ჩვენ გადავხედეთ იმ ქართველი ქალბატონების ახალ ფოტოებს, რომლებიც დახვეწილი ჩაცმის სტილით გამოირჩევიან.
შემოდგომამ მათ ჩაცმულობაზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა. ჩანს, რომ ამ სეზონზე ბრჭყვიალა სამოსი ძალიან აქტუალურია.
ბევრი გოგონასთვის შემოდგომა ჯინსის ქურთუკის გარეშე წარმოუდგენელი რამ არის. გამონაკლისი არც მირანდა შელია აღმოჩნდა.
მიმის ცოტა ხნის წინ დაბადების დღე ჰქონდა და საყვარელ ადამიანთან ერთად აღნიშნა.
მოდელს ბრჭყვიალა, მოკლე ზედა და ჯინსის ქურთუკი ეცვა. ეს ორი რამ ერთმანეთისგან არც ისე შორსაა, იმ შემთხვევაში, თუ სწორად შევუხამებთ.
ამ სეზონზე ანუკი არეშიძის არჩევანი ატლასის სამოსია. დიზაინერი თავის კოლექციაშიც ხშირად წარმოგვიდგენს ატლასის კაბებს, რომელსაც მისი მეგობრებიც ირგებენ.
ანუკის კოლექციას ახალი, საკმაოდ საინტერესო დიზაინის ქურთუკი შეემატა, რომლის გასაყიდად ჩაშვებასაც გამომწერები მოუთმენლად ელიან.
მოდელმა ნინი გოგიჩაიშვილმა შემოდგომის ფერებს ღია ვარდისფერი შეუხამა. ტანზე გამოყვანილ მოსაცმელს საკმაოდ საინტერესო ჭრილიც აქვს, რომელიც სხეულს უფრო ლამაზად წარმოაჩენს. მსგავსი ტიპის სამოსი შემოდგომა-ზამთრის სეზონზე აქტუალურია.
გადავიდეთ სეზონის ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ სამოსზე. კაბა-კოსტიუმი ამ პერიოდში მართლაც რომ მოწოდების სიმაღლეზეა. ქართველი დახვეწილი ქალბატონების უმეტესობა სწორედ მას ირჩევს.
შემოდგომა და ჩაცმა დახვეწილი ქალბატონისთვის პიჯაკთანაც ასოცირდება. სადა, შავ პიჯაკს თუ ორიგინალურ სათვალეს და წარწერიან ზედას შევუხამებთ, შესაძლოა ძალიან საინტერესო ჩაცმულობა მივიღოთ.