვნენ.
ჩვენ შემოგთავაზებთ სეზონის ყველაზე ტრენდულ აქსესუარებს, რომლებიც აქტუალობას არ კარგავს და თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება.
გაზაფხული-ზაფხული სწორედ ის დროა, როცა ყველა ქალის ხასიათში იცვლება რაღაც. ეს რაღაც ზოგჯერ გარდერობის განახლებას, ახალ აქსესუარებს, ახალ მისწრაფებებს თუ მოლოდინს უდრის.
დიზაინერი ანუკი არეშიძე ამ სეზონზე თბილი ფერის სამოსს ანიჭებს უპირატესობას. აღსანიშნავია, რომ ის სადა, თეთრი და ოქროსფერი საყურეების მოყვარულია.
მაგრამ ამჯერად ყურადღება პატარა ჩანთაზე უნდა გავამახვილოთ. ამ სეზონზე სწორედ ამ ფორმისა და ზომის ჩანთებია აქტუალური. ამ შემთხვევაში ანუკის ჩანთა მინიატურულია და მასში ალბათ მხოლოდ რამდენიმე პატარა ნივთი ჩაეტევა, თუმცა ამგვარი ჩანთები ქალის სინაზეს კიდევ უფრო წარმოაჩენს.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ ნაზ ყელსაბამზეც, რომელიც სადაფით არის გაფორმებული.
ყელსაბამი პეპლის კულონით - სალომე ჭაჭუამ მშვენიერი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ფერად სარაფნებს სწორედ რომ ნაზი, მოკლე ყელსაბამი უხდება და არა ბევრი დეტალით გადატვირთული.
თუ მოდელ მიმი შელიას მსგავსად რამდენიმე აქსესუარის ერთმანეთთან შეხამება გიყვართ, მაშინ ეს მაგალითი გამოგადგებათ. თუ ორ ან მეტ ყელსაბამს გავიკეთებთ, მაშინ გარკვეული ბალანსი უნდა დავიცვათ. სხვადასხვა ფორმის და ზომის ყელსაბამები ერთმანეთს უფრო უხდება, ვიდრე მხოლოდ ერთნაირი ფორმის.
ამ სეზონზე არანაკლებ აქტუალურია მოცულობითი, ჯაჭვის ყელსაბამები. თაკო ნაცვლიშვილმა ეს აქსესუარი ცოტა ხნის წინ მოიხდინა და საკმაოდ წარმატებულადაც.