სამოსის შერჩევა ზამთარში განსაკუთრებით რთულია, რადგან მნიშვნელოვანია, რომ, ელეგანტურობასთან ერთად, ის თბილი და კომფორტულიც იყოს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ქართველი სელებრითი ამას შესანიშნავად ახერხებს და ცივ სეზონზეც ინარჩუნებს დახვეწილობასა და მრავალფეროვნებას. მათ შორისაა შორენა ბეგაშვილი, რომელიც გამორჩეული „ლუქებით“ გამომწერების მოწონებას ხშირად იმსახურებს. როგორც ფოტოებიდან ჩანს, შორენა ბეგაშვილი უპირატესობას შავ, თეთრ და ვარდისფერ ტონალობებს ანიჭებს და, მიუხედავად სუსხიანი ამინდებისა, თავად ყოველთვის ხალისიანად გამოიყურება.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ქეთა თოფურიას სტილიც, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ირგებს სპორტულ სამოსს. შორენა ბეგაშვილის მსგავსად, ფოტოებიდან ჩანს, რომ ქეთას საყვარელი ფერიც თეთრია. სცენაზე თუ მის მიღმა მომღერალი ხშირად ირჩევს თეთრი ფერის კაბებსა და აქსესუარებს. ზამთარში კი უპირატესობას ნაქსოვ, თბილ ზედებს ანიჭებს.
მოწონებას იმსახურებს მოდელ თაკო ჩხეიძის ზამთრის სტილიც, რომელიც გამოირჩევა კლასიკური ელემენტებითა და დახვეწილობით. როგორც ჩანს, ცივ სეზონზე თაკო უპირატესობას მუქ ფერებს ანიჭებს. მან გამომწერებისგან უამრავი კომპლიმენტი მიიღო, როცა ფოტოები შავი ხავერდის ზედასა და ტყავის შარვალში გამოაქვეყნა: „ძალიან დახვეწილი ქალი“, „ძალიან გემოვნებიან ხარ“, „საოცრად გამოიყურები“ - წერენ „ინსტაგრამზე“.
მომღერალი ნინი ბადურაშვილი ხშირად იმსახურებს დადებით შეფასებას გამორჩეული სტილის გამო. ნინი სცენასა და ტელეეკრანებზე ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება და ხშირად ირგებს კლასიკურ სამოსს, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი სპორტულ ორეულებსა და ფეხსაცმელსაც იდეალურად ირგებს. მისი გარდერობი საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა, როგორც ჩანს, სხვა ცნობილი სახეების მსგავსად, ზამთარში უპირატესობას ნინიც მუქ ფერებს ანიჭებს.
კიდევ ერთი მომღერალი, რომლის სტილიც გამორჩეულია, ბაბი კირკიტაძეა. ბაბი, უმეტესად, კლასიკურ სამოსს ირჩევს. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ის სულ უფრო ხშირად ირგებს წითელი ფერის სამოსს და გამომწერებისგან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს.