ანუკი არეშიძე უკვე წლებია, რაც გასცდა საქართველოს საზღვრებს და მისი სახელი დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც კარგად იციან. ანუკის სამოსი არაერთმა ცნობილმა სახემ მოირგო, მათ შორის, ჰეილი ბიბერმა, ირინა შეიკმა და პრიანკა ჩოპრამ. ამჯერად კი მის მიერ შექმნილ კაბაში ფოტოს ქართველი მუსიკოსი ქეთი მელუა აქვეყნებს.
„მადლობა ამ ბრწყინვალე კაბისთვის“ - წერს ქეთი მელუა „ინსტაგრამსთორიში“.
ქეთი მელუას კარიერაში გუშინ მნიშვნელოვანი დღე იყო, ქეთი ევროპული კულტურის პრიზით დააჯილდოეს. გალა-კონცერტი და დაჯილდოების ცერემონია გერმანიაში, ქალაქ ბონში გაიმართა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული პრიზი ასევე გადაეცა როკ-ჯგუფ Scorpions-ს, მუსიკოს დევიდ გარეტსა და სხვებს.
რაც შეეხება ქეთი მელუას, საღამოს ამსახველი ფოტოები მან სოციალურ ქსელშიც გაუზიარა გულშემატკივარს.
ბრენდ Anouki-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ბექა გვიშიანი ამბობს, რომ ქეთი მელუა მათ რამდენიმე თვის წინ დაუკავშირდა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა:
"ქეთი მელუა და მისი პროდიუსერები რამდენიმე თვის წინ დაგვიკავშირდნენ, გვითხრეს, რომ ქეთის ძალიან მოსწონს ანუკის კოლექციები და თავად გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდით და ქეთისთვის სპეციალურად შეიკერა სამოსი. ეს სამოსი სრულიად უსასყიდლოდ შეიკერა", - ამბობს ბექა გვიშიანი.
ქეთი მელუა საქართველოში დაიბადა, ცხრა წლის ასაკში კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ჩრდილოეთ ირლანდიაში გადავიდა. მან წმინდა ქეთრინის სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი დაამთავრა. ქეთი მელუამ პირველი ალბომი Call Off The Search 2003 წელს გამოუშვა. მომღერალმა გინესის რეკორდის დამყარებაც შეძლო, როცა ჩრდილოეთის ზღვაში, 303 მეტრის სიღრმეში ჩაატარა კონცერტი. ქეთის დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იცნობენ და უსმენენ. მისი მუსიკა განსაკუთრებით პოპულარულია დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, ნორვეგიაში, დანიასა და ისლანდიაში.