ზაფხულიც კარზე მოგვადგა და ჩვენ მზად უნდა დავხვდეთ.
საინტერესოა, 2019 წლის ზაფხულში ყველაზე მომხიბლავი ქალბატონები როგორი სამოსით მოიწონებენ თავს? რა თქმა უნდა არსებობს სხვადასხვა სტილი, გემოვნება, შეხედულება, მაგრამ ჩვენ შევარჩიეთ 5 ლუქი, რომელიც ზაფხულის ფერებშია და წელს ყველაზე ტრენდულად მოიაზრებენ.
ნაზი, გამჭვირვალე, ყვავილოვანი კაბები- სეზონის ყველაზე აქტუალური ტრენდია. საჭიროა შევარჩიოთ სწორად ის ფერები, რომლებიც ყველაზე მეტად გვიხდება. ნათელი ფერები და ნაზი ფაქტურა გაზაფხული-ზაფხულის პერიოდს ყველაზე მეტად ახალისებს.
გრძელი სარაფნები აქტუალობას სულაც არ კარგავს. ფერადი ელემენტები, თავისუფალი სტილი და გამოყვანილი წელი ქალის სილამაზეს ხაზს კიდევ უფრო მეტად გაუსვამს. კარგი იქნება, თუ სარაფანი გვერდზე ოდნავ ჩახსნილი იქნება, რომ უფრო იდუმალი იერი გვქონდეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხრები გამოკვეთილი იყოს და არა ჩაკარგული.
ვინტაჟური კაბები ამ სეზონის ერთ-ერთი მისაბაძი ტრენდია. "ქეჟუალ სამოსი" დახვეწილი ქალბატონების არჩევანია. მსგავსი კაბები 90-იან წლებშიც იყო მოდაში და როგორც ჩანს ძველი მოდა ახლებური სტილით გვიბრუნდება.
პატარა ზომის, სადა ჩანთებიც არ დავივიწყოთ, რომელიც ღია ფერის კაბებს განსაკუთრებით უხდება. თეთრი ფერის ზედას თუ ფერად ქვედაბოლოს შევუხამებთ ესეც მშვენიერი ვარიანტია. ღია ატმისფერ ტონში გადაწყვეტილი კლასიკური კაბა წვეულებასა თუ დაბადების დღეზე, აუცილებლად გამოგვადგება. თუმცა, ყველაფერი მაინც თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ როგორ სამოსში გრძნობთ თავს უფრო კომფორტულად.
არანაკლებ აქტუალურია მოწნული ჩანთები და გამჭვირვალე ფეხსაცმელი. მსგავსი სტილის და შეფერილობის სამოსი რუჯსაც ძალიან უხდება, ქალს კი თავისუფალს და ლაღს ხდის.