ყველასათვის ცნობილია, რომ მოდა ბრუნავს. დიზაინერები ხშირად უბრუნდებიან მოდის ძველ ტენდენციებს. მათი შთაგონების წყარო ხშირად გასული საუკუნის მოდაა. ამ მხრივ, არც 2020 წელია გამონაკლისი. წარმოგიდგეთ 90-იანი წლების მოდით შთაგონებულ ტენდენციებს, რომლებიც 2020 წელს იქნება აქტუალური.
1. მაღალწელიანი ჯინსის შარვალი
ჯინსი 2020 წელსაც არ კარგავს აქტუალობას. მაღალწელიანი, თავისუფალი ჯინსის შარვალი, რომელიც იდეალურად წარმოაჩენს თქვენს ფორმებს და თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ, ამ წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდის ერთ-ერთი ტრენდია.
2. კლასიკური პიჯაკი
ფართომხრებიანი გრძელი პიჯაკის დანახვაზე 90-იანი წლები გვახსენდება, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მსგავსი ლუქი იმ პერიოდში უნდა დავტოვოთ. თუ თქვენს გარდერობში მოიძებნება პიჯაკი, რომელიც დედისგან გერგოთ, არ გადააგდოთ, რადგან 2020 წელს ამ პიჯაკით ნებისმიერ შეხვედრაზე შეგიძლიათ მოიწონოთ თავი.
3. გრძელი, ფერადი მოსაცმელი
გაზაფხულის წვიმიან ამინდებს ისე არაფერი უხდება, როგორც ფერადი მოსაცმელი. 2020 წელს აქტუალურია ლურჯი და ვერცხლისფერი ფერები. გადმოალაგეთ თქვენი მშობლების გარდერობი და იქ აუცილებლად იპოვით 90-იანი წლების ამ არაჩვეულებრივ მოსაცმელს, რომელიც თქვენს ლუქს სიხალისეს შესძენს.
4. ატლასის სადა კაბა
ქალისთვის მნიშვნელოვანია, რომ მის გარდერობში იყოს კაბა, რომელიც მას თავდაჯერებულობას შემატებს. ეს ელეგანტური კაბა თქვენს გარდერობს აუცილებლად დაამშვენებს. სადა, მინიმალისტური ატლასის კაბა 2020 წელსაც ნამდვილად იდეალური არჩევანია განსაკუთრებული საღამოსთვის.
5. დაბალყელიანი ჩექმა
რაც უნდა იდეალურად აწყობილი ლუქი გქონდეთ, სწორად შერჩეული ფეხსაცმლის გარეშე თავდაჯერებული ვერ იქნებით. 90-იანმა წლებმა ფეხსაცმლის არაერთი მოდელი დაამკვიდრა. ერთ-ერთი მათგანი კი სქელქუსლიანი, ოთხკუთხედცხვირიანი, დაბალყელიანი ჩექმაა, რომელიც თანაბრად უხდება როგორც კლასიკურ, ასევე ყოველდღიურ ჩაცმულობას. დიზაინერები 2020 წელს სწორედ მსგავს ფეხსაცმელს ანიჭებენ უპირატესობას გაზაფხულის სეზონზე.
ნინელი აბულაძე
მარიამ ნებულიშვილი