ვცდილობთ, თვალი ვადევნოთ მოდის ტენდენციებს, რა იცვლება და პირიქით, რასაც ძირითადად Street Style-ის და მოდის ბლოგერების მაგალითზე ვიგებთ.
თუმცა ხშირად ხდება ისეც, რომ მოდის ბლოგერები ახალი სიტყვის თქმის ნაცვლად გაურკვეველ სტილს გვთავაზობენ.
ჩვენ შევაგროვეთ იმ ბლოგერების ფოტოები, რომელთა ჩაცმულობამაც მოწონება ვერ დაიმსახურა, რაც „ინსტაგრამზე“ არსებული კომენტარებიდანაც ნათლად ჩანდა. ერთი შეხედვით, დეტალები ცალკე აღებული შეიძლება მოდურადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ ფოტოებს კარგად დავაკვირდეთ.
„ვინ დააწესა ის, თუ რა უნდა მეცვას?“ ალბათ, ამასაც გაიფიქრებთ. ცხადია, ადამიანს უფლება აქვს, ეცვას ის, რაც სურს, თუმცა, როცა საქმე ადამიანებს ეხებათ, რომლებიც გვასწავლიან, როგორ ჩავიცვათ, ეს ყველაფერი უფრო საყურადღებო ხდება.
წინა პლანზეა წამოწეული ძვირფასი ჩანთების დაზეპირებული მოდელები, რაც ზედმეტად თვალშისაცემია.
მდიდრული ნივთები უფრო ჩანს, ვიდრე სწორად შერჩეული სტილი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მდიდრულ მანქანასთან დადგომა სტილის უმაღლეს მწვერვალზე ყოფნას სულაც არ ნიშნავს.
ამასთან, აქცენტი სპეციალურადაა გაკეთებული მკერდზე, ოღონდ არა სტანდარტულად. ჩაცმულობაზე მეტად სწორედ მკერდია თვალშისაცემი. მოდის ბლოგერი უნდა ცდილობდეს, რომ ბალანსი არ დაკარგოს და თუ დეკოლტეს წარმოჩენა უნდა, მას სამოსი სწორად შეუხამოს.
ისინი ცდილობენ, რომ მკაფიოდ ჩანდეს სხვადასხვა ბრენდის დასახელება და ამ შემთხვევაში რამდენიმე მოდელია წარმოჩენილი. ცხადია, ამ მხრივ ზომიერების დაცვა ცუდი არ იქნებოდა. თითქოს ამაზე ერთხმად იყვნენ შეთანხმებულები, რაც სოციალურ ქსელში საშინელ მიმბაძველობად იქცა.
ეს ყოველივე ანტიტრენდების სასწავლო სახელმძღვანელოს ემსგავსება, ვიდრე ტრენდების.
ფეხსაცმელების სამოსთან შეხამება კი ცალკე სიურპრიზია.