როგორც ექსპერტები ამბობენ, კანის ფესტივალი სუნამოს ჰგავს - თქვენ შეგიძლიათ, დიდი ხნის განმავლობაში ისიამოვნოთ, „გასინჯოთ“ ყველა მხრიდან, და გააკეთოთ ახალი აღმოჩენები. ფესტივალი განსაკუთრებულია არამხოლოდ შერჩეული ფილმების, არამედ იქ მისული ვარსკვლავების გამოც, რომელთა კოსტუმებიც არანაკლებ საინტერესოა, როგორც თავად ფილმები.

წლევანდელი ფესტივალის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ სტუმრები დადგენილ წესებსა და „დრესკოდს“ არ ითვალისწინებენ. კანის კინოფესტივალის ტრადიციის თანახმად, დამსწრეებს უნდა ეცვათ სადად, კლასიკურად, ელეგანტურად, არა ეპატაჟურად და გამომწვევად. მიუხედავად ამისა, მოდის ტენდენციები ბევრად უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდა და არაერთი სტუმარი ვიხილეთ გამჭვირვალე, ზედმეტად სადღესასწუალო სამოსში, რომელიც სიშიშვლის ელემენტსაც შეიცავდა. ამ სტილის კაბა მოირგო ფრანჩესკა კარდინალემ, ასევე, პოპი დელევინიმ და ანჯელინა კალიმ.



ისმის ლოგიკური კითხვა - რა აიძულებთ ვარსკვლავებს, უარყონ დადგენილი წესები? დიზაინერები განმარტავენ, რომ გამჭვირვალე სამოსი და ნაწილობრივ სიშიშვლე სულაც არ ასოცირდება ეპატაჟურობასთან, პირიქით, ეს რომანტიკულობისა და სინაზის სიმბოლოა. როგორც ცნობილია, Dior-მა ამ ტრენდზე მთელი კოლექციაც კი ააგო. თუმცა, კანის კინოფესტივალის რამდენიმე დამსწრე, მათ შორის, მარინა რუი ბარბოზა, კამერების წინ არამხოლოდ შილიფად ჩაცმული გამოჩნდა, არამედ თეთრეულზეც უარი თქვა.

გამჭვირვალე საღამოს კაბებს რეკომენდაციას, Dior-თან ერთად, Valentino და Gucci-ც უწევენ. ეს სტილი დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა ცუდ ტონად, თუმცა ახლა, როგორც აღვნიშნეთ, ქალის სინაზესა და დახვეწილობას უსვამს ხაზს. მიუხედავად ამისა, ექსპერტები ზომიერების დაცვას მაინც გვირჩევენ და მიგვითითებენ, რომ „ტულის“ ნაჭერს სიფრთხილით მოვეკიდოთ.

საბოლოოდ, გამჭვირვალე - ეს არის ტენდენცია, რომელსაც გზა ყველაზე დიდმა მოდის სახლებმა გაუხსნეს და თანდათან უფრო იკიდებს ფეხს. სამოსთან ერთად, სწორი აქსესუარების შერჩევის შემთხვევაში, ასეთ საღამოს კაბას დაუვიწყარი ეფექტის მოხდენაც შეუძლია.
<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>