შემოდგომა ჩვენთვის წელს არც ისე თბილი და მზიანი აღმოჩნდა, როგორც ამას ვისურვებდით. ქუჩაში სულ უფრო მეტი ადამიანი დადის ზამთრის თბილი ქურთუკითა და ფეხსაცმლით, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ოქტომბერია. იმისთვის, რომ სუსხიანმა დღეებმა ხასიათი არ გაგიფუჭოთ, მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიოთ სამოსი და თავს თბილად და კომფორტულად გრძნობდეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ დატვირთული გრაფიკი გაქვთ და ხშირად გიწევთ სახლიდან გასვლა. ამის კარგ მაგალითს წარმოადგენენ ცნობილი ქართველი ქალები, რომლებიც საკუთარი სტილითა და გემოვნებით ყოველთვის გამოირჩევიან:
„მის საქართველო“ ირინა ონაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და გამომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს კადრებს სხვადასხვა გადაღებიდან. ამინდის ცვლილებასთან ერთად, ირინას „ლუქებში“ უფრო მეტად საშემოდგომო ფერები ჭარბობს. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მისმა ყავისფერმა პალტომ, რომელიც მოდელმა Dior-ის მიერ გამართულ ღონისძიებაზე მოირგო. ეს სადა, თუმცა ელეგანტური სამოსი ნამდვილად შესაფერისია სუსხიანი დღეებისთვის.
Miss Latex - ამ წარწერით გამოაქვეყნა კრისტი ყიფშიძემ ფოტოები, რომელთა წყალობითაც უამრავი კომპლიმენტი და დადებითი შეფასება დაიმსახურა. მისი განსხვავებული სტილი ამჯერადაც თვალშისაცემია, ხოლო მისი შავი პალტო ნებისმიერი ქალის გულს დაიპყრობს.
თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში ყოველთვის დახვეწილი და კლასიკური სამოსით ჩნდება. მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, ის ყოველთვის ახერხებს, გამოიყურებოდეს ელეგანტურად. ამას კი სადა და გემოვნებიანი სამოსით ახერხებს. სწორედ ასეთია პალტო, რომელიც თიკამ ამ სეზონზე მოირგო.
თაკო ჩხეიძემ გამომწერებს საშემოდგომო „ლუქები“ წელს ერთ-ერთმა პირველმა გაუზიარა. როგორც ჩანს, ამ სეზონზე მისი ფავორიტი ე.წ. ქეჟუალ სტილის თრენჩებია. თაკომ ჯერ მინიმალისტური სახის მქონე თრენჩი, შემდეგ კი განსაკუთრებით ტრენდური ყავისფერი ქურთუკი მოირგო და გამომწერებისგან არაერთი კომპლიმენტიც დაიმსახურა.
თაკო ჩხეიძის მსგავსად, ამ სეზონის ტრენდით, თრენჩით, მოხიბლულია მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილიც. ყავისფერი თრენჩი მისი საშემოდგომო სამოსის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ის არა მხოლოდ ყოვედღიურად, არამედ მნიშვნელოვან ღონისძიებებზეც ირგებს.